Advanced Micro Devices, ცნობილი როგორც AMD, ნახევარგამტარების მწარმოებელი გლობალური კომპანიაა, რომლის მრავალი ნაწარმიც ელექტრონულ პროდუქტებსა და სისტემებში გამოიყენება. კომპანიის მისიაა, შექმნას და სხვადასხვა ბაზარს მიაწოდოს მსოფლიოში საუკეთესო, მაღალხარისხიანი კომპიუტერული პროდუქტები და გადაწყვეტები.
ეს პროდუქტები მოიცავს ცენტრალური დამუშავების ერთეულებს (CPU), გრაფიკული დამუშავების ერთეულებს (GPU), დაჩქარებული დამუშავების ერთეულებს (APU), ჩიპსეტებს, მონაცემთა დამუშავების ერთეულებს (DPU), ხელოვნური ინტელექტის (AI) აქსელერატორებს და ადაპტირებად System-on-Chip (SoC) პროდუქტებს.
2024 წლის პირველ კვარტალში კომპანიის ზრდა მონაცემთა ცენტრებისა და კლიენტების ბიზნეს სეგმენტებმა განაპირობა.
AMD-ის მენეჯმენტი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტი საკვანძოა კომპანიის გადაწყვეტებისა და პროექტებისთვის.
AMD-ის ინდუსტრია
AMD ოპერირებს ნახევარგამტარების ინდუსტრიაში, რომელიც ტექნოლოგიური სექტორის ნაწილია.
AMD-ის მთავარი კონკურენტებია Intel და NVIDIA. სხვა გამოთვლითი და ტექნოლოგიური კომპანიები შეიძლება ნაკლებად სპეციალიზებულნი იყვნენ ნახევარგამტარების სფეროში, მაგრამ ბაზარს მაინც სთავაზობენ პროდუქტებს, რომლებიც AMD-ს ნაწარმთან თანაკვეთაშია, რაც მათ ამ კომპანიის კონკურენტებად აქცევს. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა International Business Machines (IBM).
სხვა კონკურენტები არიან:
- Taiwan Semiconductor Manufacturing;
- Broadcom;
- Applied Materials;
- Texas Instruments;
- Micron Technology;
- Arm Holdings;
- Analog Devices;
- NXP Semiconductors;
- Marvell Technology.
AMD-ის ფინანსები
ამჟამად AMD-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $249.93 მილიარდს შეადგენს და ამ მაჩვენებლით კომპანია მსოფლიოში 41-ე ადგილს იკავებს, ხოლო აშშ-ში — 29-ეს.
დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ როგორც სრული ფისკალური 2023 წლის, ისე მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს. ეს უკანასკნელი AMD-მ 30 აპრილს გამოაქვეყნა.
შემოსავალი
ფისკალური 2023 წლისთვის AMD-ის შემოსავალი 3.9%-ით — $22.68 მილიარდამდე შემცირდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა წლიურად 2.2%-ით დაიკლო და $5.47 მილიარდი შეადგინა.
საოპერაციო შემოსავალი
გასულ ფისკალურ წელს AMD-ის საოპერაციო შემოსავალი წლიურად 68%-ით — $401 მილიონამდე შემცირდა. 2024 წლის პირველ კვარტალში კი ამ მაჩვენებელმა 125%-ით მოიმატა და $36 მილიონს მიაღწია.
წმინდა მოგება
ფისკალური 2023 წლისთვის წმინდა მოგებამ წლიურად 35%-ით — $854 მილიონამდე დაიკლო, ხოლო 2024 წლის პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა 188%-იანი ზრდა განიცადა და $123 მილიონს მიაღწია.
შემოსავალი ბიზნეს სეგმენტებიდან
AMD-ს ოთხი ბიზნეს სეგმენტი გააჩნია: მონაცემთა ცენტრები, კლიენტები, თამაშები და „Embedded“ (ჩაშენებული). კომპანიას ასევე აქვს „All Other“ კატეგორია, რომლის მონაცემებიც არ ქვეყნდება. ის ძირითადად მოიცავს თანამშრომელთა აქციებზე დაფუძნებული კომპენსაციისა და შესყიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
მონაცემთა ცენტრები
ფისკალური 2023 წლისთვის, მონაცემთა ცენტრების სეგმენტის შემოსავალი 7.4%-ით — $6.49 მილიარდამდე გაიზარდა. საოპერაციო შემოსავალმა კი 31%-ით დაიკლო და $1.26 მილიარდი შეადგინა.
ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში კი ამ სეგმენტის შემოსავალმა $2.33 მილიარდს მიაღწია. შედარებისთვის, გასული ფისკალური წლის იმავე კვარტალში ამ მაჩვენებელმა $1.29 მილიარდი შეადგინა. მონაცემთა ცენტრების სეგმენტის საოპერაციო შემოსავალმა კი პირველ კვარტალში $541 მილიონს მიაღწია (გასული წლის პირველი მეოთხედი — $148 მილიონი).
ამ სეგმენტის პროდუქტები შექმნილია მონაცემთა ცენტრის ბაზარზე გამოთვლითი, ვიზუალურ მონაცემთა დამუშავებისა და AI სამუშაო დატვირთვის დაჩქარების საჭიროებებისთვის.
კლიენტები
ფისკალური 2023 წლისთვის კლიენტების სეგმენტის შემოსავალი 25%-ით — $4.65 მილიარდამდე შემცირდა, საოპერაციო ზარალმა კი $46 მილიონი შეადგინა (ფისკალურ 2022 წელს — -$1.19 მილიარდი).
ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში შემოსავალმა $1.36 მილიარდს მიაღწია (გასული ფისკალური წლის იმავე მეოთხედში — $739 მილიონი). საოპერაციო შემოსავალმა კი ამ პერიოდში $86 მილიონი შეადგინა (წინა წლის იმავე კვარტალში — $172 მილიონი).
კლიენტების სეგმენტში AMD ავითარებს ინტეგრირებულ და დაბალანსებულ გამოთვლით სისტემებს, რათა მომხმარებელს მიაწოდოს პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის გაუმჯობესებულ სტაბილურობასა და ენერგოეფექტიანობას, გაზრდილ წარმადობას.
თამაშები
ფისკალურ 2023 წელს თამაშების სეგმენტის შემოსავალი 9%-ით — $6.21 მილიარდამდე შემცირდა. საოპერაციო შემოსავალმა კი 1.8%-ით მოიმატა და $971 მილიონს მიაღწია.
ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში AMD-მ ამ სეგმენტიდან $922 მილიონის ოდენობით შემოსავალი მიიღო (ფისკალური 2023 წლის პირველ მეოთხედში — $1.75 მილიარდი). საოპერაციო შემოსავალმა $151 მილიონი შეადგინა (1 წლის წინ — $314 მილიონი).
AMD-ის გეიმინგ სეგმენტის პროდუქტები გამოიყენება გამოთვლითი მოწყობილობებისა და გასართობი პლატფორმებისთვის, როგორებიც არის დესკტოპ კომპიუტერები, ნოუთბუქები და ა. შ.
Embedded
გასულ ფისკალურ წელს Embedded სეგმენტის შემოსავალი 17%-ით — $5.32 მილიარდამდე გაიზარდა, საოპერაციო შემოსავალმა კი 16.6%-ით მოიმატა და $2.62 მილიარდს მიაღწია.
ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში ამ სეგმენტის შემოსავალმა $846 მილიონი შეადგინა (ფისკალური 2023 წლის პირველ მეოთხედში — $1.56 მილიარდი). კვარტალური საოპერაციო შემოსავალი კი $342 მილიონს გაუტოლდა, რაც ასევე ჩამოუვარდება ერთი წლის წინ დაფიქსირებულ შედეგს — $798 მილიონს.
Embedded სეგმენტი პასუხობს კომპიუტერული დამუშავების საჭიროებებს შემდეგ ბაზრებზე: საავტომობილო, სამრეწველო, ტესტირების, გაზომვის, სამედიცინო, სამაუწყებლო, პროფესიული აუდიოვიზუალური (ProAV), აერონავტიკის, თავდაცვის, კომუნიკაციების, უსაფრთხოების და ა. შ.
ისტორია და ხელმძღვანელობა
AMD 1969 წელს ჯერი სანდერსის და მისი კოლეგების მიერ დაარსდა. კომპანიის სათავო ოფისი სანტა კლარაში, კალიფორნიაში მდებარეობს.
AMD-ს დაარსებამდე ჯერი მუშაობდა Douglas Aircraft-ში, Motorola-სა და Fairchild Semiconductor-ში. პენსიაზე გასვლამდე, 1969-2002 წლებში იგი AMD-ის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
AMD-ში მუშაობის პერიოდში ჯერი სანდერსმა მრავალი პროფესიული აღიარება და ჯილდო მოიპოვა. მაგალითად, 1998 წელს მან მიიღო ნახევარგამტარების ინდუსტრიის უმაღლესი ჯილდო ლიდერობისთვის — Robert N. Noyce Award — Semiconductor Industry Association-სგან (SIA).
2001 წელს კი მან მიიღო Medal of Achievement American Electronics Association-ისგან, რომელიც აშშ-ში მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის უმსხვილეს ასოციაციას წარმოადგენს.
ამჟამად AMD-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ლიზა სუა. კომპანიის პრეზიდენტის თანამდებობას კი ვიქტორ პენგი იკავებს.