გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Monday.com-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. თუმცა პროექტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აქციების ფასი 10%-ზე მეტით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 54%-ით გაუმჯობესდა.
ძლიერი შედეგები
მეოთხე კვარტალში Monday-ის შემოსავალი წლიურად დაახლოებით 35%-ით — $202.6 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $197.95 მილიონი). კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $0.65 შეადგინა (პროგნოზი — $0.32). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილი EPS $0.15 იყო და ამ მაჩვენებელმა უოლ სტრიტის პროგნოზს $0.50-ით გადააჭარბა.
Monday-მ კვარტალი დაასრულა 2,295 მომხმარებლით, რომლებსაც კომპანიისთვის ყოველწლიურად მინიმუმ $50,000-ის ოდენობით განმეორებადი შემოსავალი მოაქვთ. ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს 56%-ით აღემატება.
საერთო ჯამში, Monday-ისთვის მეოთხე კვარტალი ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, უოლ სტრიტი არ არის კმაყოფილი კომპანიის უახლოესი პერსპექტივებით.
მომავლის მოლოდინები
Monday-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე, პირველ კვარტალში კომპანიის გაყიდვები $207-$211 მილიონს მიაღწევს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი კი შეესაბამება ანალიტიკოსების პროგნოზს — $209 მილიონს. ამავდროულად, კომპანიაში მოელიან, რომ თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) $56-$60 მილიონს შეადგენს.
მენეჯმენტი ასევე პროგნოზირებს, რომ მთელი წლის განმავლობაში გაყიდვების მაჩვენებელი $926-$932 მილიონს მიაღწევს (უოლ სტრიტის პროგნოზი — $927.53 მილიონი), ხოლო FCF — $200-$206 მილიონს. კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი კი, სავარაუდოდ, $58-$64 მილიონს შეადგენს.
სრული წლის პროგნოზები მიგვითითებს, რომ პირველ კვარტალში ბიზნესის თავისუფალი ფულადი ნაკადების მარჟა და მოგების მარჟა შემცირდება. როგორც ჩანს, კომპანია ზრდის ხარჯებს იმ დროს, როდესაც ბაზარი უპირატესობას მომგებიანობას ანიჭებს. მენეჯმენტის პრიორიტეტებმა, შესაძლოა, დადებითი შედეგები გამოიღოს, მაგრამ ამჟამად უოლ სტრიტი ამ ნაბიჯით კმაყოფილი არ არის.
ანალიტიკოსების შეფასებები
Monday.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $212.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $226.77-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $270.00-ს, ხოლო მინიმალური — $180.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Monday.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Monday.com-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.