Amazon-ის მენეჯმენტმა ოფიციალურად გადაიფიქრა iRobot-ის შეძენა. შეგახსენებთ, რომ ელექტრონული კომერციის გიგანტმა ერთ წელზე მეტი ხნის წინ ამ კომპანიასთან დადო გარიგება, რომელიც თითო აქციისთვის $61-ის გადახდას გულისხმობდა. საბოლოოდ შეთანხმებული ფასი $51.75-მდე შემცირდა მას შემდეგ, რაც iRobot-მა, ოპერაციების დასაფინანსებლად, ვალი აიღო.
გუშინდელი სიახლის შემდეგ iRobot-ის აქციების ფასი თითქმის 9%-ით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში კი ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 20%-ით დაიკლო.
ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ Amazon-ის მენეჯმენტის განცხადებით, კომპანია ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ ცვლილებებზე წასვლას არ აპირებდა.
რა მოხდა წარსულში?
Amazon-ის მენეჯმენტმა iRobot-ის შეძენის გადაწყვეტილების შესახებ პირველად 2022 წლის აგვისტოში განაცხადა. თავდაპირველად ტექნოლოგიური გიგანტი iRobot-ის შესაძენად $1.7 მილიარდის, ანუ თითო აქციისთვის $61-ის გადახდას აპირებდა.
გარიგება უფრო ნელა განვითარდა, ვიდრე კომპანიების წარმომადგენლები იმედოვნებდნენ, აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია და ევროპული მარეგულირებლები ანტიმონოპოლიურ გავლენას იკვლევდნენ. 2023 წლის 25 ივლისს კი iRobot-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია, მიმდინარე ოპერაციების დასაფინანსებლად, $200 მილიონის ოდენობით ვალს აიღებდა.
Amazon-ში მიიჩნიეს, რომ iRobot-ისთვის გადახდილი მთლიანი ფასი $200 მილიონით გაიზრდებოდა, რადგან გარიგების დახურვის შემდეგ, ეს დავალიანება Amazon-ზე გადავიდოდა. ამის გათვალისწინებით, ელექტრონული კომერციის გიგანტმა შეთავაზების ფასი $51.75-მდე შეამცირა, რაც კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, iRobot-ის ვალის დაგეგმილ ზრდას დიდწილად აანაზღაურებდა.
თუმცა ევროკომისიამ, რომელიც ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ საკითხებს ზედამხედველობს, გასული წლის დასაწყისში შესყიდვის სიღრმისეული გამოძიება დაიწყო. კომისიის თქმით, 6 ივლისს დაწყებულმა სიღრმისეულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ Amazon-ის მიერ iRobot-ის შესყიდვის გარიგების წარმატებით დასრულებამ, შესაძლოა, რობოტი მტვერსასრუტების მწარმოებელი სხვა ბრენდები დააზარალოს.
ევროკომისიის მთავარი პროტესტი გარიგების წინააღმდეგ ის იყო, რომ Amazon-ს შეუძლია სხვა ბრენდებზე გავლენა იქონიოს მათი პროდუქტის საკუთარ ბაზარზე არ დაშვების, შემცირებულად წარმოჩენის ან ფასწარმოქმნის მხრივ. მარეგულირებლების განცხადებით, ელექტრონული კომერციის გიგანტს ასევე შეუძლია, საკუთარი პროდუქტებისთვის გამოიყენოს „კომერციულად მიმზიდველი“ ეტიკეტები, როგორიცაა “Amazon’s Choice” ან “Works With Alexa”.
თუმცა ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა გადაწყვიტა, ევროკავშირის ზეწოლას არ დამორჩილებოდა.
რა ხდება ახლა?
ეჭვგარეშეა, რომ ეს დიდი დარტყმაა iRobot-ისთვის. კომპანიის აქციების საფასო ნიშნული ახლა შეძენის ფასს 30%-ით ჩამოუვარდება და ინვესტორებმა მდგომარეობა თავიდან უნდა გამოიკვლიონ.
შეთანხმების მიხედვით, Amazon გადაიხდის გარიგების შეწყვეტის საფასურს — $94 მილიონს. ეს გააძლიერებს iRobot-ის ბალანსს, რომელსაც 2023 წლის მესამე კვარტლის ბოლოს $189.6 მილიონის ოდენობით ნაღდი ფული და $204.4 მილიონის მოცულობის ვალი ჰქონდა.
თუმცა iRobot, ოპერაციების თვალსაზრისით, კრიზისის წინაშე დგას. წმინდა ზარალმა 2023 წლის პირველ სამ კვარტალში $241.1 მილიონი შეადგინა და ამ დროის განმავლობაში ოპერაციებზე $113.6 მილიონი დაიხარჯა. გადარჩენისთვის კომპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება დააანონსა.
iRobot-ის რესტრუქტურიზაცია
გუშინ დაანონსებული რესტრუქტურიზაციის გეგმა მოიცავს $80-$100 მილიონის მოცულობის დანაზოგებს დიზაინისა და წარმოების გარიგებების ხელახალი მოლაპარაკებების შედეგად. გარდა ამისა, კომპანია კვლევისა და განვითარების მიმართულებით $20 მილიონს დაზოგავს, მარკეტინგში — $30 მილიონს. შესაბამისად, iRobot სამუშაო ძალას 31%-ით (350 თანამშრომელი) შეამცირებს.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ iRobot-ის დამფუძნებელი — კოლინ ენგლი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დატოვებს მას შემდეგ, რაც უფროსი მრჩევლის 12-თვიანი ხელშეკრულება დასრულდება. აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კი იქნება გლენ ვაინშტაინი მანამ, სანამ მუდმივი შემცვლელი მოიძებნება.
ანალიტიკოსების შეფასებები
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $161.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 37 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $187.77-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $220.00-ს, ხოლო მინიმალური — $160.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.4%-იან ზრდას გულისხმობს.
iRobot-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $15.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს — აქციებს ორივე მათგანი ნეიტრალურ რეიტინგს და $51.00-ის ტოლ სამიზნე ფასს ანიჭებს. ეს მაჩვენებელი iRobot-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 229%-იან ზრდას გულისხმობს.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.