გუშინ Cigna Group-ის აქციების ფასი თითქმის 17%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის დაზღვევის გიგანტმა Humana-ს პოტენციური შესყიდვის შეთავაზება გააუქმა და ამის ნაცვლად $10 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა დააანონსა.
მიმდინარე წლის განმავლობაში Cigna-ს აქციების ფასი დაახლოებით 6%-ით არის შემცირებული.
Cigna და Humana ვერ შეთანხმდნენ
გასული თვის ბოლოს Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Cigna-სა და Humana-ს წარმომადგენლები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს შერწყმის შესახებ. ამ გარიგების პირობების მიხედვით, Cigna-ს, Humana-ს შესაძენად, $140 მილიარდი უნდა გადაეხადა. თუმცა ინვესტორები ამ წინადადების პერსპექტივის მიმართ ნეგატიურად განეწყვნენ და სიახლის შემდეგ Cigna-ს აქციების ფასი 10%-ზე მეტით შემცირდა.
თუმცა შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Cigna და Humana კონკრეტულ ფინანსურ საკითხებზე უბრალოდ ვერ შეთანხმდნენ და შერწყმის შესახებ მოლაპარაკებები საერთოდ შეწყვიტეს.
რა ელის Cigna-ს აქციებს?
კვირას გამოქვეყნებულ პრესრელიზში, Cigna-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭომ აქციების გამოსყიდვის არსებული პროგრამის $10 მილიარდით ზრდა დაადასტურა. მთლიანობაში ავტორიზაციის ღირებულებამ $11.3 მილიარდს მიაღწია. Cigna-ს მენეჯმენტი ამბობს, რომ 2024 წელს კომპანიის დისკრეციული ფულადი ნაკადების უმეტეს ნაწილს აქციების გამოსყიდვისთვის გამოიყენებს. კომპანია მინიმუმ $5 მილიარდის ღირებულების აქციების მომავალი წლის პირველი ნახევრის ბოლომდე გამოისყიდის.
Humana-ს მასშტაბური შესყიდვის ნაცვლად და ამჟამინდელი გარემოს გათვალისწინებით, Cigna-ს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა — დევიდ კორდანიმ განაცხადა, რომ კომპანია განიხილავს როგორც ღირებულების გამაძლიერებელ დივესტირებას, ასევე უფრო მცირე შესყიდვის განხორციელების სტრატეგიას.
დაბოლოს, Cigna-ს მენეჯმენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა წინა პროგნოზი — კომპანიაში მოელიან, რომ 2023 წლის სრული კორექტირებული შემოსავალი ოპერაციებიდან თითო აქციაზე მინიმუმ $24.75-ს შეადგენს. გარდა ამისა, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ ეს მაჩვენებელი 2024 წელს $28-ს მიაღწევს.
საბოლოო ჯამში, აქციონერებს მოეწონათ ის ფაქტი, რომ Cigna, მასშტაბური შესყიდვის ნაცვლად, საკუთარი აქციების გამოსყიდვის პროგრამის გაზრდაზე ფოკუსირდება.
ანალიტიკოსების შეფასებები
Cigna-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $302.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $344.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $370.00-ს, ხოლო მინიმალური — $323.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Cigna-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 12 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Humana-ს აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $477.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $585.57-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $640.00-ს, ხოლო მინიმალური — $550.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Humana-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 14 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.