გუშინ Amazon-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტექნოლოგიური გიგანტი $2.75 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას ჩადებს ხელოვნური ინტელექტის (AI) სტარტაპ Anthropic-ში. ეს თანხა დაემატება $1.25 მილიარდს, რომელიც Amazon-მა მანამდე დააბანდა სტარტაპში, როგორც $4-მილიარდიანი ფინანსური ვალდებულების ნაწილი გენერაციული AI-ის განსავითარებლად.
Amazon-ის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ Anthropic-თან თანამშრომლობის ფარგლებში, Amazon Web Services (AWS) მომხმარებლებს აქვთ წვდომა AI სტარტაპის ზოგიერთ საუკეთესო პროდუქტზე Amazon Bedrock-ის მეშვეობით. ეს უკანასკნელი არის მართული სერვისი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საბაზისო მოდელებს AWS-ზე გენერაციული AI აპლიკაციების შესაქმნელად.
აღსანიშნავია, რომ 2 კვირაზე მეტი ხნის წინ Anthropic-მა წარადგინა თავისი ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელის — Claude 3-ის უახლესი თაობა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით ის შემეცნებითი ამოცანების ფართო სპექტრში ინდუსტრიის ახალ საორიენტაციო ნიშნულებს აყალიბებს.
Anthropic-მა წარმოადგინა ხელოვნური ინტელექტის სამი უახლესი მოდელი შესაძლებლობების აღმავალი თანმიმდევრობით: Claude 3 Haiku, Claude 3 Sonnet და Claude 3 Opus. თითოეული შემდეგი მოდელი მომხმარებლებს სთავაზობს უფრო მძლავრ წარმადობას, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი კონკრეტული აპლიკაციისთვის ინტელექტის, სიჩქარისა და ღირებულების ოპტიმალური ბალანსი შეარჩიონ.
Anthropic-ის მტკიცებით, Claude 3 Opus-მა მათემატიკაში, ცოდნასა და კოდში აჯობა Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილ OpenAI-ის GPT-4-ს და Alphabet-ის Google Gemini Ultra-ს.
Opus და Sonnet მოდელები ხელმისაწვდომია Claude-ის მომხმარებლებისთვის და კომპანიის მენეჯმენტის თქმით, Haiku-ც მალე გახდება ხელმისაწვდომი.
AWS-ის მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის ვიცე-პრეზიდენტმა — სვამი სივასუბრამანიანმა თქვა, რომ გენერაციული AI ჩვენი დროის ყველაზე ტრანსფორმაციული ტექნოლოგიაა. მან დასძინა: „გვჯერა, რომ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა Anthropic-თან კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენი მომხმარებლების გამოცდილებას და მოუთმენლად ველით მოვლენების განვითარებას“.
ანალიტიკოსების შეფასებები
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $180.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 41 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $209.59-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $230.00-ს, ხოლო მინიმალური — $175.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.6%-იან ზრდას გულისხმობს.
Amazon-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.