დღევანდელ სტატიაში ისტორიკოს სვიმონ მასხარაშვილთან ერთად განვიხილავთ ოქროს ისტორიულ დატვირთვას, ვისაუბრებთ ამ ძვირფას ლითონზე, როგორც დაგროვებისა და დივერსიფიკაციის საშუალებაზე. თუმცა სანამ ინტერვიუს ნაწილზე გადავალთ, გაგაცნობთ მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც საქართველოში ოქროში ინვესტირებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
საინვესტიციო ბაზრისა და აქტივების დივერსიფიცირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული საინვესტიციო ინსტრუმენტის — ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო.
ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომატებული ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ოქროში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო საშუალებაა, რომელიც მაღალი ლიკვიდურობით ხასიათდება და მოთხოვნა მუდმივად არსებობს. ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა, ვინაიდან მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება.
ოქროს სერტიფიკატი ოქროთი უზრუნველყოფილი უპროცენტო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს. ის გამყარებულია სერტიფიკატის ნომინალის იდენტური წონის ოქროს ზოდებით, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება. უმაღლესი სინჯის ზოდები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
სერტიფიკატის მფლობელს რამდენიმე უპირატესობა აქვს — მას შეუძლია სერტიფიკატის როგორც მეორად ბაზარზე გაყიდვა, ასევე მისი განაღდება და ეროვნული ბანკის საცავიდან კუთვნილი ოქროს ზოდის მიღება. ოქროს სერტიფიკატების შეძენას მომხმარებლები კომერციულ ბანკებში შეძლებენ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ოქროს სერტიფიკატის ფასი ოქროს საერთაშორისო ფასის ცვლილების შესაბამისად შეიცვლება/დადგინდება.
ოქროს სერტიფიკატებიც და ზოდებიც 20 გრამიანი და 1 კგ-იანი ნომინალის იქნება. 20 გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის შეძენა ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიიდანაც იქნება შესაძლებელი. საიტზე მომხმარებელი დეტალურად გაეცნობა ზოდების შესახებ ინფორმაციას და ფასს, რომლის დადგენაც ყოველდღიურად, ლონდონის ძვირფასი ლითონების ბაზრის ასოციაციის ვებ-გვერდზე (LBMA) დაფიქსირებული ფასით და ეროვნული ბანკის მიერ ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალური კურსის მიხედვით მოხდება. 1 კგ-იანი ნომინალის ოქროს ზოდის შეძენა კი საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრიდან იქნება შესაძლებელი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-13:00 სთ; 14:00-17:00 სთ).
სებ-ი დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის, The Royal Mint-ის მიერ დამზადებულ, მაღალი სინჯის (AU 999,9)ოქროს ზოდებს გამოუშვებს გაყიდვაში. The Royal Mint მსოფლიოს წამყვანი და მრავალწლიანი ისტორიის მქონე ზარაფხანაა, რომელიც ყოველწლიურად 60 ქვეყნისთვის ამზადებს პროდუქციას.
ოქროს სერტიფიკატებისა და ოქროს ზოდების გაყიდვა 4 დეკემბრიდან დაიწყო.
მიმდინარე წელს საერთაშორისო ბაზრებზე ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა. ანალიტიკოსთა პროგნოზით, 2024 წელს უნცია ოქროს ფასი 2 000 დოლარის ნიშნულთან შენარჩუნდება, 2025 წლისთვის კი 2 500 დოლარამდე გაიზრდება.
ოქრო, როგორც დივერსიფიკაციის საშუალება
სხვა სახის საინვესტიციო აქტივებთან ოქროს დაბალი კორელაციის გათვალისწინებით, ამ ძვირფას ლითონში ინვესტირება ტრადიციულად განიხილება, როგორც ჰეჯირების მეთოდი ეკონომიკური ვარდნის წინააღმდეგ. კერძოდ, ოქროს კორელაცია საფონდო ბირჟის ეფექტიანობასთან ისტორიულად დაბალია და, ამასთან, მისი ღირებულება აშშ დოლარის კურსის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. ეს ნიშნავს, რომ დოლარის სისუსტის პერიოდებმა შეიძლება ოქროს ფასის სიძლიერე გამოიწვიოს.
ოქროში ინვესტირება შეიძლება განსაკუთრებით კარგი საშუალება იყოს რთულ პერიოდებში საინვესტიციო პორტფელის დაცვის მიზნით. სწორედ ამ დასკვნამდე მივდივართ, ისტორიკოს სვიმონ მასხარაშვილთან საუბრის შემდეგაც. ჩვენ მას რამდენიმე კითხვა დავუსვით და ისტორიულ ჭრილში განვიხილეთ ამ ძვირფასი ლითონის როლი როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ინდივიდუალურ დონეზე.
სვიმონ, მოდით, პირველ რიგში ვისაუბროთ ოქროზე, როგორც დაგროვების საშუალებაზე.
ოქრო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ლითონია. ესთეტიკურ მიმზიდველობასთან ერთად, მას ძალიან კარგი სამკურნალო თვისებები ახასიათებს. ამასთან, რბილი ფაქტურიდან გამომდინარე, მარტივია მისი მცირე ნაწილებად დაყოფა. ისტორიულად ოქროს არა მარტო მორთულობისთვის იყენებდნენ, არამედ ის თავიდანვე ყოველთვის ძვირფას ლითონად ითვლებოდა — მის მიმართ ძალიან დიდი მოთხოვნილება და ინტერესი არსებობდა.
თავდაპირველად ის უფრო სამკაული, საგანძური იყო, ვიდრე გაცვლა-გამოცვლის საშუალება. მას, რა თქმა უნდა, თავიდანვე ფასი ჰქონდა, როგორც ძვირფას სამკაულს, მაგრამ პირველად ოქროს, როგორც დაგროვების საშუალებად გამოყენება ფიქსირდება ძვ. წ. VII საუკუნიდან და განსაკუთრებით ძვ. წ. VI საუკუნეში. ეს დაკავშირებულია ლიდიის ცნობილი მეფის, კრეზის სახელთან. მას წინ უსწრებს, ფრიგიის მეფე — მიდასი, რომელიც ასევე დიდი სიმდიდრით იყო სახელგანთქმული და იგი ოქროს მარაგს ფლობდა.
შემდეგი ეტაპი იყო ოქროს მონეტების მოჭრა, რაც ხდება დარიოს I-ის დროსაც, როდესაც აქემენიანთა ირანი ძლიერების ზენიტს აღწევს. ოქროს მონეტებზე გადასვლის მცდელობები რაღაც პერიოდებში რესპუბლიკის ხანაში რომსაც კი ჰქონდა. საერთოდაც, რომში ოქროს ნივთები ძალიან ძვირფას სამკაულებად ითვლებოდა. თუმცა ვალუტის ფუნქციას მთელი რომის ისტორიის მანძილზე ოქრო მაინც ვერ ატარებდა, რაც ამ ლითონის იშვიათობით და იმით იყო გამოწვეული, რომ მისი ეკვივალენტის განსაზღვრა ძალიან რთული იყო. მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში, აქემენიანთა და სასანიანთა ირანში, რომის რესპუბლიკასა და იმპერიაში, შემდგომში ბიზანტიის იმპერიასა და არაბულ სამყაროშიც ოქრო ყველაზე ძვირფას განძად ითვლებოდა. თუმცა ეს იყო უფრო რეზერვი, რომელიც ექსტრემალურ ვითარებაში ვალების დაფარვის, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ფუნქციას ასრულებდა.
საქართველოში რა ხდებოდა ამ დროს?
ძალიან საინტერესოა ზუსტად ამ პერიოდში საქართველო და ოქრო. ევროპაში ამ ძვირფასი ლითონის საბადოები ფაქტობრივად არ არსებობდა, ოქროს მარაგით მდიდარი ერთადერთი ევროპული ქვეყანა საქართველო იყო. ბერძნულ ისტორიულ წყაროებში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ოქროს მოპოვებაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულები ვიყავით — ყველამ კარგად ვიცით მითი ოქროს საწმისის შესახებ. ასევე ცნობილია უძველესი ქართული ტრადიცია, რომელიც მდინარეებში ცხვრის ტყავისგან დამზადებული სპეციალური ფილტრების მოთავსებას და ოქროს მარცვლების დაგროვებას გულისხმობდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეს ტრადიცია არასოდეს გამქრალა.
გარდა ამისა, რომაული წყაროების მიხედვით, ქართველი მეფეები ხშირად იყენებდნენ ოქროს, როგორც სხვა სახელმწიფოებთან მოლაპარაკების, დაზავების საშუალებას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო ამ მხრივ მდიდარი ქვეყანა იყო და ამას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ ოქროსა და ლალ-მარგალიტისთვის სპეციალური საცავი არსებობდა საქართველოში — ლეჩხუმში, ხვამლის მთაში. ამ საგანძურს ქართველი მეფეები რთულ პერიოდებში პოლიტიკური მოლაპარაკებებისთვის და ქვეყნის დასაცავად იყენებდნენ.
ერთია ის, რაც წარსულში ხდებოდა, მაგრამ უახლეს პერიოდში როგორ იქცა ოქრო ერთგვარ ფინანსურ მარაგად?
ყველაფერი შეიცვალა სამრეწველო გადატრიალების შემდეგ, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა სხვაგვარად ამოქმედდა და ცნობილმა მეცნიერმა — ისააკ ნიუტონმა ოქროს სტანდარტის მცნება შემოიღო. ამით მან ოქრო ფინანსურ მარაგად აქცია. ნიუტონმა წამოაყენა იდეა, რომ გარკვეული შემცველობის ოქრო გარკვეული მოცულობით უნდა ყოფილიყო შესაბამისობაში ფუნტ სტერლინგების განსაზღვრულ რაოდენობასთან. ანუ ბრიტანეთს მხოლოდ იმდენი ფუნტ სტერლინგი უნდა გამოეშვა, რა რაოდენობის ოქროს მარაგიც გააჩნდა ქვეყანას. ეს სტანდარტი საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა. XVIII საუკუნიდან კი ყველა ევროპულმა სახელმწიფომ ოქროს სტანდარტზე გადასვლა დაიწყო.
ეს პროცესი გაგრძელდა პირველ მსოფლიო ომამდე. ამ პერიოდში უკვე სერიოზულად აირია საერთაშორისო ურთიერთობები. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ოქროს დაგანძებას და მიმოქცევიდან ამოღებას, რასაც ბევრი ქვეყანა კრიზისამდე მიჰყავდა.
შემდეგ მნიშვნელოვანი მოვლენა დაკავშირებულია 1944 წელს ბრეტონ-ვუდსის სისტემის შემოტანასთან. ამ პერიოდისთვის აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში არსებული ოქროს მარაგის 75%-მა თავი აშშ-ში მოიყარა. აქედან გამომდინარე გაჩნდა ასეთი სტანდარტი: მსოფლიოს ყველა ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში უნდა განსაზღვრულიყო, ხოლო თავად დოლარის კურსი განპირობებული იყო აშშ-ის ოქროს მარაგით. ეს სისტემა 1971 წლამდე მოქმედებდა.
აქვე რისკებიც რომ განვსაზღვროთ: რამდენად შესაძლებელია ოქროს გაყალბება?
თუ ქიმიური კუთხითაც შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ოქრო ერთ-ერთი ყველაზე გაუყალბებელი ნივთიერებაა. ხელოვნურად მისი დამზადება შეუძლებელია. ოქროზე ნაკლებად გაყალბებადი და მეტად გარანტირებული განძი არ არსებობს. ამიტომ ოქროს, პერსპექტივაში, მითუმეტეს არსებული მსოფლიო პოლიტიკური სისტემიდან და ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, სრული პოტენციალი გააჩნია, რომ ისევ დაიბრუნოს ვალუტათა გამყარების ფუნქცია.
თუ მეორე მსოფლიო ომისა და სხვა რთულ ისტორიულ პერიოდებს დავაკვირდებით ან თუნდაც ყოფილ საბჭოთა სივრცეს განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა სწორედ ამ ოქროს მარაგებით (სამკაულების გაყიდვით) შეძლო თავის გატანა და გადარჩენა. აღსანიშნავია, რომ ასეთ მძიმე პერიოდში ოქრომ მაინც შეინარჩუნა ღირებულება.
ამასთან საგულისხმოა, რომ ქართულ სივრცეში, ოქროს სახით დანაზოგის დაგროვების კულტურა ჩვენთვის ძალიან ნაცნობი და ახლოა. დრომ გვიჩვენა, რომ სხვადასხვა ვალუტები გაუფასურდა, მაგრამ ოქროს ფასეულობა არ დაუკარგავს. გასაგებია, რომ მისი ფასი იცვლება, მაგრამ ის ღირებულებას ყოველთვის ინარჩუნებს. ისტორიულ მასალებს თუ გადავხედავთ, ვერსად ვერ ვიპოვით მაგალითს, რომ კრიზისის დროს ოქრომ ფასი დაკარგა.
შეიძლება ითქვას, რომ კერძო პირების მიერ ოქროს მარაგების დაგროვების პრაქტიკა უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან სახელმწიფოების შემთხვევაში ბევრი პრობლემა იჩენდა თავს და პროცესების მართვა უფრო რთული ხდებოდა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ოქროს კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა გააჩნდა. ეს ძვირფასი ლითონი წარმოადგენდა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გადაჭრის საშუალებას, სავალუტო სისტემების ჩამოყალიბების საფუძველს და ა. შ. დღესდღეობით კი ნებისმიერ ინვესტორს შეუძლია, ოქრო საკუთარი საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის და, რთულ ეკონომიკურ პირობებში, დაცვის საშუალებად გამოიყენოს.