საფონდო ბირჟა ხშირად გვევლინება ქვეყანაში განწყობის მაჩვენებლად და მან შეიძლება გავლენა იქონიოს მთლიან შიდა პროდუქტზე (მშპ). მშპ ქვეყნის ეკონომიკის სიდიდის მაჩვენებელია, რომელიც კალენდარული წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა საქონლისა და მომსახურების გამომუშავებას ზომავს. საფონდო ბირჟის ზრდასა და ვარდნასთან ერთად იცვლება განწყობებიც ეკონომიკაში. განწყობის ცვლილებასთან ერთად კი იცვლება მოსახლეობის ხარჯები, რაც საბოლოოდ მშპ-ს ზრდას ან კლებას განაპირობებს.
სანამ შევძლებთ იმის განსაზღვრას, თუ როგორ მოქმედებს ბირჟები მშპ-ზე, ჯერ უნდა გადავხედოთ, რა განაპირობებს ეკონომიკის ზრდას. მაგალითად ავიღოთ აშშ, ქვეყანა, სადაც საფონდო ბირჟები ყველაზე განვითარებულია. აშშ-ის ეკონომიკის მშპ, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია ხარჯებითა და ინვესტიციებით. მშპ, როგორც წესი, გამოისახება ერთი პერიოდიდან მეორემდე პროცენტული ზრდის ტემპის სახით.
მაგალითად, კვარტლიდან კვარტალში ზრდის ტემპი შეიძლება იყოს 2%, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის ეკონომიკა ამ კვარტალში წლიდან წლამდე 2%-ით გაიზარდა. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ძირითადი კომპონენტი, რომლებიც მშპ-ს ქმნის:
- სამომხმარებლო ხარჯები, რომლებიც შეერთებულ შტატებში მთლიანი შიდა პროდუქტის მთავარი მამოძრავებელია.
- ბიზნეს ხარჯები, რომლებიც მოიცავს ახალი ქარხნებისა და აღჭურვილობის შესყიდვას, სამუშაო ძალის დაქირავებას, ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირებას, ახალი ოფისებისა და ქარხნების აშენებას.
- ექსპორტი — ადგილობრივი კომპანიების საერთაშორისო მასშტაბის გაყიდვები.
- სახელმწიფო ხარჯები — მოიცავს გზების, ხიდების მშენებლობას და სუბსიდიებს ინდუსტრიებისთვის, როგორიც არის სოფლის მეურნეობა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილზე ერთად შეიძლება გავლენა იქონიონ ინვესტორებმა — ნეგატიურად ან პოზიტიურად — საფონდო ბირჟის მეშვეობით.
საფონდო ბირჟა გავლენას ახდენს მთლიან შიდა პროდუქტზე, ძირითადად, ფინანსურ პირობებზე და ეკონომიკური გარემოსადმი მომხმარებელთა ნდობაზე ზემოქმედებით. როდესაც აქციები ზრდის ტენდენციაშია, ანუ ბირჟაზე bull market-ის პერიოდია, ეკონომიკისა და სხვადასხვა აქციების პერსპექტივების მიმართ დიდი ოპტიმიზმი ჩნდება.
თუ კომპანიები კაპიტალის მოსაზიდად ახალ აქციებს უშვებს, მათ შეუძლია ეს სახსრები ოპერაციების გაფართოებისთვის, ახალ პროექტებში ინვესტირებისთვის და მეტი სამუშაო ძალის დასაქირავებლად გამოიყენოს. შესაბამისად, კომპანიას ზრდისა და განვითარების შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევა. მთლიანობაში კი ყველა ეს აქტივობა, თავის მხრივ, მშპ-ს ზრდას უწყობს ხელს.
თუ მშპ იზრდება — რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკა კარგად მუშაობს — იმავე კომპანიებს შეუძლია დამატებითი თანხების მოზიდვა ბანკებიდან სესხების აღებით ან ახალი სასესხო ვალდებულებების გამოშვებით, რომლებსაც ობლიგაციები ეწოდება. ობლიგაციებს ინვესტორები ყიდულობენ, ხოლო მათგან მიღებულ სახსრებს კომპანია ბიზნესის გაფართოებისა და ზრდისთვის იყენებს; მთლიან შიდა პროდუქტს ეს პროცესებიც ზრდის.
აქციების ფასების ზრდასთან ერთად, ინვესტორებსა და მომხმარებლებს აქვთ მეტი სიმდიდრე და ოპტიმიზმი სამომავლო პერსპექტივების მიმართ. ეს ნდობა გადადის გაზრდილ ხარჯებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მსხვილი შესყიდვები, როგორიცაა სახლები და მანქანები. შედეგი იწვევს კორპორაციებისთვის გაყიდვებისა და შემოსავლების გაზრდას, რაც მშპ-ს კიდევ უფრო ზრდის.
პირიქით, როდესაც საფონდო ბირჟა ეცემა — ანუ ბაზარზე bear market-ის პერიოდია — ეს ნიშნავს, რომ აქციების ფასები მცირდება და ამან შეიძლება განწყობაზე უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს.
Bear market-ის პერიოდში ინვესტორები აქციების გაყიდვას ჩქარობენ, რათა თავიანთი ინვესტიციებიდან ზარალის მიღება თავიდან აიცილონ. როგორც წესი, ეს დანაკარგები იწვევს სამომხმარებლო ხარჯების შემცირებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რეცესიის შიში არსებობს. რეცესია ხშირად განისაზღვრება, როგორც ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში უარყოფითი მშპ-ს დაფიქსირება ან ამ მაჩვენებლის შემცირება.
მომხმარებლების მიერ საკუთარი ხარჯების შემცირებამ შეიძლება კომპანიების გაყიდვებსა და შემოსავლებს დიდი ზიანი მიაყენოს. კომპანიები, თავის მხრივ, იძულებულნი გახდებიან, ხარჯები და სამუშაო ძალა შეამცირონ. სამომხმარებლო ხარჯების კლებას ამძაფრებს უმუშევრობის ზრდა და გაურკვევლობა მომავალთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, კომპანიებს შეიძლება დაფინანსების ახალი წყაროს პოვნა გაუჭირდეთ, არსებული ვალის მართვა კი უფრო რთული გახდეს.
ყველა ეს ფაქტორი მომავლის პერსპექტივების მიმართ მომხმარებელთა და ინვესტორთა ნდობის დაკარგვას იწვევს, რაც საფონდო ბირჟაზე ნაკლებ ინვესტიციებს ნიშნავს. ნდობის დაბალი დონის გამო სამომხმარებლო ხარჯებისა და ინვესტიციების შემცირება საბოლოო ჯამში ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე უარყოფით გავლენას იქონიებს.
საფონდო ბირჟის გავლენა მშპ-ზე, როგორც წესი, უფრო ნაკლებად განიხილება, ვიდრე პირიქით, მშპ-ის ეფექტი საფონდო ბირჟაზე. მშპ-ს ზრდასთან ერთად კორპორატიული შემოსავლებიც იზრდება, რაც, შესაბამისად, აქციების ფასებს ზრდის.
საპირისპირო ხდება მაშინ, როდესაც მშპ ეცემა, რაც ბიზნესისა და მომხმარებლების მიერ ნაკლებ ხარჯვას განაპირობებს. ეს ბაზრების ვარდნას იწვევს. თუმცა, იქნება ეს bull market თუ bear market, საფონდო ბირჟას გააჩნია გარკვეული დონის გავლენა (თუმცა ირიბად) მშპ-სა და მთლიანად ეკონომიკაზე.