გუშინ PayPal Holdings-ის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც Amazon-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შესყიდვებისთვის ელექტრონული კომერციის გიგანტი PayPal-ის მფლობელობაში არსებული Venmo-ს გადახდის სერვისს აღარ მიიღებს.
მიმდინარე წლის განმავლობაში PayPal Holdings-ის აქციების ფასი დაახლოებით 22%-ით არის დაკლებული.
Venmo-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ „უკანასკნელი ცვლილებების გამო“ მომხმარებლები, რომლებსაც ამჟამად კომპანიის სერვისი ჩართული აქვთ Amazon-ის საფულეში, ვებგვერდზე პროდუქციის შეძენას ვეღარ შეძლებენ 10 იანვრის შემდეგ. Amazon-ის მომხმარებლებს კი კვლავ შეეძლებათ გამოიყენონ Venmo-ს სადებეტო და საკრედიტო ბარათები.
Amazon-ისა და PayPal-ის წარმომადგენლებმა Venmo-ს შეთანხმება გასული წლის ოქტომბერში დააანონსეს. PayPal-ის მენეჯმენტის მაშინდელი განცხადება ასეთი იყო: „Amazon-ზე Venmo-თი გადახდის შესაძლებლობას საშოპინგო გამოცდილებაში შემოაქვს ის ნდობა, რომელიც Venmo-ს გამოყენებაში გიყვართ“.
Amazon Worldwide Payments-ის ვიცე-პრეზიდენტმა — მაქს ბარდონმა კი განაცხადა, რომ Amazon-მა ეს ნაბიჯი გადადგა, რადგან მენეჯმენტს სურდა, კომპანიის მომხმარებლებისთვის გადახდის მეტი მოსახერხებელი, მარტივი და უსაფრთხო ვარიანტი შეეთავაზებინა.
PayPal-ის ვარდნის პარალელურად, გუშინ Amazon-ის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი 71%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
PayPal-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $58.50ს-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $73.13-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $101.00-ს, ხოლო მინიმალური — $55.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი PayPal-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 25%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 34 ანალიტიკოსიდან 20-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.