Apple (AAPL) ორშაბათს პირველი კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც 3 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ამან ინვესტორებში კითხვა გააჩინა, ახლა როდესაც Apple-ის აქციების ფასი რეკორდულად მაღალია, ღირს თუ არა მისი ყიდვა დღესვე ?
3 იანვრის დღიური ვაჭრობისას (დღიური ვაჭრობა ნიშნავს როდესაც აქციის ყიდვა–გაყიდვის ოპერაცია ერთ სავაჭრო დღეს ხდება), Apple-ის საბაზრო ღირებულებამ $3 ტრილიონს გადააჭარბა, როდესაც მისი აქციის ფასმა 182.86 აშშ დოლარს მიაღწია. აღნიშნულ დღეს AAPL-ის ფასი 182.88-მდე გაიზარდა. მან დღე 2.5% ზრდით დახურა და დღის ბოლოს ფასი 182.01აშშ დოლარი დააფიქსირა.
ამ ზომის კომპანიათა შემთხვევაში ზრდის ეტაპები ძირითადად სიმბოლურია, მაგრამ ის აჩვენებს, რომ ინვესტორები პოზიტიურად აფასებენ Apple-ის აქციების პერსპექტივებს.
2020 წლის აგვისტოში Apple გახდა პირველი კომპანია, რომელმაც საბაზრო კაპიტალიზაციით 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. Microsoft-მა (MSFT) იგივე 2021 წლის ივნისში მოახერხა, Google-ის მშობელმა Alphabet-მა (GOOGL) აღნიშნული ზღვარი ნოემბერში გადალახა.
მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც რომ Apple-მა 1 ტრილიონი დოლარის საბაზრო ღირებულების ზღვარი 2018 წლის აგვისტოში გადალახა.
Apple-ის ისტორია
Apple-ს რამდენიმე მიმართულებით აქვს წარმატებული ისტორიები. მას საფუძვლიანად უწოდებენ ამერიკული წარმატების ისტორიას. მან გამოიწვია პერსონალური კომპიუტერის რევოლუცია 1970-იან წლებში, რაც Apple II-ის შექმნით მოახერხა. შემდეგ მოახდინა მნიშვნელოვანი ცვლილება 1980-იან წლებში და ეს Macintosh-ით შეძლო.
მას შემდეგ კი რაც კომპანიაში სტივ ჯობსი დაბრუნდა Apple-ის სამართავად, კომპანიამ შეძლო ისეთი ინოვაციური პროდუქტების შექმნა როგორებიცაა: iMac, iPod, iTunes, iPhone, iPad და App Store. ამ პერიოდს შეგვიძლია ინოვაციების გამარჯვების სერიაც კი ვუწოდოთ.
Apple-ის თანამედროვე წარმატების ყველაზე დიდი მამოძრავებელი iPhone არის. ბაზრის შემცვლელმა სმარტფონმა, რომლის პირველი მოდელიც 2007 წელს გამოვიდა, კომპანიას ზრდის კარგი მაჩვენებლები და შედეგიანი წლები მოუტანა და შექმნა Apple-ის პროდუქტებისა და სერვისების შეძენის მსურველთა ერთგული არმია.
მაგრამ iPhone-ის გაყიდვები შენელდა, რადგან შეიცვალა მომხმარებლის ქცევა, რომელიც სმარტფონის განახლების/ჩანაცვლების პერიოდს უკავშირდება. მომხმარებლები უფრო დიდი ხანი იყენებენ ერთ მოდელს ვიდრე განახლებებს შორის პერიოდია.
Apple-ის საფონდო სიახლეები: MacBooks, AirPods
18 ოქტომბერს Apple-მა პროდუქტის პრეზენტაცია გამართა. მან წარმოადგინა ახალი MacBook Pro, მესამე თაობის AirPods და უფრო დაბალი ფასის სერვისი მისი Apple Music-ისათვის. აღნიშნული სიახლის შემდეგ Apple-ის აქციები 1,2%-ით გაიზარდა.
ერთი თვით ადრე, 14 სექტემბერს, კომპანიამ მომხმარებელს iPhone 13 გააცნო. ახალი ტელეფონები არის წინა მოდელის iPhone 12 გაუმჯობესებული ვერსია. iPhone 13-ში ცვლილებებმა მოიტანა უფრო ნათელი ეკრანი, უფრო სწრაფი პროცესორი, გაუმჯობესებული კამერა და ელემენტის მოხმარების ხანგრძლივობის გაზრდა.
წინა მოდელების მსგავსად, ახალ ტელეფონებს აქვთ დისპლეის ზომები 5.4, 6.1 და 6.7 ინჩი და ფასი $699-დან $1099-მდე მერყეობს.
სექტემბრის ღონისძიებაზევე Apple-მა ასევე გამოაცხადა Apple Watch Series 7 და ახალი iPad–ის შესახებ, თუმცა, ინვესტორები დიდად მოხიბლულნი არ დარჩნენ აღნიშნული ცვლილებებით. შედეგად Apple-ის ღონისძიების შემდეგ აქციის ფასი 1%-ით დაეცა.
iPhone 13 გაყიდვა 24 სექტემბერს დაიწყო და პირველადი შეფასება დადებითი იყო.
Apple-ის ზრდის შესაძლებლობა
iPhone-ის ბიზნესის მომწიფებასთან ერთად, ინვესტორებს აინტერესებთ, რომელი პროდუქტი თუ მომსახურება იქნება Apple-ის აქციების შემდეგი დიდი ზრდის სტიმულატორი.
ბოლო დროს, ორმა მიმართულებამ გაზარდა Apple-ის შემოსავალი და მოგება: ესაა სერვისები და ე.წ. სატარებელი მოწყობილობები (ჭკვიანი საათები და უსადენო ყურსასმენები).
ივლისი–სექტემბრის პერიოდში Apple-ის სერვისების შემოსავალი გაიზარდა 26%-ით 18,3 მილიარდ აშშ დოლარამდე. სერვისებში შედის App Store, AppleCare, iCloud, Apple Pay, Apple Music, Apple TV+, Apple Arcade და სხვა შეთავაზებები.
თუმცა Apple-ის წინაშე დგას კიდევ ერთი გამოწვევა ანტიმონოპოლიური შემოწმება, რომელიც მისი სერვისის (App Store) აშშ-სა და ევროპაში ფუნქციონირებას ეხება. App Store-ში 30%-იან საკომისიო განაკვეთი, რომელიც მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო 2020 წლის ნოემბერში 15%-მდე შემცირდა, თუმცა მხოლოდ მცირე დეველოპერებისთვის, მეტად სავარაუდოა აღნიშნული მარეგულირებლების დასამშვიდებლად გადადგმული ნაბიჯი იყოს. ცხადია შედეგი ბირჟაზეც გადაითარგმნა და Apple-ის აქციების ფასი ამ ამბების შემდეგ რამდენიმე დღეში დაეცა.
30 აპრილს ევროკავშირის ანტიმონოპოლიურმა კომისიამ Apple-ის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე, რომელიც Spotify Technology-ის (SPOT) საჩივრით დაიწყო Apple დაადანაშაულა თავისი დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებაში. ამაში დამხმარე ხელსაწყოდ კი მისი App Store ჩათვალა. შედეგმა კვლავ არ დააყოვნა და Apple-ის აქციები 1,5%-ით შემცირდა.
აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში Apple-მა გამოაცხადა ცვლილებები App Store-ის პოლიტიკაში, რომელიც აშშ-სა და იაპონიაში სამართლებრივი გამოწვევების საპასუხოდ იყო გატარებული.
10 სექტემბერს, აშშ-ის სასამართლოს მოსამართლემ დაადგინა, რომ Apple-ის პოლიტიკაში შეინიშნება ანტიკონკურენტული მიმართულებები. მოსამართლემ გამოსცა განკარგულება, რომლითაც Apple-ს აეკრძალა აპებში გარე ბმულების ან სხვა საშუალებების ჩართვა მომხმარებლების გადახდის ალტერნატიულ მეთოდების გამოსაყენებლად, გარდა App Store-ისა. Apple-მა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილების შემდეგ Apple-ის აქციების ფასი 3.3%-ით დაეცა.
Apple Car-ის ირგვლივ ჭორები იზრდება
Apple-ის სატარებელი ტექნიკის, სახლისა და აქსესუარების მიმართულებით სექტემბრის კვარტალში გაყიდვები 12%-ით გაიზარდა და 8,8 მილიარდ აშშ. დოლარს მიაღწია. ეს მიმართულება მოიცავს Apple Watch, AirPods და Beats ყურსასმენები. ის ასევე შეიცავს Apple HomePod Mini უკაბელო დინამიკს და სხვადასხვა გაჯეტებს.
იმავდროულად, არ წყდება ვარაუდები და სპეკულაციები, რომ Apple ცდილობს შექმნას თვითმართვადი ელექტრო მანქანა. ეს ჭორები გავრცელდა 2020 წლის იანვარში, როდესაც Hyundai-მ გამოაცხადა ადრეული მოლაპარაკებების შესახებ Apple-თან, ეს ყველაფერი კი მანქანის საკითხში პარტნიორობას ეხებოდა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით Apple-მა ასევე გამართა მოლაპარაკებები Nissan-თან და სხვა ავტომწარმოებლებთანაც.
2021 წლის ივნისში, ბლუმბერგმა დაწერა რომ რომ Apple-მა დაიქირავა ულრიხ კრანცი, BMW-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და ელექტრომობილების სტარტაპ Canoo-ს თანადამფუძნებელი, რათა ემუშავა Apple-ის ავტომობილების საწარმოზე. ასევე, კევინ ლინჩი, Apple-ის ტექნოლოგიების ვიცე-პრეზიდენტი, გავრცელებული ინფორმაციით, ივლისში Apple Watch-ის განყოფილებიდან Apple-ის მანქანის პროექტში გადავიდა.
თუმცა ბლუმბერგისვე ცნობით, სექტემბრის დასაწყისში Ford Motor-მა (F) დაიქირავა Apple სპეციალური პროექტების (მანქანის პროექტის) ხელმძღვანელი.
ასაღნიშნია ისიც რომ Apple-ის მანქანის შესახებ ჭორებს ბევრი რამ არ შეუცვლია Apple-ის აქციების ნაწილში.
Apple-ის მოგება
29 ოქტომბრის ბოლოს კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Apple-ის აქციები 1.8%-ით დაეცა, ეს შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს მოხდა.
25 სექტემბერს დასრულებულ კვარტალში Apple-მა აქციაზე $1,24 მოგება დააგენერირა, ეს მაშინ როცა გაყიდვების მოცულობა 83,4 მილიარდი აშშ. დოლარი იყო. FactSet-ის თანახმად, ანალიტიკოსები 1,24 აშშ დოლარის მოგებას ელოდნენ 85,1 მილიარდი აშშ დოლარის გაყიდვების შემთხვევაში. წლიური მონაცემებით, Apple-ის შემოსავალი გაიზარდა 70%-ით, ხოლო გაყიდვები გაიზარდა 29%-ით.
სექტემბრის კვარტალში iPhone-ის ნაწილში შემოსავალი 47%-ით გაიზარდა წლიურად და 38,9 მილიარდ აშშ. დოლარს მიაღწია. iPhone-ის მიმართულებამ შეადგინა მთლიანი შემოსავლის 46.6%.
iPad გაყიდვები გაიზარდა 21%-ით და 8,3 მილიარდ აშშ. დოლარამდე გაიზარდა. Mac-ის გაყიდვები გაიზარდა 2%-მდე და 9,2 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.
კომპონენტების დეფიციტი და ქარხნების შეფერხებით მუშაობა Covid-ის პანდემიის გამო Apple-ს 6 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ეს აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა განაცხადა. ასევე ივარაუდა რომ პანდემიის გავლენა შეიძლება უფრო ნეგატიური იყოს წლის ბოლოსათვის.
Apple-ის აქციების ფასისათვის შემდეგი შესაძლო კატალიზატორი შეიძლება იყოს დეკემბრის კვარტლის ანგარიში, რომელიც იანვრის ბოლოსთვის გასაჯაროვდება.
Apple-ის ექსკლუზიური საფონდო რეიტინგი
Apple-ის აქციები რეკორდულად მაღალ საფეხურზე ივაჭრება.
AAPL აქციას აქვს IBD შედარებითი სიმტკიცის რეიტინგი 93, 99-დან. შედარებითი სიძლიერის რეიტინგი გვიჩვენებს, თუ რამდენად მყარად დგას აქციის ფასის მაჩვენებლები ყველა სხვა აქციებთან შედარებით ბოლო 52 კვირის განმავლობაში.
Apple-ის აქციას აქვს IBD Composite Rating 97, 99-დან, IBD Stock Checkup ინსტრუმენტის მიხედვით. IBD-ის კომპოზიტური რეიტინგი აერთიანებს ფუნდამენტური და ტექნიკური შესრულების ხუთ ცალკეულ რეიტინგს ერთ ადვილად გამოსაყენებელ რეიტინგში. როგორც წესი საუკეთესო ზრდის მქონე აქციებს კომპოზიტური რეიტინგი 90 ან უკეთესი აქვთ.
რამდენად რეკომენდირებულია დღეს Apple-ის აქციების ყიდვა?
მიუხედავად ზევით განხილული მოცემულობისა ანალიტიკოსები Apple-ის აქციებში ინვესტირებას დღეს რეკომენდირებულად არ თვლიან, მიზეზი მისი ბოლო ზრდაა. მან ბოლო ზრდისას 5% გარღვევა დააფიქსირა.
AAPL-ის აქციამ უნდა შექმნას ახალი ბაზა სწორ საბაზრო პირობებში, ამის შემდეგ კი იქნება სწორი პერიოდი შესყიდვისათვის.
ამაში თქვენ დაგეხმარებათ, რომ თვალი ადევნოთ საფონდო ბირჟას. თუ ბაზარზე მკვეთრი კლება დაფიქსირდება, ნუ ეცდებით ებრძოლოთ საფონდო ბირჟის ზოგად მიმართულებასა და ტრენდს.
ინფორმაციისათვის, ასევე საუკეთესო აქციების საპოვნელად კი, შეგიძლიათ გამოიყენოთ InvestHub-ის რესურსი.