ვერ უარვყოფთ, რომ Amazon-ის აქციები ბოლო წლების განმავლობაში ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი იყო. ელექტრონული კომერციის გიგანტი, რომლის აქციების ფასიც 2000 წლის ბოლოდან დღემდე 20,000%-ზე მეტით გაიზარდა, ამ პერიოდის განმავლობაში ბაზრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო.
თუმცა, წარსული შედეგები მომავალი წარმატების გარანტი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინვესტორი მომავალი 10 წლის განმავლობაში ამაზონს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებს, არ არსებობს გარანტია, რომ ეს იმედები გამართლდება. სერიოზული კონკურენტული გარემო ყალიბდება და კომპანია უფრო ახლოს არის ბაზრის გაჯერებასთან, ვიდრე რამდენიმე ათწლეულის წინ.
თუმცა, ჯერ კიდევ არის დადებითი ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ ხუთნიშნა მატება, შეიძლება, არ განმეორდეს, 2032 წლისთვის სამნიშნა ზრდა გამორიცხული ნამდვილად არ არის.
ეს ის Amazon არ არის, რომელსაც თქვენ იცნობთ
მიუხედავად იმისა, რომ 1995 წელს Amazon ჩამოყალიბდა, როგორც ონლაინ წიგნების მაღაზია, დიდი დრო არ დასჭირდა იმას, რომ კომპანია გარდაქმნილიყო მაღაზიად, სადაც თითქმის ყველაფერი იყიდება, რისი შეძენაც მომხმარებელს სურს.
BigCommerce-ის განცხადებით, ამაზონი ნებისმიერ მოცემულ მომენტში მომხმარებელს მინიმუმ 350 მილიონ პროდუქტს სთავაზობს. გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ამაზონი პირველი ადგილია, რომელსაც მომხმარებელი ონლაინ შესყიდვის განსახორციელებლად სტუმრობს.
Amazon-ის არსებული მიღწევების ფონზე, არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ის ზრდას შეწყვეტს. BigCommerce ასევე ამბობს, რომ ყოველთვიურად დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი ყიდულობს ამაზონზე პროდუქტებს. მიუხედავად ამისა, პლანეტაზე თითქმის 8 მილიარდი ადამიანია, რომელთა უმეტესობა ჯერ არ არის Amazon-ის რეგულარული მომხმარებელი.
პრობლემა ის არის, რომ კომპანიის მომხმარებელზე ორიენტირებული ონლაინ საცალო ვაჭრობის ბიზნესი არ არის უაღრესად მომგებიანი. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ქვემოთ მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს ამაზონის ჩრდილოეთ ამერიკის ელექტრონული კომერციის ფილიალის, საერთაშორისო ელექტრონული კომერციის ერთეულის და ქლაუდ გამოთვლითი განყოფილების – Amazon Web Service (AWS), საოპერაციო შემოსავლებს.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მოგება მთლიანად ონლაინ შოპინგზე მოდიოდა, 2018 წლიდან მისი ქლაუდ გამოთვლითი სერვისის წმინდა მოგება ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც მისი ჩრდილოეთ ამერიკის საცალო ვაჭრობის ბიზნესი. მართლაც, 2019 წლიდან AWS დიდ ფულს გამოიმუშავებს და აქედან მიღებული წმინდა მოგება უფრო მეტია, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკისა და საზღვარგარეთული ელექტრონული კომერციის ერთად.
როგორც ირკვევა, კომპანიის მომხმარებელთა მოზიდვა და ონლაინ შოპინგის გაფართოება ძალიან ძვირი ჯდება, ინფლაცია კი ამ საკითხს ამძაფრებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამას უბრალოდ მნიშვნელობა არ აქვს. ამაზონის ვებ სერვისები ბიზნესის ისეთ მონსტრად იქცა, რომ მას შეუძლია შეინარჩუნოს კომპანიის დანარჩენი ნაწილი, სანამ ახალბედა აღმასრულებელი დირექტორი – ენდი ჯასი ონლაინ შოპინგის ბაზრის მდგრადობაზე მუშაობს.
მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი ზრდა
მიუხედავად ამისა, ამაზონის ვებ სერვისებმა რეალური პოტენციალის მხოლოდ მცირედი გამოავლინა. კომპანია Technavio-ს (იკვლევს ტექნოლოგიურ ბაზარს) მიერ წარმოდგენილი მაჩვენებლები ყველაფერს ნათელს ჰფენს. Technavio-ს პროგნოზით, ქლაუდ გამოთვლების ინდუსტრია 2025 წლამდე წლიური 17%-იანი ტემპით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ Technavio-ს აზრით, მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკა, სადაც ამაზონს კონცენტრირებული აქვს ქლაუდ გამოთვლების ძალისხმევა, ამ ზრდის 40%-ს შეადგენს. წინა წლის ანგარიშში გამოჩნდა, რომ ამაზონმა რეკლამირებიდან $31.2 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა. მიუხედავად ამისა, eMarketer (გამოწერებზე დაფუძნებული ბაზრის კვლევის კომპანია, რომელიც ციფრული მარკეტინგის, მედიისა და კომერციის ტენდენციებს აფასებს) მიიჩნევს, რომ ამაზონი ამ მიმართულებით, მინიმუმ ორნიშნა სიდიდით გაიზრდება.
შესაძლებლობა, რომ გახდეთ მილიონერი
Amazon კვლავ არის ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანი, რომელსაც თქვენთვის მილიონი დოლარის მოტანა შეუძლია. მაგრამ იგივე საინვესტიციო გეგმა, რომელიც ადრე მოქმედებდა, ახლაც ძალაშია. კერძოდ, შეინარჩუნეთ საინვესტიციო პორტფელში დივერსიფიკაციის ოპტიმალური დონე და გააკონტროლეთ თქვენი მოლოდინები.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამაზონის აქციების ფასი მომდევნო 10 წლის განმავლობაში ისე გაიზრდება, როგორც 2000 წლიდან დღემდე, მაგრამ ამ კომპანიას ნამდვილად გააჩნია პოტენციალი, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ღირებულება გააორმაგოს ან თუნდაც გაასამმაგოს. მთავარია თქვენს ინვესტიციას ზრდის საშუალება მისცეთ.