ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, HashiCorp-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. თუმცა პარასკევს ქლაუდ ინფრასტრუქტურის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აქციების ფასი 16%-ზე მეტით შემცირდა. როგორც ჩანს, ბაზარს არ მოსწონს HashiCorp-ის არსებული მომხმარებლებისგან შემოსავლების შენარჩუნების ტენდენციები.
მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 20%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტალში, რომელიც 31 ოქტომბერს დასრულდა, HashiCorp-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 17%-ით — $146.1 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $143.19 მილიონი). კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი $5.6 მილიონი შეადგინა, ანუ EPS $0.04 იყო (პროგნოზი — -$0.04). შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში, ამ მაჩვენებელმა -$0.13-ს მიაღწია. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი HashiCorp-მა თითო აქციაზე $0.20-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა და ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების პროგნოზს $0.09-ით აჯობა.
რატომ არ იყო ეს შედეგები საკმარისი?
HashiCorp-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — დეივ მაკჯანეტმა კომპანიის კვარტალურ შედეგებს სოლიდური უწოდა, მიუხედავად მუდმივი მაკროეკონომიკური წინააღმდეგობებისა.
მართლაც, HashiCorp-ის მომხმარებლების რაოდენობა წლიდან წლამდე 19.4%-ით — 4,354-მდე გაიზარდა. ხოლო იმ მომხმარებელთა რაოდენობამ, რომლებსაც კომპანიისთვის მინიმუმ $100,000-ის ოდენობით წლიური განმეორებადი შემოსავალი (ARR) მოაქვს, 15.4%-ით — 877-მდე მოიმატა. ისინი მთლიანი კვარტალური შემოსავლის 89%-ზე იყვნენ პასუხისმგებელნი.
გარდა ამისა, HashiCorp-ის თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა $5.7 მილიონი შეადგინა, ანუ შემოსავლის 4%. გასული წლის იმავე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი -$17.9 მილიონს აღწევდა.
თუმცა, ამავდროულად, HashiCorp-მა გამოავლინა, რომ მისი 12-თვიანი წმინდა შემოსავლის შენარჩუნების საშუალო მაჩვენებელი კვარტლის ბოლოსთვის 119%-მდე შემცირდა. წინა კვარტალში ეს მეტრიკა 124%-ს შეადგენდა, ხოლო გასული წლის იმავე მეოთხედში — 134%-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ HashiCorp-ის მოხმარების პირველი წლის შემდეგ არსებულმა კლიენტებმა კომპანიის სერვისებზე საშუალოდ 19%-ით მეტი დახარჯეს, თუმცა ინვესტორებს ის ფაქტი აღელვებთ, რომ გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი სტაბილურად მცირდებოდა.
„საიდუმლო არ არის, რომ ბაზრის პირობები კვლავ რთულია“ — განაცხადა დეივ მაკჯანეტმა კვარტალური ანგარიშის შემდეგ ანალიტიკოსებთან გამართული კონფერენციის დროს.
კომპანიის მეოთხე კვარტლის პროგნოზები ანალიტიკოსების შეფასებებს შეესაბამება
რაც შეეხება მომავალს, HashiCorp-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალურ მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $148-$150 მილიონს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EPS — $0.00-$0.02-ს. უოლ სტრიტის ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზები კი, შესაბამისად, $149 მილიონს და $0.01-ს შეადგენს.
ანალიტიკოსების შეფასებები
HashiCorp-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $21.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $26.23-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $38.00-ს, ხოლო მინიმალური — $20.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი HashiCorp-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 13 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.