ილონ მასკი აცხადებს, რომ მსოფლიოს მეტი ნავთობი და ბუნებრივი აირი სჭირდება. როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც თავისი ქონება ელექტრომობილების წარმოებით დააგროვა, ამბობს, რომ მეტი ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოება არის საჭირო, ხალხისთვის ეს საყურადღებოა.
ნორვეგიაში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციაზე Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა: „რეალურად, ვფიქრობ, რომ მოკლევადიან პერიოდში ნავთობისა და ბუნებრივი აირის გამოყენება გვჭირდება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცივილიზაცია განადგურდება.“
მასკი განახლებადი ენერგიის მომხრეა, მაგრამ ის აღიარებს, რომ პლანეტის მზარდი ენერგიის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მსოფლიოს დასჭირდება როგორც წიაღისეული საწვავი, ასევე განახლებადი ენერგია და რომ განახლებად ენერგიაზე გადასვლას ათწლეულები დასჭირდება.
მასკი ამბობს: „ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც მსოფლიოს ოდესმე შეხვედრია არის გადასვლა მდგრად ენერგიაზე და მდგრად ეკონომიკაზე.“
რამდენად მართალია მასკი?
აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია მასკს ეთანხმება და პროგნოზირებს, რომ ნავთობისა და სხვა თხევადი საწვავის მოხმარება დღეში 99.5 მილიონი ბარელიდან (2022 წელი) 101.5 ბარელამდე (2023 წელი) გაიზრდება. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2040 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნა მაქსიმუმს მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ ნავთობზე მოთხოვნა საბოლოოდ შემცირდება, მაგრამ ეს 18 წლის შემდეგ მოხდება, ამიტომ ნავთობი კიდევ დიდხანს იქნება საჭირო, რადგან მოსახლეობის ზრდა და განვითარებად ქვეყნებში შემდგომი ეკონომიკური გაფართოება კვლავ განაპირობებს მოთხოვნას.
ამის გათვალისწინებით, დღეს შემოგთავაზებთ ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებელ სამ კომპანიას, რომელთა აქციების შეძენა და გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნება ინვესტორებს შეუძლიათ.
- Canadian Natural Resources
Canadian Natural Resources არის კანადის ერთ-ერთი წამყვანი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებელი კომპანია. მენეჯმენტი კაპიტალის აქციონერებისთვის დაბრუნების და ღირებულების შექმნის თვალსაზრისით დიდ ვალდებულებას იღებს. აქციის დივიდენდური სარგებელი 4%-ს შეადგენს და მენეჯმენტმა ცოტა ხნის წინ თითო აქციაზე 1.50 კანადური დოლარის ($1.15) ოდენობით სპეციალური დივიდენდი დააანონსა. სპეციალური დივიდენდი არის ჯილდო აქციონერებისთვის მას შემდეგ, რაც კომპანია მეორე კვარტალში ფულადი ნაკადები გააორმაგა.
Canadian Natural Resources ასევე მიზნად ისახავს თავისუფალი ფულადი ნაკადების 50%-ის აქციების გამოსყიდვისთვის გამოყენებას. როდესაც კომპანია წმინდა ვალს $8 მილიარდამდე შეამცირებს, ის აქციონერებისთვის ანაზღაურებას გაზრდის.
თუ ნავთობის ფასები დაეცემა, ამან შეიძლება Canadian Natural-ის გეგმები შეაფერხოს, მაგრამ კომპანია იმსახურებს დაფასებას 2022 წლის ნავთობის მაღალი ფასების შედეგად მიღებული მოგების აქციონერების დასაჯილდოებლად და ბალანსის გასაუმჯობესებლად გამოყენებისთვის.
2022 წლის ძლიერი მაჩვენებლის შემდეგაც კი კომპანიის P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი 9-ს ოდნავ აჭარბებს. წარმოების დაბალი ღირებულების, მიმზიდველი შეფასებისა და აქციონერებისთვის მაღალი ღირებულების შექმნის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, Canadian Natural Resouces შესანიშნავი გრძელვადიანი ინვესტიციაა.
- ExxonMobil
ExxonMobil მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინტეგრირებული უდიდესი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $400 მილიარდს აჭარბებს. კომპანია ზედიზედ 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იხდიდა დივიდენდებს და ბოლო 39 წლის განმავლობაში დივიდენდური ანაზღაურების ყოველწლიურად გაზრდა მოახერხა. Exxon-მა განაგრძო დივიდენდების გადახდა და გაზრდა მაშინაც კი, როდესაც სხვა ნავთობკომპანიებმა პანდემიის დროს დივიდენდები შეაჩერეს ან შეამცირეს.
გარდა ამ საიმედო ანაზღაურებისა, ExxonMobil აქციონერებს კაპიტალს აქციების გამოსყიდვის გზით უბრუნებს. მენეჯმენტმა ახლახან დააანონსა $30 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვა, რაც მისი წინა პროგრამის ზომას სამჯერ ზრდის და კომპანიის მიმდინარე საბაზრო კაპიტალიზაციის დაახლოებით 7.5%-ს უტოლდება. გარდა ამისა, ExxonMobil ინვესტიციებს დებს განახლებადი ენერგიის განვითარებად ტექნოლოგიებში.
- TotalEnergies
მიუხედავად იმისა, რომ Canadian Natural Resources-ის და ExxonMobil-ის აქციების ბაზარზე მიმზიდველი შეფასებებით მიმოიქცევა, TotalEnergies კიდევ უფრო იაფია. კომპანიის P/E 8-ზე ნაკლებია, ხოლო ფორვარდული P/E – 5-ზე.
TotalEnergies-ის დივიდენდური სარგებელი 5%-ს შეადგენს. კომპანია დაფასებას იმსახურებს იმით, რომ პანდემიის პერიოდში ევროპელი კონკურენტების – Shell-ისა და BP-ის მსგავსად დივიდენდები არ შეუმცირებია. გარდა ამისა, TotalEnergies აქციონერებს კაპიტალს აქციების გამოსყიდვის გზით უბრუნებს. გასულ კვარტალში კომპანიამ $2 მილიარდზე მეტი ღირებულების აქციები გამოისყიდა.
TotalEnergies-ს მსოფლიოში სიდიდით მეორე LNG (თხევადი ბუნებრივი აირი) ბიზნესი აქვს, რაც დადებითი ფაქტორია იმის გათვალისწინებით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, სავარაუდოდ, ბუნებრივ აირზე მოთხოვნა გაიზრდება. ნავთობისა და ბუნებრივი აირის გარდა, კომპანია ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის მიმართულებითაც ახორციელებს.
ეს სამი კომპანია მიმზიდველ ფასად გვთავაზობს შესაძლებლობას, რომ ნავთობზე და ბუნებრივ აირზე გაზრდილი მოთხოვნიდან მოგება მივიღოთ, ხოლო ამ პროცესში დამატებით დივიდენდური ანაზღაურებით და აქციების გამოსყიდვის პროგრამებით ვისარგებლოთ. მასკი თავისი მოსაზრებების გაზიარებას არასოდეს ერიდება და ამ შემთხვევაში ის აბსოლუტურად მართალი იყო: ნავთობი და ბუნებრივი აირი ჯერ კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური, რაც ამ წამყვან ენერგეტიკულ კომპანიებს მყარ გრძელვადიან ინვესტიციებად აქცევს.