რა მოხდა?
გუშინ, აღმოსავლეთ ევროპის დროით სადაახლოებით ღამის 10 საათზე, რუსეთის სამხედრო ძალებმა მათ მეზობელ უკრაინაზე ყოვლისმომცველი შეტევა დაიწყეს. რუსული აქციების ფასის მკვეთრ ვარდნასთან ერთად, ევროპულ ბაზარსაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. გუშინ დილით ევროპული სამი მსხვილი ბანკის აქციებმაც განიცადა კრახი.
აღმოსავლეთ ევროპის დროით დილის 10:45 საათისთვის ასეთი მდგომარეობა იყო:
- ING Groep-მა 9.5%-ით დაიკლო;
- Deutsche Bank 7%-ით დაეცა;
- Lloyds Banking Group-მა ყველაზე მეტად – 13.2%-ით დაიკლო.
და რა?
S&P 500-მა და Dow Jones Industrial Average-მა ამ მომენტისთვის 1%-ზე მეტით დაიკლო, ამიტომ ბაზრის ღელვა გასაგებია და რუსულ ტანკებთან უფრო ახლოს ყოფნა უფრო მეტ ღელვას ნიშნავს. ING, Deutsche და Lloyds არის ევროპული ბანკები, ამიტომ სავსებით ლოგიკურია, რომ ამ სამი ბანკის აქციონერი ინვესტორები განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან.
ისინი არა იმიტომ ღელავენ, რომ რუსეთი უკრაინიდან დანარჩენ ევროპაშიც შეიჭრება. მათ, ალბათ, არც კი აწუხებთ ომის შედეგად მათი ბანკების რუსული და უკრაინული ბიზნესის შეფერხება. S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების მიხედვით, Deutsche Bank შემოსავლების 14%-ზე ნაკლებს იღებს რუსეთიდან, ხოლო უკრაინიდან, ალბათ – გაცილებით ნაკლებს, რადგან ეს ქვეყნები „დანარჩენი ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის“ უფრო ფართო კატეგორიაშია დაჯგუფებული. ING-ის რუსული და უკრაინული ექსპოზიცია წლიური შემოსავლების 1%-ზე ნაკლებია, ხოლო Lloyd ციფრების გამოქვეყნებაზე თავს არც კი იწუხებს.
შეიძლება ყველაზე დიდი შფოთის მომტანი ახლა სანქციები იყოს.
ახლა რა?
ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთზე სანქციების დაწესება ამ კვირის დასაწყისში დაიწყეს, როდესაც რუსული ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე პირველად გადავიდა. ახლა, როდესაც ნამდვილი ომი დაიწყო, სავარაუდოა, რომ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება, რაც რუსეთისთვის SWIFT-ის სისტემიდან გამოთიშვის პოტენციალს მოიცავს. ეს სისტემა ქვეყნებს შორის ფინანსური ტრანზაქციების საშუალებას იძლევა.
უკრაინამ ოფიციალურად მოითხოვა, რომ დაწესებული სანქციების სიაში პირველი სწორედ რუსეთის SWIFT სისტემისგან მოწყვეტა იყოს და თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ყველა ფინანსური კავშირი რუსეთსა და გარე სამყაროს შორის შეწყდება. დანამდვილებით ძნელი სათქმელია, რამდენად იმოქმედებს ეს ზემოთ ჩამოთვლილი ბანკების მდგომარეობაზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ბანკების ბიზნესის მხოლოდ მცირე ნაწილია რუსეთში, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გაურკვევლობა ჯერჯერობით მაინც გამოიხატება მათი აქციების გაუფასურების პროცესში.
მდგომარეობა ამ ბანკებისთვის შეიძლება გამოსწორდეს, როდესაც ინვესტორები გააცნობიერებენ, რომ ეს ევროპული ბანკები რუსეთში მხოლოდ მცირე მასშტაბებით საქმიანობენ, მაგრამ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამან მდგომარეობა მყისიერად შეცვალოს. მოკლედ, თუ თქვენ უკვე განიხილავდით ევროპულ ბანკებში ინვესტირებას, აქციების ფასის კლება შეიძლება შესანიშნავი შესაძლებლობა იყოს.