მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის მწარმოებელი კომპანიების აქციები, დიდი ხნის განმავლობაში ინვესტორების ერთ-ერთი ფავორიტი არჩევანი იყო, განახლებადი ენერგიის ათვისების ზრდამ შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ნავთობკომპანიები და მათი აქციები განწირულია. თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდო დასკვნაა. ენერგეტიკულ ლანდშაფტზე განახლებადი ენერგიის სრული დომინირების ნაცვლად, უფრო სავარაუდოა, რომ კომპანიები, რომლებიც ნავთობით არიან დაკავებულნი, კვლავ მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. განსაკუთრებით იმის გამო, რომ ნავთობი არის პროდუქტი, რომელიც სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტულ და კოსმეტიკურ სხვადასხვა პროდუქტებში გვხვდება.
ამ სტატიაში მოცემულია ხუთეული კომპანიებისა იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც ნავთობის მწარმოებელ კომპანიებში ინვესტირებით და დივიდენდების მიღებით არიან დაინტერესებულნი.
კომპანია | ფასიანი ქაღალდის აბრევიატურა | საბაზრო კაპიტალიზაცია |
Chevron | (NYSE:CVX) | $316.2 მილიარდი |
EOG Resources | (NYSE:EOG) | $65.4 მილიარდი |
ExxonMobil | (NYSE:XOM) | $360.4 მილიარდი |
Kinder Morgan | (NYSE:KMI) | $43.4 მილიარდი |
Phillips 66 | (NYSE:PSX) | $40.2 მილიარდი |
- Chevron
Chevron მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობკომპანიაა. მისი ინტეგრირებული ოპერაციების წვდომა ნავთობის ინდუსტრიის მრავალ ასპექტზე ვრცელდება. Chevron-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში წარმოების 3%-ის ტოლი CAGR-ით (საშუალოწლიური ზრდის ტემპი რთულ პროცენტებში) ზრდას. მენეჯმენტის თქმით, ეს პროგნოზირებული ზრდა მიეკუთვნება კომპანიის აქტივებს ყაზახეთსა და პერმულ აუზში. ასევე, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, გაიზრდება Chevron-ის ნავთობგადამამუშავებელი და ქიმიკატების ბიზნესი.
Chevron, რომლის აქციებიც უკვე საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმოიქცევა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE), ახლა Dow Jones Industrial Average-ში ერთადერთი ენერგეტიკული აქციაა. კომპანიამ ზედიზედ 36 წლის განმავლობაში შეძლო დივიდენდების გაზრდა, რაც მას დივიდენდ არისტოკრატის სტატუსს ანიჭებს. დივიდენდების ზრდა, შესაძლოა, უახლოს მომავალშიც გაგრძელდეს. მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აქციონერებისთვის შემოსავალს მომდევნო 5 წლის განმავლობაში გაზრდის, თუ Brent-ის ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე საშუალოდ $50-ზე მეტი იქნება.
- EOG Resources
EOG Resourses, 1985 წელს დაარსების შემდეგ, ერთ-ერთ უმსხვილეს ძიებისა და წარმოების (E&P) კომპანიად ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას აქტივები ავსტრალიასა და კარიბის ზღვის აუზშიც აქვს, EOG-ის ქონება აშშ-ში – კლდოვან მთებში, პერმულ აუზსა და სამხრეთ ტეხასში კომპანიის მიერ ნავთობის წარმოებაში დომინანტურ პოზიციას იკავებს. სავარაუდოდ, მისი მრავალი გამოუყენებელი რესურსი უწყვეტი წარმოების წყარო იქნება. კომპანია იტყობინება, რომ დაახლოებით 11,500 სუფთა, გაუბურღავი პრემიუმ ლოკაცია აქვს, რაც EOG-ის მიერ მიწიდან ნავთობის მოპოვების დიდ პოტენციალზე მიუთითებს.
EOG Resourses-ის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ასპექტი მისი შესანიშნავი ბალანსია. E&P კომპანიებს ხშირად ბალანსზე მნიშვნელოვანი მოცულობის დავალიანება აქვს, თუმცა EOG-მა 2021 წელი $100 მილიონის ტოლი წმინდა ფულადი პოზიციით დახურა, რაც კონსერვატიული ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველია. 2012 წლიდან 2021 წლამდე კომპანიამ დივიდენდები 19% CAGR-ით გაზარდა. EOG არის ნავთობის მწარმოებელი, დივიდენდების გამცემი კომპანია, რომელში ინვესტირებაც ღირს.
- ExxonMobil
ExxonMobil უფრო მეტია, ვიდრე ტრადიციული ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებელი კომპანია. მას ასევე გააჩნია არატრადიციული, ღრმაწყლოვანი, მძიმე ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) აქტივები. ExxonMobil ოპერირებს 39 ქვეყანაში და დღიურად დაახლოებით 4 მილიონ ნავთობის ეკვივალენტ ბარელ წმინდა ნავთობსა და ბუნებრივ აირს მოიპოვებს.
Chevron-ის მსგავსად, ExxonMobil არის დივიდენდ არისტოკრატი, რომელიც ზედიზედ 39 წლის მანძილზე ახერხებს დივიდენდების გაზრდას. 2021 წელს კომპანიამ ვალი $20 მილიარდით შეამცირა და წელი 21.4%-ის ტოლი ვალი/კაპიტალი კოეფიციენტით (ასახავს მთლიან კაპიტალში ვალის წილს) დაასრულა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე – 29.2% – მნიშვნელოვნად დაბალია. უფრო ძლიერი ბალანსის პირობებში, კომპანიას დივიდენდების გასაზრდელად მეტი პოტენციალი აქვს.
- Kinder Morgan
უმსხვილესი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კომპანია S&P 500-ში – Kinder Morgan, შუა ნაკადის კომპანიებს (უზრუნველყოფენ შორ მანძილზე ნავთობის უსაფრთხოდ გადაადგილებას) შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელია. მენეჯმენტის შეფასებით, კომპანია ყოველდღიურად 2.4 მილიონი ბარელი ბენზინის, თვითმფრინავის საწვავის, დიზელის, ბუნებრივი აირის სითხეების და კონდენსატის ტრანსპორტირებას ახორციელებს 83,000 მილის სიგრძის ქსელის მეშვეობით, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარეობს. გარდა ამისა, Kinder Morgan მართავს სითხის 65 ტერმინალს, რომელიც ინახავს საწვავს, ასევე ეთანოლისა და ბიოსაწვავის შერწყმის სერვისებს გვთავაზობს.
გასული 6 წლის განმავლობაში, კომპანიამ საკუთარი კაპიტალური ხარჯები და დივიდენდები დააფინანსა. დივიდენდების უსაფრთხოების თვალსაზრისით, გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ Kinder Morgan ბოლო 5 წლის განმავლობაში თითო აქციაზე $0.86-ის ტოლ საშუალო წლიურ დივიდენდს იხდის, ხოლოდ ამავე პერიოდში თავისუფალი ფულადი ნაკადი თითო აქციაზე $1.15-ს შეადგენს.
- Phillips 66
მიუხედავად იმისა, რომ Phillips 66 არ არის E&P-ში ჩართული, კომპანია ნავთობის ინდუსტრიის სხვადასხვა ასპექტში მოქმედებს. კომპანიის შუა ნაკადის ბიზნესი 22,000 მილის სიგრძის მილსადენისგან შედგება, რომლის ძირითადი ნაწილიც აშშ-ში მდებარეობს. კომპანიას ასევე გააჩნია 12 გადამამუშავებელი ქარხანა, რომელთა დღიური გამტარუნარიანობა აშშ-სა და ევროპაში დაახლოებით 2 მილიონი ბარელია. Phillips 66 ბენზინის, დისტილატებისა და საავიაციო საწვავის წარმოებისთვის იყენებს ნედლ ნავთობსა და სხვა ნედლეულს.
მას შემდეგ, რაც კომპანია ConocoPhillips-ს გამოეყო, ის აქციონერებს დივიდენდებით გამუდმებით აჯილდოებს. Phillips 66-ის დებიუტიდან საჯარო ბაზრებზე (2012 წლის მაისი) 2021 წლის ბოლომდე, კომპანიამ დივიდენდები 18% CAGR-ით გაზარდა. დივიდენდების მეშვეობით აქციონერებისთვის ფულის დაბრუნება, როგორც ჩანს, გაგრძელდება. 2021 წლის მეოთხე კვარტლის კონფერენციაზე, აღმასრულებელმა დირექტორმა – კევინ მიტჩელმა განაცხადა, რომ დიდი ხნის განმავლობაში კაპიტალის 60% რეინვესტირებას, ხოლო 40% დივიდენდებსა და აქციების გამოსყიდვას მოხმარდება.
დასკვნა
დივიდენდების გადამხდელი საუკეთესო ნავთობკომპანიის იდენტიფიცირებისთვის რაიმე საიდუმლო ფორმულა არ არსებობს, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კომპანიის ბალანსი, ნაღდი ფულის გამომუშავების უნარი და წარმადობის ისტორია. შესაძლოა, კომპანიას, მოცემულ მომენტში, მაღალი დივიდენდური შემოსავალი გააჩნდეს, მაგრამ მყარი ფინანსური საფუძვლის გარეშე ეს მიმზიდველი მდგომარეობა დიდხანს არ შენარჩუნდება.