Oracle და HP მომგებიანი კომპანიებია, რომლებიც დიდი მოცულობით თავისუფალ ფულად ნაკადებს აწარმოებს და ამ ფულს აქციების გამოსყიდვისა და დივიდენდების სახით რეგულარულად ანაწილებს, რათა თავისი გრძელვადიანი ინვესტორები დააჯილდოოს.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ორივე კომპანიამ თავისი აქციების მესამედზე მეტი გამოისყიდა და მათი აქციები ჯერ კიდევ ფუნდამენტურად იაფია. Oracle-ის ფორვარდული P/E (ფასი/მოგება) შეადგენს 18-ს, ხოლო HP-ის – 8-ს.
გარდა ამისა, ორივე კომპანია ღირსეულ დივიდენდებს იხდის: Oracle-ის ფორვარდული შემოსავალი 1.8%-ს აღწევს, ხოლო HP-ის – 2.9%-ს. Oracle მუდმივად არ ზრდის დივიდენდურ ანაზღაურებას ყოველწლიურად, მაგრამ HP-ის დივიდენდური ანაზღაურება ყოველწლიურად იზრდება მას შემდეგ, რაც 2015 წელს ის Hewlett-Packard Enterprise-ს გამოეყო.
HP-ის დაბალმა ღირებულებამ, უფრო მაღალმა დივიდენდურმა სარგებელმა და დივიდენდების თანმიმდევრულმა ზრდამ, შესაძლოა, გვაფიქრებინოს, რომ ასეთ არასტაბილურ ბაზარზე ის უფრო უკეთესი ინვესტიციაა ვიდრე Oracle. თუმცა, ნამდვილად არის ეს უკეთესი ტექნოლოგიური დივიდენდური აქცია?
ძირითადი განსხვავებები HP-სა და Oracle-ს შორის
HP და Oracle სრულიად განსხვავებულ ინდუსტრიებში ოპერირებენ. HP კომპიუტერების და პრინტერების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, ხოლო Oracle მონაცემთა ბაზის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა.
HP შემოსავლის უმეტეს ნაწილს ნოუთბუქების, დესკტოპებისა და პროფესიული გამოყენების კომპიუტერების (Workstation) გაყიდვით გამოიმუშავებს. კომპიუტერების ბაზარი ციკლურია, მაგრამ HP-მა თავისი მასშტაბი და ბრენდის აღიარება გამოიყენა, რათა გაფართოვდეს უფრო მზარდი ნიშების ბაზრებზე, როგორიც არის პრემიუმ ნოუთბუქები, კონვერტირებადი მოწყობილობები და გეიმინგ დესკტოპები.
თუმცა, HP-ის უფრო მცირე, პრინტერების ბიზნესს უფრო მეტი გრძელვადიანი წინააღმდეგობა ემუქრება ხანგრძლივი განახლების ციკლების, ქაღალდების გარეშე ოფისების ზრდის, ასევე, მელნისა და საღებავის მომწოდებლების კონკურენციის გამო. კომპანია ცდილობს, რომ ამ მომწოდებლებს დაუპირისპირდეს საკუთარი, გამოწერაზე დაფუძნებული Instant Ink სერვისით, რომელიც დადგენილ ფასად ყოველთვიურად შეუზღუდავი რაოდენობის შევსებას უზრუნველყოფს.
Oracle შემოსავლების უმეტეს ნაწილს შიდა მონაცემთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფით გამოიმუშავებს. მან შეიძინა მრავალი კომპანია, რათა თავისი ეკოსისტემა გაეფართოებინა მიმდებარე ბაზრებზე, როგორიც არის საწარმოს რესურსების დაგეგმვა (ERP – Enterprice Resource Planning), ანალიტიკა და ჯანდაცვის IT (ინფორმაციული ტექნოლოგია) სერვისები. გარდა ამისა, Oracle-მა გააფართოვა საკუთარი ქლაუდ ინფრასტრუქტურის პლატფორმა – OCI, რათა ბაზრის წილი გაეზარდა ისეთი ქლაუდ გიგანტების წინააღმდეგ, როგორებიც არის Amazon და Microsoft.
რომელი კომპანია იზრდება უფრო სწრაფად?
პანდემიამ ორივე კომპანიისთვის ზურგის ქარები გამოიწვია. HP-ის შემთხვევაში, სახლში დარჩენის ტენდენციებმა გაზარდა კომპიუტერების გაყიდვები დისტანციური მუშაობისთვის და ვიდეო თამაშებისთვის, ასევე იმატა პრინტერების გაყიდვებმა. ეს ყველაფერი კომერციული კომპიუტერების და პრინტერების უფრო ნელ გაყიდვებს დიდწილად ანაზღაურებს.
HP-ის შემოსავალი ფისკალურ 2020 წელს 4%-ით შემცირდა, მაგრამ ფისკალურ 2021 წელს 12%-ით – $63.5 მილიარდამდე გაიზარდა. კომპანიის კორექტირებული მოგება ერთ აქციაზე (EPS) ფისკალურ 2020 წელს 2%-ით გაიზარდა, ხოლო მომდევნო წელს – 66%-ით.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ HP-ის შემოსავლები და მოგება, შესაბამისად, 4%-ით და 13%-ით გაიზრდება, მაგრამ ფისკალური 2023 წლისთვის ისინი მოელიან, რომ შემოსავალი 1%-ით შემცირდება, თუმცა აქციების გამოსყიდვის შემთხვევაში, EPS 13%-ით გაიზრდება. ჩიპების მიმდინარე დეფიციტმა და მიწოდების ჯაჭვის გამოწვევებმა, შესაძლოა, ეს შენელება გააძლიეროს.
ფისკალურ 2021 წელს Oracle-ის შემოსავალი 4%-ით გაიზარდა, რადგან ქლაუდზე დაფუძნებული სერვისების ზრდა დაჩქარდა. ფისკალურ 2022 წელს კი შემოსავალმა 5%-ით – $42.4 მილიარდამდე მოიმატა.
Oracle-ის კორექტირებული EPS ფისკალურ 2021 წელს 21%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წელს – 5%-ით, რადგან კომპანიამ მთელი წლის განმავლობაში $16.2 მილიარდის ღირებულების აქციები გამოისყიდა. Oracle გეგმავს, რომ გამოსყიდვის მოცულობა კვარტალში $600 მილიონამდე შეამციროს, რადგან კომპანია ფოკუსირებულია Cerner-ის კომპანიის შთანთქმით გამოწვეული $15.8 მილიარდის მოცულობის ვალის დაფარვაზე.
Oracle მოელის, რომ მისი ქლაუდ სერვისების ზრდა ორგანულად დაჩქარდება ფისკალურ 2023 წელს და ანალიტიკოსების ვარაუდით, კომპანიის მთელი წლის შემოსავალი და მოგება (Cerner-ის ჩათვლით), შესაბამისად, 18%-ით და 63%-ით გაიზრდება.
HP მაინც უფრო დამაჯერებელი შესაძლებლობაა
HP და Oracle, ორივე სოლიდური საინვესტიციო შესაძლებლობაა, მაგრამ, თუ ბიზნესის სიმარტივის, დამაჯერებელი შეფასებებისა და უფრო მიმზიდველი დივიდენდების თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ HP ამ მხრივ უკეთ გამოიყურება.