პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, Delta Air Lines-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. თუმცა, სავაჭრო დღის განმავლობაში, ავიაკომპანიის აქციების ფასმა 9%-ით დაიკლო. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ Delta Air Lines-ის მენეჯმენტმა შეამცირა 2024 წლის პროგნოზები ეკონომიკასა და კომპანიის მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული მიზეზების გამო. ავიაკომპანიაზე ასევე ნეგატიურად იმოქმედა ნავთობის ფასების ზრდამ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის მატებამ გამოიწვია.
გასული წლის განმავლობაში Delta Air Lines-ის აქციების ფასი დაახლოებით 22%-ით გაუმჯობესდა.
ფისკალური 2023 წლის მეოთხე კვარტალში ავიაკომპანიის შემოსავალმა და გაყიდვებმა უოლ სტრიტის პროგნოზებს პანდემიის შემდგომ პერიოდში მოგზაურობაზე მოთხოვნის მუდმივი ზრდის გამო გადააჭარბა. გასულ კვარტალში Delta Air Lines-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 11%-ით — $13.7 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $13.56 მილიარდი). თითო აქციაზე მოგებამ (EPS) კი $1.28 შეადგინა (პროგნოზი — $1.16).
Delta Air Lines-ის მენეჯმენტმა განმარტა, რომ ავიაკომპანიამ ისარგებლა ბილეთების საერთაშორისო გაყიდვებით — ამ მაჩვენებელმა, 2022 წლის იმავე კვარტალთან შედარებით, 25%-ით მოიმატა. გარდა ამისა, გასული მეოთხედის განმავლობაში Delta-ს ჰყავდა მეტი მგზავრი, რომელიც პრემიუმ ადგილებისთვის მეტ თანხას იხდიდა. ამ ბილეთების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი წლიდან წლამდე 15%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება მომავალს, Delta Air Lines-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ 2024 წლისთვის EPS $6-$7-ს შეადგენს. ადრე კომპანიაში ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი $7-ს გადააჭარბებდა. გასულ წელს კი კომპანიის EPS $6.25 იყო.
Delta Air Lines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ედ ბასტიანმა განაცხადა, რომ კომპანიის მმართველი გუნდი წინდახედულობას იჩენს. ისინი მიიჩნევენ, რომ კომპანიისთვის სავარაუდო შემაფერხებელი ფაქტორები შეიძლება იყოს ეკონომიკური პერსპექტივა, მიწოდების ჯაჭვის ირგვლივ შექმნილი გაურკვევლობა, ასევე თვითმფრინავების შეკეთებისა და ექსპლუატაციაში დაბრუნების სიჩქარე.
ედ ბასტენმა ასევე განაცხადა: „თვითმფრინავით მოგზაურობაზე მოთხოვნა კვლავ ძლიერია. ჩვენი მომხმარებელთა ბაზა ჯანსაღ ფინანსურ მდგომარეობაშია და მოგზაურობა მათი უმთავრესი პრიორიტეტია“.
Delta Air Lines-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $38.50-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $55.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $77.00-ს, ხოლო მინიმალური — $49.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Delta Air Lines-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 43%-იან ზრდას გულისხმობს.
Delta Air Lines-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.