უძველესი ცივილიზაციების დროიდან თანამედროვე ეპოქამდე, ოქრო მსოფლიოს რჩეული ვალუტა იყო. დღესდღეობით ინვესტორები ოქროს ძირითადად პოლიტიკური არეულობისა და ინფლაციისგან თავის დასაცავად ყიდულობენ, რადგან მას სხვა აქტივთა კლასებთან დაბალი კორელაცია ახასიათებს. გარდა ამისა, ბევრი წამყვანი საინვესტიციო მრჩეველი რეკომენდაციას უწევს ოქროში ინვესტირებას პორტფელის საერთო რისკის შესამცირებლად.
ამ ძვირფას ლითონში ინვესტირების მრავალი საშუალება არსებობს, მათ შორის არის ოქროს ზოდების ან სამკაულების შეძენა, ფულის ერთობლივ საინვესტიციო ფონდებში, ფიუჩერსებში, ოქროს მომპოვებელ კომპანიებში დაბანდება.
ოქროს ზოდები, მონეტები და ძვირფასეულობა
ოქროში ფულის ამ სახით დაბანდება არის პირდაპირი ინვესტიცია ოქროს ღირებულებაში და ყოველი ცვლილება მის ფასში პროპორციულად შეცვლის თქვენი ქონების სიდიდეს. ინვესტორი შეიძლება ოქროს ფიზიკურად ფლობდეს ზოდების, მონეტების ან ნებისმიერი სხვა სახით. აღსანიშნავია, რომ ოქროს ზოდებზე, უმეტესად, უსაფრთხოების მიზნით სერიული ნომერია დატანილი.
ოქროს მონეტები ხშირად იჭრება უფრო მცირე ზომებში, რაც მათ ოქროში ინვესტირების უფრო მოსახერხებელ საშუალებად აქცევს.
ძვირფასეულობის შეძენა ოქროს ფლობის სასიამოვნო გზას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ, ინვესტიციის თვალსაზრისით, შეიძლება ეს ყველაზე მომგებიანი ნაბიჯი არ იყოს. როგორც ხელოვნების ფორმა, ოქროს სამკაულები ლამაზია, თუმცა როგორც ინვესტიცია, ისინი არც ისე საინტერესოა (თუ იუველირი არ ხართ).
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოქროს ფიზიკური ფორმით ფლობას თან ახლავს შენახვისა და დაზღვევის ხარჯები, რაც ინვესტორის მოგების პოტენციალზე ნეგატიურად აისახება.
ოქროს ETF-ები და ერთობლივი საინვესტიციო ფონდები
ოქროს ფიზიკური სახით შეძენის ერთ-ერთი ალტერნატივა ოქროზე დაფუძნებულ ETF-ში (მაგალითად, SPDR Gold Shares (GLD)) ინვესტირებაა. ამ სპეციალიზებული ინსტრუმენტების თითოეული წილი წარმოადგენს ოქროს ფიქსირებულ რაოდენობას, როგორიც არის, მაგალითად, უნციის მეათედი.
ამ ფონდებში ინვესტირება აქციების მსგავსად არის შესაძლებელი ნებისმიერი საბროკერო ანგარიშის საშუალებით. ამრიგად, ეს მეთოდი უფრო ადვილი და ეკონომიურია, ვიდრე ზოდების ან მონეტების ფლობა — განსაკუთრებით მცირე ინვესტორებისთვის. ასეთი ფონდების საშუალო წლიური ხარჯების კოეფიციენტები ხშირად დაახლოებით 0.61%-ს შეადგენს, რაც ბევრად ჩამოუვარდება მრავალი სხვა ინვესტიციის, მათ შორის ერთობლივი საინვესტიციო ფონდების უმეტესობის, საკომისიოებსა და ხარჯებს.
ინვესტორებმა უნდა იცოდნენ, რომ მხოლოდ რამდენიმე ერთობლივი საინვესტიციო ფონდია ფოკუსირებული მხოლოდ ოქროში ინვესტირებაზე — მათი უმეტესობა უამრავ სხვა საქონელსაც ფლობს.
ზოგიერთი ფონდი სამთო-მომპოვებელი კომპანიების ინდექსებში ინვესტირებით არის დაკავებული, ზოგის წარმადობა კი პირდაპირ არის მიბმული ოქროს ფასებზე. სხვა ტრადიციული ერთობლივი საინვესტიციო ფონდები, როგორც წესი, აქტიურად იმართება. ETF-ების წარმადობა კი ინდექსებზეა მიბმული და შესაბამისად ისინი ხარჯების დაბალი კოეფიციენტით ხასიათდება. ოქროზე ორიენტირებული ჩვეულებრივი ინდივიდუალური ინვესტორისთვის, როგორც წესი, ახლა ამ ძვირფას ლითონში ინვესტირების ყველაზე მარტივი და უსაფრთხო გზა ერთობლივი საინვესტიციო ფონდები და ETF-ებია.
ოქროს ფიუჩერსები და ოფციონები
ფიუჩერსი წარმოადგენს ხელშეკრულების სახეობას დადგენილ მომავალ თარიღში განსაზღვრულ ფასად კონკრეტული სასაქონლო აქტივის (ამ შემთხვევაში ოქრო) ან ფასიანი ქაღალდის ყიდვის/გაყიდვის ვალდებულების შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული თანხა შეიძლება დიდი იყოს, ფიუჩერსები უფრო შესაფერისია გამოცდილი ინვესტორებისთვის.
ოფციონი არის ფიუჩერსული კონტრაქტის დაუყოვნებლივ ყიდვის ალტერნატივა. ეს არის ხელშეკრულება, რომელიც მყიდველს აძლევს უფლებას, მაგრამ არ ავალდებულებს, კონკრეტულ ფასად გარკვეულ თარიღამდე იყიდოს ან გაყიდოს აქტივი.
ფიუჩერსული ინვესტიციისგან განსხვავებით, რომელიც ეფუძნება ოქროს ღირებულებას მოცემულ მომენტში, ოფციონის მინუსი არის ის, რომ ინვესტორმა უნდა გადაიხადოს პრემია ოქროს ძირითად ღირებულებაზე, რათა მას ოფციონის ფლობის საშუალება მიეცეს. ფიუჩერსებისა და ოფციონების არასტაბილური ბუნების გამო, ისინი შესაძლოა შეუფერებელი იყოს მრავალი ინვესტორისთვის. მიუხედავად ამისა, ფიუჩერსი, დიდი ოდენობით თანხის ინვესტირების დროს, ოქროს შეძენის ყველაზე იაფ (საკომისიო + საპროცენტო ხარჯი) საშუალებად რჩება.
ოქროს მომპოვებელი კომპანიების აქციები
ამ ძვირფას ლითონზე ფასის მატებით ოქროს მომპოვებელი კომპანიებიც ისარგებლებენ. ასეთი ტიპის ფირმების აქციებში ინვესტირება შეიძლება ეფექტიანი გზა იყოს ოქროსგან სარგებლის მისაღებად. ამასთან, ოქროს მომპოვებელ კომპანიებში ფულის დაბანდება, შესაძლოა, სხვა საინვესტიციო მეთოდებთან შედარებით, უფრო ნაკლებ რისკიანი იყოს.
ოქროს მომპოვებელმა კომპანიებმა შეიძლება უზრუნველყონ ოქროში ინვესტირების უფრო უსაფრთხო გზა, ვიდრე ეს ზოდების ან მონეტების პირდაპირი ფლობაა. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ცალკეული კომპანიების კვლევა და შერჩევა ინვესტორის მხრიდან გულმოდგინებას მოითხოვს.
ამრიგად, როგორც ვხედავთ, ოქროში ინვესტირების საკმაოდ მრავალი საშუალება არსებობს, ინვესტიციის კონკრეტული სახე კი შეიძლება დამოკიდებული იყოს კონკრეტული ინვესტორის საჭიროებებსა და პრეფერენციებზე. ოქრო არის ძვირფასი ლითონი, რომელიც ისტორიულად დიდი პოპულარობით სარგებლობს და დღეს ის შეიძლება მრავალ ინვესტორს საინვესტიციო პორტფელის გამრავალფეროვნებაში და რისკების დაბალანსებაში დაეხმაროს.