2023 წლის აგვისტოდან საპენსიო სქემის მონაწილეები საკუთარი დანაზოგების ინვესტირებას თავად შეძლებენ. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც მოსახლეობაში დიდი ინტერესს იწვევს. ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ვრცელი და დეტალური ინფორმაციის მისაღებად საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცერს — გოგა მელიქიძეს ვესაუბრეთ.
მოგვიყევით იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც საპენსიო სქემაში მიმდინარე წლის აგვისტოდან ამოქმედდება.
ცვლილება, რომელიც მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან განხორციელდება და მოქალაქეების მიერ საკუთარ საპენსიო დანაზოგების თავად ინვესტირებას გულისხმობს ახალი არ არის — ეს ეტაპი კანონში 2018 წლის აგვისტოდანვე იყო ჩადებული. თუ აქამდე მოსახლეობის საპენსიო დანაზოგები მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელებში იყო განთავსებული, ხელმისაწვდომი გახდება საშუალო და მაღალრისკიანი კატეგორიებიც, რომლებშიც ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილებას თავად ინდივიდები მიიღებენ. პორტფელებს შორის რისკიანობის დონის განმასხვავებელ ფაქტორს კი აქტივთა განაწილება წარმოადგენს.
ბუნებრივია, ეს ეტაპი ქმნის წინაპირობას, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია და წარსული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ავუხსნათ, თუ რას ნიშნავს რისკი და როგორ იზომება ის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ რაც შეიძლება გამარტივებულად ავუხსნათ რისკსა და მომგებიანობის შორის არსებული კავშირი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, რისკის პროფილის განსაზღვრისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ასაკია. მაგალითად, თუ ინვესტორის ასაკი 40 წელზე ნაკლებია და იგი პენსიაზე 65 წლის ასაკში გადის, მას საკუთარ თავზე მაღალი რისკის აღება შეუძლია, 40-50 წლამდე ადამიანისთვის სასურველია, საშუალო რისკიანობის დონეზე ფოკუსირდეს, ხოლო 50+ ასაკის შემთხვევაში რეკომენდებულია დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის ფლობა. თუმცა, რისკის პროფილის განსაზღვრისას, ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი კრიტერიუმი.
საპენსიო სქემის მონაწილე უკვე არსებული პორტფელებიდან აკეთებს არჩევანს, თუ თავად აკომპლექტებს მას სასურველი აქტივებით?
პორტფელები, ასე ვთქვათ, მზა სახით არის მოცემული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელმისაწვდომი იქნება 3 კატეგორიის პორტფელი — დაბალრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი. საპენსიო სქემის მონაწილეები კი შეძლებენ როგორც მათგან ერთ-ერთის არჩევას, ასევე მათ კომბინაციაში ინვესტირებას. ეს უკანასკნელი უფრო გასაგები რომ იყოს, დავუშვათ, თქვენი საპენსიო დანაზოგი 10,000 ლარს შეადგენს, შეგიძლიათ ეს თანხა მთლიანად ჩადოთ თქვენთვის სასურველ ერთ პორტფელში, ან, მაგალითად, ასე გადაანაწილოთ: დაბალრისკიანი პორტფელი — 5,000 ლარი, საშუალორისკიანი — 3,000 ლარი, მაღალრისკიანი — 2,000 ლარი (ეს არის პირობითი გადანაწილება, რომლის მიზანიც მეტი თვალსაჩინოებაა).
კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, თქვენ ვერ განსაზღვრავთ პორტფელებში აქტივთა განაწილებას, თუმცა შეგიძლიათ არჩევანი არსებული 3 კატეგორიიდან ერთზე ან რამდენიმეზე გააკეთოთ.
უფრო ვრცლად ვისაუბროთ საინვესტიციო პორტფელის თითოეული ტიპის შესახებ.
დაბალი რისკიანობის საინვესტიციო პორტფელი სტაბილური მომგებიანობით ხასიათდება, რადგან ის უმეტესად საპროცენტო ინსტრუმენტებს (როგორებიცაა საბანკო ანაბრები და ობლიგაციები) მოიცავს, ხოლო უცხოურ ვალუტაში და გლობალურ აქციებში ინვესტირების წილი პორტფელის 20%-მდეა შეზღუდული.
მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაში დაგროვებული დანაზოგები უმეტესად უცხოურ ვალუტაში და გლობალურ აქციებში ინვესტირდება. ამასთან, დასაშვებია საპროცენტო ინსტრუმენტებში (დეპოზიტები, ობლიგაციები) ინვესტირებაც, თუმცა შედარებით მცირე წილით. ამ ტიპის პორტფელი გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალი, მზარდი მომგებიანობით ხასიათდება, ამიტომ მას შეიძლება მზარდი პორტფელი ვუწოდოთ. აუცილებელია აღინიშნოს, რომ აქციების ფასის შესაძლო მერყეობის გამო, ამ პორტფელს თან ახლავს შედარებით მაღალი რისკი. კანონის შესაბამისად, მზარდ პორტფელში შეიძლება უცხოური აქტივების წილი 60%-მდე გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, აქტივების ძირითადი ნაწილის ინვესტირება საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე, კომპანიების აქციებში განხორციელდება. ამასთან, მაღალრისკიანი პორტფელის 10%-მდე მოცულობის ინვესტირება შესაძლებელია „ალტერნატიულ“ აქტივთა კლასშიც. ეს უკანასკნელი მოიცავს ისეთ მაღალშემოსავლიან აქტივებს, როგორებიც არის საინვესტიციო ფონდები (კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდები, ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდები და სხვა), პირდაპირი სესხები და ა. შ. ამ ტიპის პორტფელი უფრო შეეფერება ისეთ ადამიანებს, რომლებიც უფრო რისკიანები არიან და ამის ხარჯზე გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი მოგების მიღება სურთ. ასეთ ადამიანებს ხშირად მიეკუთვნებიან ახალგაზრდები, რომლებსაც საპენსიო ასაკამდე რამდენიმე ათწლეული აშორებს.
საშუალორისკიანი პორტფელი ზემოთ ჩამოთვლილი ორი ტიპის ნაზავს წარმოადგენს, ამიტომ შეგვიძლია მას შერეული პორტფელი ვუწოდოთ. საშუალორისკიან პორტფელში შეიძლება უცხოურ აქტივთა წილი 40%-მდე გაიზარდოს. გარდა ამისა, „ალტერნატიული“ აქტივების კლასში ინვესტირება შერეული პორტფელის შემთხვევაშიც არის შესაძლებელი.
რატომ არ აქვს მონაწილეს უფლება, მის მიერ შერჩეული პორტფელი 1 წელზე ნაკლებ დროში შეცვალოს?
6 აგვისტოდან 1 თვის განმავლობაში (6 სექტემბრის ჩათვლით) საპენსიო სქემის მონაწილეს შეეძლება, სასურველი პორტფელი შეარჩიოს და როდესაც არჩევანს გააკეთებს, მომდევნო 1 წლის განმავლობაში მის კორექტირებას ვერ შეძლებს. ეს ე. წ. ჩაკეტვის პერიოდი საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს და საჭიროა იმისთვის, რომ შესაბამისი ტრანზაქციები განხორციელდეს — ეს ყველაფერი კი დიდ დროსთან არის დაკავშირებული.
თუ მოქალაქეები სასურველ პორტფელს თავად არ შეარჩევენ, მათი საპენსიო აქტივები ავტომატურად გადანაწილდება სხვადასხვა პორტფელში, ასაკის შესაბამისად. კერძოდ, გაწევრიანების მომენტისთვის:
- 40 წლამდე ადამიანების საპენსიო აქტივები აღმოჩნდება მზარდ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
- 40-50 წლის წევრების საპენსიო აქტივები — შერეულ (საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
- 50+ წლის მონაწილის საპენსიო აქტივები — დაბალი რისკიანობის პორტფელში.
სასურველი საინვესტიციო პორტფელის არჩევას მონაწილე შეძლებს როგორც თავისი პირადი ელექტრონული გვერდიდან (my.pensions.ge) ელექტრონული ხელმოწერის საშუალებით, ასევე იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში და საპენსიო სააგენტოს ოფისში.
რა გეგმები აქვს საპენსიო სააგენტოს მოსახლეობის უკეთ ინფორმირებასთან და ფინანსური განათლების ხელშეწყობასთან დაკავშირებით?
ფინანსური განათლება ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო საკითხია. არსებობს ასეთი პლატფორმა — „ფინედუ“, რომელიც ეროვნული ბანკის შექმნილია, სწორედ მათთან თანამშრომლობის ფარგლებში ვსტუმრობთ სკოლებს, უნივერსიტეტებს, ვხვდებით ბიზნეს მედიას, რეგიონალურ მედიას, ექსპერტებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და ყველა რგოლთან შესაბამის კომუნიკაციას ვამყარებთ. რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს სასაუბრო თემას, ამასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია ახლო მომავალში დაიწყება და, რაც მთავარია, ამას ექნება არა პერიოდული, არამედ უწყვეტი სახე, რათა საპენსიო სქემის მონაწილეებს სწორი, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დავეხმაროთ.