Goldman Sachs რუსეთს ტოვებს და ხდება პირველი მსხვილი გლობალური საინვესტიციო ბანკი, რომელიც ამას აკეთებს მას შემდეგ, რაც გასულ თვეს ქვეყანა მეზობელ უკრაინაში შეიჭრა.
ხუთშაბათს, ბანკის წარმომადგენლებმა ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ რუსეთში ოპერაციების შეწყვეტაზე მუშაობენ. მათი განცხადებით, Goldman Sachs რუსეთში ბიზნესს მარეგულირებელი და სალიცენზიო მოთხოვნების შესაბამისად წყვეტს. ისინი ასევე ამბობენ, რომ ორიენტირებულნი არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლების მხარდაჭერასა და მათ კეთილდღეობაზე.
ეს ნაბიჯი არის რუსეთის მზარდი იზოლაციის უახლესი ნიშანი. ტექნოლოგიური ფირმები, მათ შორის Apple და Google, ასევე გადახდის ფირმები, როგორებიც არის Visa და Mastercard რუსეთის ბაზრის დატოვების კამპანიაში პირველები იყვნენ. ამას მოჰყვა საცალო ბრენდები, მათ შორის McDonald’s და Starbucks.
აშშ-ის მსხვილი ბანკების უმეტესობას მოკრძალებული ოპერაციები ჰქონდა რუსეთში – გეოგრაფიულად დიდ ქვეყანაში, შედარებით მცირე ეკონომიკით. 2021 წლის ბოლოსთვის, Citigroup-ს ყველაზე დიდი – $9.8 მილიარდის ტოლი ექსპოზიცია ჰქონდა. Bank of America-ს ანალიტიკოსების შეფასებით, Goldman-ის მთლიანი ექსპოზიცია $940 მილიონს შეადგენდა, მათ შორის საკრედიტო მიმართულებაზე $650 მილიონი მოდიოდა.
ამავდროულად ბანკები, მათ შორის JPMorgan Chase, Bank of America და Morgan Stanley, არ ასაჯაროებენ ინფორმაციას რუსეთში თავიანთი ექსპოზიციების შესახებ. ანალიტიკოსების აზრით, ამ ბანკებს რუსეთთან შეზღუდული ურთიერთობა აქვს.
Citigroup-მა გასულ წელს, კონფლიქტის დაწყებამდე ბევრად ადრე, გაასაჯაროვა რუსეთში თავისი ოპერაციების გაყიდვის გეგმები, როგორც სტრატეგიული რეკონსტრუქციის ნაწილი. მაგრამ ომმა კომპანია აიძულად რუსეთში სამომხმარებლო საბანკო ოპერაციები უფრო შეზღუდულად გაეტარებინა. საბოლოოდ კი, Citigroup შეიძლება იძულებული გახდეს ამ ქვეყანაში ბიზნესი უბრალოდ დახუროს.
Bloomberg-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკში დაფუძნებული Goldman Sachs რუსეთში თავის ოპერაციებს ხურავს, ის კვლავ ხელს უწყობს ქვეყანასთან დაკავშირებული სავალო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას.
ბანკში აცხადებენ, რომ ისინი გამყიდველებსა და მყიდველებს შორის შუამავლები არიან, ეხმარებიან კლიენტებს, რომ შეამცირონ რისკი რუსეთის ფასიან ქაღალდებზე, რომლებიც მეორად ბაზარზე მიმოიქცევა. ბანკის წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ არ ცდილობენ ამ თემით სპეკულირებას.