Amazon იწყებს ხელოვნური ინტელექტის (AI) უნარების განვითარების ტრენინგ პროგრამას, რათა მუშაკებს ამ მიმართულებით ძირითადი ცოდნის მიღებაში დაეხმაროს, იმის ფონზე, რომ კომპანიები AI კვალიფიკაციის დეფიციტს ებრძვიან.
ელექტრონული კომერციის გიგანტის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია მზად არის, თავისი “AI Ready” პროგრამის მეშვეობით, 2025 წლისთვის გლობალურად $2 მილიონი ადამიანისთვის AI უნარების უფასო ტრენინგი უზრუნველყოს.
„დამსაქმებელთა 73%-მა აღნიშნა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის უნარის მქონე კადრის დაქირავება პრიორიტეტია, თუმცა ამ დამსაქმებელთა სამი მეოთხედი ამბობს, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ AI-სთან დაკავშირებული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას“ — ნათქვამია Amazon Web Services-ისა და კვლევითი ფირმის Access Partnership-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში. გარდა ამისა, დამსაქმებლებმა აღნიშნეს, რომ მათი მოლოდინით, მუშაკების შემოსავალი, რომლებიც AI უნარებს აიმაღლებენ, 47%-ით გაიზრდება.
AI უნარების გამოწვევები სცილდება Amazon-ს. გლობალური მენეჯმენტ საკონსულტაციო ფირმის — McKinsey & Company-ის ცნობით: „კვალიფიციური უნარების დეფიციტი მუდმივ შემზღუდველ ფაქტორს წარმოადგენს მრავალი მაღალტექნოლოგიური დარგის, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში“.
„თუ ჩვენ, მსოფლიოს ყველაზე რთული პრობლემების მოსაგვარებლად, AI-ის სრული პოტენციალის გამოვლენას ვაპირებთ, ხელოვნური ინტელექტის უნარების დაუფლების პროგრამა უნდა გავხადოთ ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც ამის სურვილი გააჩნია“ — განაცხადა Amazon Web Services-ის მონაცემთა და AI-ის ვიცე-პრეზიდენტმა — სვამი სივასუბრამანიანმა.
Amazon 50,000-ზე მეტ საშუალო სკოლისა და უნივერსიტეტის სტუდენტს რვა უფასო AI და გენერაციულ AI (GenAI) კურსს და სტიპენდიას სთავაზობს. ელექტრონული კომერციის გიგანტი ამ მიმართულებით Code.org-თან, კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო არაკომერციულ ორგანიზაციასთან, თანამშრომლობს.
იმის ფონზე, რომ ტექნოლოგიური გიგანტები, მათ შორის Google-ის მშობელი Alphabet, Microsoft და Meta AI სივრცეში თავიანთი პოზიციების გაძლიერებაზე მუშაობენ, Amazon-ის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური ბიძგი იქნება.
აღსანიშნავია, რომ გუშინ Amazon-ის აქციების ფასი დაახლოებით 1%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი 70%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $146.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 40 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $175.51-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $210.00-ს, ხოლო მინიმალური — $145.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას გულისხმობს.