Nvidia (NVDA) აპროექტებს, ავითარებს და აწარმოებს გრაფიკულ პროცესორებს, ასევე შესაბამის პროგრამულ და აპარატურულ უზრუნველყოფას. კომპანიამ პიონერული როლი შეასრულა გრაფიკული დამუშავების ერთეულის (GPU) განვითარებაში. ეს პროდუქტი წარმოადგენს ჩიპის ან ელექტრონული სქემის ტიპს, რომელსაც შეუძლია გრაფიკის დამუშავება მისი ელექტრონულ მოწყობილობებზე ჩვენებისთვის. GPU-ები თავდაპირველად კომპიუტერის გრაფიკის ბაზრისთვის და ვიდეო თამაშების ინდუსტრიისთვის შეიქმნა. თუმცა ვინაიდან ამ პროდუქტს კომპლექსური გამოთვლების წარმოება შეუძლია, Nvidia-ს არქიტექტურა გახდა გადამწყვეტი ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტისთვის (AI), მანქანათმცოდნეობისთვის, ავტონომიური მანქანებისთვის, რობოტიკისთვის, გაძლიერებული (AR) და ვირტუალური რეალობებისთვის (VR), ასევე კრიპტოვალუტის მაინინგისთვის.
Nvidia-ს შტაბ-ბინა მდებარეობს სანტა კლარაში, კალიფორნიაში. ის არის წამყვანი კომპანია ნახევარგამტარების ინდუსტრიაში, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის ნაწილია.
Nvidia-ს მიზანია, ბაზრებს შესთავაზოს ტექნოლოგიური გადაწყვეტები სულ უფრო კომპლექსური გამოთვლითი გამოწვევების დასაძლევად. წლების განმავლობაში კომპანიის მთავარი აქცენტი ხელოვნური ინტელექტი (AI) იყო. ეს ტენდენცია გაძლიერდა ბოლო პერიოდში, რადგან AI განსაკუთრებით სწრაფად განვითარდა.
Nvidia-ს მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ მისი პროდუქციის ბაზარი განიცდის ინტენსიურ ტექნოლოგიურ ცვლილებას, ამასთან იცვლება ინდუსტრიის სტანდარტებიც.
გარდა ამისა, Nvidia ოპერირებს უკიდურესად კონკურენტუნარიან ბაზარზე, სადაც წარმადობა, პროდუქტის შეთავაზება, მომხმარებლებზე, პარტნიორებსა და სადისტრიბუციო არხებზე წვდომა გადამწყვეტი ფაქტორებია. მათთან ერთად მნიშვნელოვანია პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა, ინდუსტრიის სტანდარტებთან შესაბამისი API-ის (აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი) არსებობა, წარმოების უპირატესობები, პროცესორის ფასები და მთლიანი ხარჯები.
ვინ არიან Nvidia-ს კონკურენტები?
Nvidia-ს ჰყავს მრავალფეროვანი კონკურენტები ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში. ზოგიერთი მათგანი არის აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი და ლიცენზიის გამცემი, მაგალითად, Intel, Advanced Micro Devices (AMD) და Huawei.
Nvidia-ს ასევე კონკურენციას უწევენ ქლაუდ სერვისების კომპანიები, რომლებიც ქმნიან ხელოვნური ინტელექტის გამოთვლით ფუნქციებს. ასეთი ფირმებია: Alibaba Group, Alphabet, Amazon და Microsoft.
ვინ არიან Nvidia-ს დამფუძნებლები?
Nvidia დაარსდა 1993 წელს ჯენსენ ჰუანგის, კრის მალაჩოვსკის და კურტის პრიმის მიერ. ჯენსენ ჰუანგი Nvidia-ში პრეზიდენტის, აღმასრულებელი დირექტორისა და დირექტორთა საბჭოს წევრის თანამდებობებს იკავებს. სანამ კომპანიას მალაჩოვსკისთან და პრიმთან ერთად დააარსებდა, იგი LSI Logic-სა და Advanced Micro Devices-ში მუშაობდა.
თანადამფუძნებელი — კრის მალაჩოვსკი Nvidia-ს ტექნოლოგიური დირექტორია. სწორედ მან ითამაშა დიდი როლი კომპანიის საოცარ ზრდასა და განვითარებაში. კრისი მანამდე HP-სა და Sun Microsystems-ში მუშაობდა. ის არის ექსპერტი ინტეგრირებული მიკროსქემების დაპროექტებისა და მეთოდოლოგიის საკითხებში.
კურტის პრიმი კი 10 წლის განმავლობაში Nvidia-ს ტექნოლოგიური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, თუმცა მან კომპანია 2000-იანი წლების დასაწყისში დატოვა.
Nvidia-ს ისტორია
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Nvidia 1993 წელს დაარსდა. 1999 წელს კი კომპანიამ წარმოადგინა GeForce 256 და მას მსოფლიოში პირველი GPU უწოდა. იმავე წლის 22 იანვარს Nvidia-ს IPO (აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება) შედგა Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე — ჩიპების მწარმოებლის თითო აქციის ფასი მაშინ $12-ს შეადგენდა. დღესდღეობით კომპანიის GPU-ები მსოფლიოს უსწრაფესი სუპერკომპიუტერებისთვის გამოიყენება.
Nvidia იყო GPU/ASIC (Application-Specific Integrated Circuit) ტექნოლოგიის ადრეული შემქმნელი და ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ეს სპეციალიზებული ჩიპები მომხმარებელზე ორიენტირებულ პროდუქტად აქცია.
სწრაფი ფაქტი: 1995 წელს Nvidia-მ გამოუშვა მულტიმედია პროცესორი — NV1, რომელმაც კომპანიას $10 მილიონის მოცულობის ზარალი მოუტანა. შედეგად, Nvidia თითქმის გაკოტრებამდე მივიდა და მენეჯმენტი იძულებული გახდა, კომპანიის 80 თანამშრომლიდან ნახევარი გაეთავისუფლებინა. 2 წლის შემდეგ Nvidia-მ გამოუშვა გრაფიკული დამუშავების ერთეული (GPU) — RIVA 128. გამოსვლიდან ოთხი თვის განმავლობაში მისი გაყიდვების რაოდენობამ 1 მილიონს მიაღწია.
პირველი 20 წლის განმავლობაში კომპანია სპეციალიზებული იყო გრაფიკასა და თამაშებში. მისი ძირითადი პროდუქტი, GPU, ასევე ცნობილი გახდა, როგორც „გრაფიკული ბარათები“ და მათი გაყიდვა დაიწყო დანამატების სახით სამომხმარებლო კომპიუტერებისთვის. შეგიძლიათ ეს პროდუქტები შეიძინოთ და ისინი თქვენი კომპიუტერის დედა პლატას დაამატოთ, თუმცა ამისათვის გჭირდებათ დესკტოპ კომპიუტერი (და არა ლეპტოპი ან ტაბლეტი); ამასთან თქვენი კომპიუტერის დედა პლატა თქვენ მიერ შეძენილ GPU-სთან უნდა იყოს თავსებადი. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ განსაკუთრებით მომთხოვნი სათამაშო და გრაფიკული აპლიკაციები საჭიროებს ამ სახის აპარატურას, ამიტომ მომხმარებელთა ბაზა ყოველთვის შემოიფარგლებოდა გეიმერებითა და გრაფიკოსებით.
90-იან და 2000-იან წლებში NVIDIA ამ ნიშაში ინდუსტრიის სტანდარტად იქცა.
კომპანიის ისტორიის უმეტესი ნაწილის განმავლობაში, ასეთი იყო Nvidia-ს პოზიცია. ის გახდა ოქროს სტანდარტი სპეციალიზებული პროდუქტისთვის და კომპანიამ ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნახევარგამტარების ტექნოლოგიასა და წარმოების ტექნიკაში, რომლებიც ინდუსტრიაში გამოიყენება.
2000-იანი წლებიდან Nvidia გახდა გრაფიკული ბარათების მიმწოდებელი ვიდეო თამაშების კონსოლებისთვის — მათ შორის იყო Microsoft-ის X-Box და Sony-ის PlayStation. ამ ეპოქაში, კომპანიამ ასევე დაიწყო სხვა ინდუსტრიებში მოღვაწეობაც, მაგალითად, შექმნა გრაფიკული ჩიპები ავტომწარმოებლების ეკრანებისთვის.
2010-იან წლებში Nvidia-ს ბიზნეს მოდელი შეიცვალა. ამ ეპოქაში გაჩნდა სრულიად ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიები, რომლებიც უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებდნენ ერთ, მაღალი მოთხოვნის ამოცანებზე. ეს მოიცავდა კრიპტო მაინინგს, მონაცემთა დიდი მოცულობის შენახვასა და განაწილებას, ვიდეო სტრიმინგსა და ხელოვნურ ინტელექტს. ეს ინდუსტრია აქცენტს აკეთებდა ეფექტიან პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც მეტ სამუშაოს ასრულებდა ნაკლები აპარატურით და ის შესანიშნავად ერგებოდა NVIDIA-ს სპეციალიზებულ ჩიპსეტებს. ეს მიმართულება განსაკუთრებით წარმატებული იყო კომპანიის CUDA პროდუქციის ხაზის წყალობით, რომელიც გამოვიდა 2006 წელს და შეიქმნა კვლევაზე ორიენტირებული აპლიკაციებისთვის.
2010 წლიდან NVIDIA-ს ბიზნესი სტაბილურად მოძრაობს ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია კვლავ აწარმოებს სამომხმარებლო გრაფიკულ ბარათებს და, სავარაუდოდ, რჩება ინდუსტრიის ლიდერად ამ სფეროში, მისი ძირითადი შემოსავალი ახლა მონაცემთა ცენტრებიდან მოდის. კომპანიის უმსხვილესი კლიენტები ამჟამად მოიცავს ფირმებს, როგორებიც არიან OpenAI, Amazon, Alphabet, Meta და Tesla.
ფისკალურ 2022 წლამდე (დასრულდა 2022 წლის 30 იანვარს), ვიდეოთამაშები Nvidia-ს შემოსავლების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. იმ წელს სეგმენტმა კომპანიას $12.5 მილიარდის ოდენობით გაყიდვები მოუტანა, რაც Nvidia-ს მთლიანი შემოსავლის 46%-ს შეადგენდა. მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა — თუ როგორ, ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ნახავთ.
უფრო დეტალურად Nvidia-ს ბიზნეს მოდელისა და საკვანძო პროდუქტის შესახებ
Nvidia-ს ძირითადი ბიზნეს მოდელი წარმოადგენს სპეციალიზებული, მაღალი დონის კომპიუტერული პროცესორების წარმოებას. ამ ჩიპებს გრაფიკული დამუშავების ერთეულებს ან GPU-ს უწოდებენ.
GPU არის პროცესორის სპეციალიზებული ფორმა. ის მხარს უჭერს ცენტრალურ დამუშავების ერთეულს, ანუ CPU-ს, კონკრეტული, მაღალი დატვირთვის ამოცანების შესრულებით. ეს თქვენს კომპიუტერს საშუალებას აძლევს, ნორმალურად იმუშაოს და ასევე ხელი შეუწყოს მოთხოვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონირებას, რადგან ყველა სხვა პროცესის შეჩერების ნაცვლად, CPU-ს შეუძლია, ცალკეული, რთული გამოთვლები GPU-ს გადასცეს.
ცენტრალური დამუშავების ჩიპი შექმნილია იმისთვის, რომ ერთდროულად გაუმკლავდეს მრავალ სხვადასხვა ამოცანას და მისი დანიშნულება თქვენი კომპიუტერის მთლიანობაში ამუშავებაა. თუმცა, შედეგად, მას რჩება ნაკლები რესურსი ნებისმიერი სხვა მოცემული ამოცანისთვის. მაგალითად, CPU-ს შეუძლია ერთდროულად აწარმოოს თქვენი ოპერაციული სისტემის, ვებ ბრაუზერის და ტექსტური პროცესორის შედარებით მარტივი გამოთვლები. მაგრამ ძალიან რთული მოთხოვნების დამუშავებას დიდი დრო დასჭირდება, რამაც შეიძლება თქვენი კომპიუტერის მუშაობა შეანელოს. ამისათვის CPU იყენებს ფიზიკურ არქიტექტურას, რომელიც ცნობილია როგორც „სერიული დამუშავება“.
მეორე მხრივ, გრაფიკული დამუშავების ერთეული აგებულია ერთი სპეციალიზებული ამოცანის შესასრულებლად. მას შეუძლია მთელი თავისი რესურსი დაუთმოს ერთ გამოთვლას ამოცანის უფრო მცირე, განმეორებად ერთეულებად დაყოფით, მაგრამ ის ვერ უმკლავდება ერთდროულ მოთხოვნებს. მაგალითად, GPU-ს შეუძლია გაუმკლავდეს უაღრესად რთულ მათემატიკას სამგანზომილებიანი გამოსახულების ძალიან სწრაფად დამუშავებისთვის (ისტორიულად GPU-ების ყველაზე გავრცელებული გამოყენება), მაგრამ ის ძალიან ნელა იმუშავებს, თუ ოთხი სხვადასხვა პროგრამის გაშვება დაევალება. ეს არის ფიზიკური არქიტექტურა, რომელიც ცნობილია, როგორც „პარალელური დამუშავება“.
სახელწოდება „გრაფიკული დამუშავების ერთეული“ მომდინარეობს იქიდან, რომ თავდაპირველად GPU ძირითადად ვიდეო თამაშებში გრაფიკული დამუშავებისთვის გამოიყენებოდა. თავიდან ეს ჩიპები ცნობილი იყო როგორც „ASIC“. 1990-იან და 2000-იან წლებში ვიდეო თამაშებმა შექმნა მოთხოვნა მაღალი დონის სამომხმარებლო დონის აპარატურაზე და GPU-ებმა დაიკავა ნიშა ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
აღსანიშნავია, რომ Nvidia აწარმოებს დამატებით პროდუქტებს GPU-ს მიღმა, მათ შორის ლეპტოპების, ქლაუდ გამოთვლებისა და ქსელის აპარატურას. თუმცა კომპანია პირველ რიგში ცნობილია სპეციალიზებული ჩიპებით, რომლებიც მის ბრენდს ქმნის და შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.