გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, ელექტრონული კომერციის გიგანტმა — Amazon-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი 50%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
გასულ კვარტალში Amazon-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 13%-ით — $143.1 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $141.53 მილიარდი), ხოლო წმინდა მოგებამ $9.9 მილიარდი შეადგინა, ანუ EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.94 იყო (პროგნოზი — $0.58).
AWS (ამაზონის ვებ სერვისები), Amazon-ის უაღრესად მომგებიანი ქლაუდ გამოთვლითი პლატფორმა, კომპანიის შემოსავლის მთავარი მამოძრავებელია, მაგრამ ბოლო კვარტლებში მან გაყიდვების შენელება განიცადა. მესამე კვარტალში AWS-ის გაყიდვებმა 12%-ით — $23.1 მილიარდამდე მოიმატა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს შეესაბამებოდა.
კომპანიის კონკურენტმა — Alphabet-მა კვარტალური ანგარიში ამ კვირაში წარადგინა და ქლაუდ მიმართულების გაყიდვებმა მიაღწია ზრდის ყველაზე ნელ ტემპს თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. ეს კი ამ სივრცეში სარგებელს მოუტანს კონკურენტებს, მათ შორის AWS-ს.
აღსანიშნავია, რომ Amazon-ის ახალმა სარეკლამო ბიზნესმა დააფიქსირა შემოსავლების დაჩქარებული ზრდა მეორე კვარტლის 22%-იან გაუმჯობესებასთან შედარებით. Amazon-ის სარეკლამო შემოსავალმა მესამე კვარტალში $12.1 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 26%-ით აღემატება. ეს მიმართულება კომპანიის ყველაზე სწრაფად მზარდი ბიზნეს ხაზი გახდა.
მესამე კვარტალში Amazon-ის წარმადობის კიდევ ერთი მამოძრავებელი ძალა იყო კომპანიის პოპულარული ღონისძიების — Prime Day-ის შედეგების ხაზგასმა. ივლისის შუა რიცხვებში, Prime Day-ის გაყიდვებმა შეერთებულ შტატებში ყველა დროის მაქსიმუმს — თითქმის $13 მილიარდს მიაღწია. 2022 წლის იმავე ღონისძიებასთან შედარებით ეს მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მეოთხე კვარტალში გაყიდვები წლიდან წლამდე 7%-12%-ით გაუმჯობესდება. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ წლის ბოლო კვარტალში საოპერაციო შემოსავალი $7-$11 მილიარდს მიაღწევს (2022 წლის მეოთხე კვარტლის შედეგი — $2.7 მილიარდი).
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $129.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $175.51-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $230.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 36%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 42-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.