გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Ferrari-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ცნობილი ავტომწარმოებლის აქციების ფასი 12%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 58%-ით გაუმჯობესდა.
გასული წლის მეოთხე კვარტალში Ferrari-ის გაყიდვები წლიურად 10%-ით — $1.65 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.5 მილიარდი). თითო აქციაზე მოგებამ (EPS) კი 34%-ით მოიმატა და $1.76-ს მიაღწია, რამაც საგრძნობლად გადააჭარბა უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.31-ს.
მეოთხე კვარტალში Ferrari-ის ავტომობილების გადაზიდვები წლიურად 2%-ით შემცირდა, თუმცა შემოსავალი 10%-ით გაუმჯობესდა, ხოლო საოპერაციო მოგება — 25%-ით. საოპერაციო მოგების მარჟა კი 24.4%-მდე გაიზარდა, შედარებისთვის, Tesla-ს იგივე მაჩვენებელი ამჟამად მხოლოდ 8.2%-ს შეადგენს.
მთელი წლის განმავლობაში კი Ferrari-ის გადაზიდვები 3%-ით გაიზარდა, გაყიდვები — 17%-ით, საოპერაციო მოგება — 32%-ით, ხოლო EPS 36%-ით — $7.49-მდე.
დიდი სიახლე
ძლიერი კვარტალური ანგარიშის გარდა, გუშინ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გავრცელდა. F1-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი — ლუის ჰემილტონი მომავალს წელს მერსედესიდან ფერარიზე გადაინაცვლებს და ავტომწარმოებელთან მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამასთან დაკავშირებით თავად ჰემილტონმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რაც კი ოდესმე მიმიღია“.
რას უნდა ველოდეთ Ferrari-სგან 2024 წელს?
ფერარის აღმასრულებელმა დირექტორმა — ბენედეტო ვინამ 2023 წელი ცნობილი საავტომობილო კომპანიისთვის ძალიან წარმატებულ წლად გამოაცხადა და მმართველი გუნდი შენელებას არც 2024 წელს გეგმავს.
Ferrari-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წელს გაყიდვები 7%-ით გაუმჯობესდება და $6.9 მილიარდს მიაღწევს. მმართველ გუნდს GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილი EPS-ის პროგნოზი არ წარმოუდგენია. თუმცა მოსალოდნელია, რომ კორექტირებული მოგება თითო აქციაზე დაახლოებით 9%-ით გაიზრდება და $8.14-ს შეადგენს. საოპერაციო მოგების მარჟები კი გასული წლის ანალოგიური იქნება.
ანალიტიკოსების შეფასებები
Ferrari-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $389.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $366.24-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $433.25-ს, ხოლო მინიმალური — $308.69-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ferrari-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Ferrari-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.