გუშინ ცნობილი ავტომწარმოებლის — General Motors-ის აქციების ფასი 9%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიის მენეჯმენტმა $10 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა დააანონსა და მომავლის პროგნოზები განაახლა. მიმდინარე წლის განმავლობაში General Motors-ის აქციების ფასი დაახლოებით 7%-ით არის შემცირებული და, როგორც ჩანს, მდგომარეობის გამოსასწორებლად, მენეჯმენტი მოქმედებაზე გადასვლას კომპანიის დიდი ნაწილის შეძენით აპირებს.
ყურადღების ცენტრში მოექცა $10 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა, რომლის დასრულებასაც General Motors-ის მენეჯმენტი წლის ბოლომდე მოელის. თუმცა კიდევ უფრო დიდი სიახლე ის არის, რომ კომპანია მიმდინარე კვირის ბოლომდე $6.8 მილიარდის ღირებულების აქციებს გამოისყიდის. ეს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული გეგმაა, რომელიც კვირის ბოლომდე General Motors-ის დაახლოებით 17%-იანი წილის გამოსყიდვას გულისხმობს.
გარდა ამისა, General Motors-მა პროგნოზები განაახლა. ახლა მენეჯმენტი მოელის, რომ სრული 2023 წლის განმავლობაში კომპანიის წმინდა მოგება $9.1-$9.7 მილიარდს მიაღწევს, ხოლო EPS (მოგება თითო აქციაზე) $7.20-$7.70-ს შეადგენს.
General Motors-მა კვარტალური ანგარიში დაახლოებით 1 თვის წინ წარადგინა. ავტომწარმოებელი კომპანიის შემოსავალმა $44.1 მილიარდი შეადგინა, რამაც უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $42.62 მილიარდს გადააჭარბა. კორექტირებულმა EPS-მა $2.28-ს მიაღწია (პროგნოზი — $1.88), ხოლო GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილი EPS $2.20 იყო. ანალიტიკოსების პროგნოზს ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა — $0.37-ით.
ბოლო დროს General Motors-ს რთულ პირობებში უწევდა ოპერირება, რაც მუშაკების გაფიცვებთან იყო დაკავშირებული. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ყველა გავლენიანი ინვესტორის — უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ გასულ კვარტალში General Motors-ის 22 მილიონი აქცია გაყიდა. უორენ ბაფეტის კომპანიის ეს წილი ავტომწარმოებელში მეორე კვარტლის ბოლოს დაახლოებით $850 მილიონად იყო შეფასებული.
ამ ყველაფრის ფონზე საინტერესოა, როგორ იმოქმედებს მენეჯმენტის ძალისხმევა მომავალში კომპანიის აქციების ფასზე.
General Motors-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $32.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $44.76-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $90.00-ს, ხოლო მინიმალური — $25.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი General Motors-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 42%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა გაყიდვის რეკომენდაცია.