გასულ ოთხშაბათს სურსათის მიმწოდებელმა ამერიკულმა კომპანიამ — DoorDash-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა. კომპანიის ფინანსურმა შედეგებმა იოლად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზებს, რადგან შეკვეთები ორნიშნა ტემპით იზრდებოდა და DoorDash-მა თავის პლატფორმაზე უფრო მეტი მომხმარებელი მიიზიდა, რაც ასახავს მომხმარებლების მიერ გაწეულ მაღალ ხარჯებს და მათ მზადყოფნას, გადაიხადონ კომფორტისთვის.
კვარტალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დღემდე DoorDash-ის აქციების ფასი დაახლოებით 22%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 91%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული. თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანიის აქციების ფასი მაინც 55%-ით ჩამორჩება ყველა დროის მაქსიმუმს, რომელსაც მან 2021 წლის აგვისტოში — DoorDash-ის პირველადი საჯარო შეთავაზებიდან (IPO) დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ მიაღწია.
გასულ კვარტალში DoorDash-ის შემოსავალი წლიდან წლამდე დაახლოებით 10%-ით — $2.2 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.09 მილიარდი), ხოლო წმინდა ზარალმა მხოლოდ $75 მილიონი შეადგინა, ანუ ზარალი თითო აქციაზე $0.19 იყო (პროგნოზი — -$0.40). შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში კომპანიის წმინდა ზარალმა თითქმის $296 მილიონს მიაღწია.
ძლიერი შემოსავალი ასახავს აშშ-ის სამომხმარებლო დანახარჯების ჯანსაღ მდგომარეობას — გასული კვარტლის განმავლობაში DoorDash-ის მომხმარებლები განაგრძობდნენ ფულის ხარჯვას კომპანიის სერვისებზე მიუხედავად მუდმივი მაღალი ინფლაციისა. მართალია, DoorDash გაფართოვდა საზღვარგარეთ, მათ შორის კანადაში, ავსტრალიასა და ახალი ზელანდიაში, მაგრამ ბოლო კვარტლის შედეგების გათვალისწინებით მისი შემოსავლის დაახლოებით 93% კვლავ აშშ-ზე მოდის.
მესამე კვარტალში DoorDash-ის აპლიკაციასა და ვებგვერდზე დაახლოებით 543 მილიონი შეკვეთა განთავსდა, რაც გასული წლის იმავე მეოთხედთან შედარებით 24%-იან ზრდას წარმოადგენს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები არ არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც რესტორნებში საჭმელს უკვეთავენ.
„გარდა რესტორნებისა პლატფორმაზე 100,000-ზე მეტი მაღაზია გვაქვს. და როდესაც კომფორტის, სასურსათო ან ალკოჰოლის სეგმენტებს ვაკვირდებით ვხედავთ, რომ აშშ-ში ამ ინდუსტრიაში ახალი მომხმარებლების თითქმის ნახევარი პირველი რიგში DoorDash-ს მიმართავს“ — განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა — ტონი ქსუმ.
Bloomberg Second Measure-ის ანალიზის მიხედვით, 2023 წლის სექტემბრისთვის, ბაზრის 65%-იანი წილით DoorDash საკვების მიწოდების უმსხვილესი კომპანიაა.
აღსანიშნავია, რომ DoorDash-ის მომხმარებლების რაოდენობის მომატებასთან ერთად კომპანიის სერვისებში მათ მიერ დახარჯული ფულის მოცულობაც გაიზარდა. ბაზრის მთლიანი შეკვეთების ღირებულებამ (GOV), ანუ პლატფორმაზე განხორციელებული ყველა შესყიდვის ღირებულებამ დოლარებში, წლიდან წლამდე 24%-ით მოიმატა.
DoorDash-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $92.50-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $96.94-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $130.00-ს, ხოლო მინიმალური — $51.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი DoorDash-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 18 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.