გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, ცნობილი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების — Intel-ის, Microsoft-ისა და AMD-ის აქციების ფასი, შესაბამისად, 1.7%-ით,1.4%-ით და 0.6%-ით შემცირდა. ვარდნა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთი ნერგავს ახალ შეზღუდვებს სახელმწიფოს მიერ უცხოური კომპანიების ჩიპებისა და ოპერაციული სისტემების შესყიდვებზე. ამ გადაწყვეტილების მიზანი შიდა ტექნოლოგიური სექტორის გაძლიერებაა.
Financial Times-ის ინფორმაციით, ახალი ჩინური გაიდლაინების აღსრულება გავლენას იქონიებს მიკროპროცესორების ამერიკულ მწარმოებლებზე, რადგან პეკინი ხელს უშლის მათი ჩიპების გამოყენებას სამთავრობო კომპიუტერებსა და სერვერებში. გარდა ამისა, რეგულაციების მიზანია, Microsoft-ის Windows ოპერაციული სისტემა და უცხოური წარმოების მონაცემთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფა შესაბამისი ჩინური პროდუქტებით ჩაანაცვლოს.
კომპიუტერების, ლეპტოპებისა და სერვერების შესახებ ახალი წესები 26 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ და მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ გამოაქვეყნეს. ამ წესების მიხედვით, სამთავრობო დეპარტამენტებმა, პროცესორებისა და ოპერაციული სისტემების შეძენისას, „უსაფრთხო და საიმედო“ კრიტერიუმები უნდა გამოიყენონ. იმავე დღეს, ჩინეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების შეფასების ცენტრმა გამოაქვეყნა „უსაფრთხო და საიმედო“ კომპანიების სია, რომელთაგან ყველა ჩინურია.
Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი გაიდლაინები ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ჩინეთის მთავრობის მიერ უცხოური ტექნოლოგიური პროდუქტების ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლების მიზნით გადაიდგა. ასევე მოიქცა აშშ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული მზარდი სავაჭრო კონკურენციის ფონზე.
სამთავრობო კომპიუტერებში უცხოური ჩიპების გამოყენების აკრძალვის გადაწყვეტილება მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს ამერიკულ ფირმებზე. გასულ წელს ჩინეთი Intel-ის უმსხვილესი ბაზარი იყო — კომპანიის წლიური $54 მილიარდის მოცულობის გაყიდვებიდან 25% სწორედ ჩინეთზე მოდიოდა. ხოლო AMD-ის $23 მილიარდის ოდენობით გაყიდვებიდან ეს ბაზარი 15%-ზე იყო პასუხისმგებელი.
ანალიტიკოსების შეფასებები
Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $42.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $47.05-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $68.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 36 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 24-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $423.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $466.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $510.00-ს, ხოლო მინიმალური — $440.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 34 ანალიტიკოსიდან 32-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $179.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $201.26-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $270.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 34 ანალიტიკოსიდან 28-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.