Netflix არის ამერიკული მედია კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ვიდეო სტრიმინგის გამოწერის სერვისს სთავაზობს. მისი ციფრული პლატფორმა გამომწერებს საშუალებას აძლევს, მოთხოვნისამებრ უყურონ სატელევიზიო სერიალებს, დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს. კომპანია მობილურ თამაშებსაც გვთავაზობს.
გასართობი ვიდეო კონტენტის სტრიმინგის მიმართულებით კონკურენცია გაძლიერდა ბოლო წლებში, როდესაც არაერთმა მედია გიგანტმა საკუთარი სტრიმინგ პლატფორმა გამოუშვა. Netflix-ის სერვისის კონკურენტებს წარმოადგენს Walt Disney-ის Disney+, Amazon-ის Prime Video, Apple-ის Apple TV+ და NBCUniversal-ის Peacock.
Netflix-ის ფინანსები
2023 წლის მეოთხე კვარტალში Netflix-ის შემოსავალი წლიურად 12.5%-ით — $8.83 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $8.72 მილიარდი). უოლ სტრიტის მოლოდინთან ერთად, ამ მაჩვენებელმა კომპანიის მენეჯმენტის მითითებებსაც გადააჭარბა. შემოსავლების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო გამომწერების რაოდენობის ზრდით და თითო გამოწერიდან მიღებული საშუალო შემოსავლის 1%-იანი მატებით.
მეოთხე კვარტალში გადამხდელი გამომწერების რაოდენობის ზრდამ 13.1 მილიონს მიაღწია. შედარებისთვის, 2022 წლის იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი 7.7 მილიონს შეადგენდა, ხოლო წინა კვარტალში — 8.8 მილიონს. უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინი კი 8.7 მილიონი იყო. Netflix-მა კვარტალი გლობალურად 260.3 მილიონი გადამხდელი გამომწერით დაასრულა, რაც წლიურად 13%-იან ზრდას წარმოადგენს.
გასული კვარტლის წმინდა მოგებამ $938 მილიონი, ანუ თითო აქციაზე $2.11 შეადგინა, რაც 1,658%-ით აღემატება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელს. თუმცა EPS ჩამორჩა როგორც ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.22-ს, ისე მენეჯმენტის მოლოდინს — $2.15-ს.
Netflix-ის ბიზნეს სეგმენტები
Netflix საკუთარი მომხმარებლების მონაცემებს არ ყიდის. კომპანიის შემოსავლის მთავარი წყარო გამოწერის სერვისია; თუმცა Netflix-მა დაბალფასიანი გამოწერის სერვისიც შემოიღო, რომელიც მოიცავს რეკლამას და კომპანია ფულს ამ მიმართულებითაც გამოიმუშავებს. სტრიმინგის სერვისები ხელმისაწვდომია სამ დონეზე: Premium, Standard და Standard With Ads.
მიუხედავად იმისა, რომ Netflix მუშაობს, როგორც ერთი ბიზნეს სეგმენტი, კომპანია შემოსავალს გამოიმუშავებს ოთხი ფართო რეგიონიდან: შეერთებული შტატები და კანადა; ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა; ლათინო ამერიკა; აზია-წყნარი ოკეანე.
შეერთებული შტატები და კანადა: 2023 წლის მეოთხე კვარტალში ამ რეგიონიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 3%-ით გაიზარდა და $3.9 მილიარდი შეადგინა.
ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა: გასულ კვარტალში ამ რეგიონის შემოსავალიც წლიურად 3%-ით გაუმჯობესდა და $2.8 მილიარდს მიაღწია.
ლათინო ამერიკა: ამ რეგიონში გამომუშავებულმა შემოსავალმა, 2022 წლის იმავე კვარტალთან შედარებით, 4%-ით — $1.2 მილიარდამდე მოიმატა.
აზია-წყნარი ოკეანე: ეს რეგიონი Netflix-ისთვის ყველაზე დაბალი შემოსავლის მომტანი აღმოჩნდა. ამ მაჩვენებელმა წლიურად 5%-იანი ვარდნა დააფიქსირა და $962 მილიონი შეადგინა.
Netflix-ის ბოლო მასშტაბური სიახლეები
2022 წლის მარტის დასაწყისში Netflix-მა შეაჩერა რუსეთში ოპერირება ამ ქვეყნის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას რუსეთში 1 მილიონი გამომწერი ჰყავდა.
2023 წლის მაისში Netflix-მა გამოუშვა ანგარიშის გაზიარების ფასიანი სერვისი, რომელიც გადამხდელ წევრებს საშუალებას აძლევს, მეტი ფულის გადახდის სანაცვლოდ, საკუთარ ანგარიშებზე წვდომა მისცენ იმ მომხმარებლებს, რომლებიც მათ სახლებში არ ცხოვრობენ. ადრე, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, თავისი Netflix ანგარიში სხვასთან გაეზიარებინა; თუმცა კომპანიის მენეჯმენტი მიხვდა, რომ ეს Netflix-ს შემოსავალს აკარგვინებდა. შესაბამისად, მმართველმა გუნდმა დაიწყო პროცესის შეჩერება და დამატებითი მომხმარებლების მონეტიზაცია.
Netflix-ის გამომწერებს, საკუთარი ანგარიშის სხვასთან გასაზიარებლად, მეტის გადახდა მოუწევთ. ამ დამატებითი გადასახადის მოცულობა დამოკიდებულია ლოკაციაზე და გამოწერის სერვისის ტიპზე (Premium, Standard და Standard With Ads).
გარდა ამისა, 2023 წლის აპრილში Netflix-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ტედ სარანდოსმა განაცხადა, რომ Netflix DVD-ის გაქირავების სერვისს შეწყვეტდა. გასული წლის 29 სექტემბერს კი ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.
Netflix იყო პიონერი სტრიმინგ სერვისებში, რომელმაც სახლში ფილმებისა და ტელევიზორის ყურების გამოცდილება შეცვალა. კომპანია სტრიმინგ პლატფორმების ბაზარზე „ბატონობდა“, სანამ თამაშში არ ჩაერთნენ ისეთი კონკურენტები, როგორებიც არის Amazon, Disney და Apple.
Netflix-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.