გუშინ, “after-hours”1 ვაჭრობაში, ჩიპების ცნობილი მწარმოებლის — Intel-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით შემცირდა. ვარდნა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Intel-ის ნახევარგამტარების წარმოების ბიზნესში (Intel Foundry) ზარალი გაიზარდა, ხოლო გაყიდვები შემცირდა.
გასულ წელს კომპანიის ნახევარგამტარების წარმოების განყოფილების საოპერაციო ზარალმა $7 მილიარდს მიაღწია, ხოლო გაყიდვებმა — $18.9 მილიარდს. შედარებისთვის, 2022 წელს ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, $5.2 მილიარდს და $27.5 მილიარდს შეადგენდა.
Intel-ის ნახევარგამტარების წარმოების ბიზნესის გაზრდილი გამჭვირვალობა წარმოადგენს აღმასრულებელი დირექტორის — პატრიკ გელსინჯერის გეგმების ნაწილს, განყოფილებამ უფრო დამოუკიდებლად იმოქმედოს და დაიწყოს ჩიპების წარმოება სხვა კომპანიებისთვის. თებერვალში Intel-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Windows-ის შემქმნელი Microsoft მისი მომხმარებელი გახდებოდა. ჩიპების მწარმოებლის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ახლოვდებოდა გარიგებების დადება სხვა მომხმარებლებთან, რომლებსაც საზოგადოებისთვის ვინაობის გამხელა არ სურდათ.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში გავრცელებული ინფორმაციით, Intel, CHIPS Act-ის ფარგლებში, $8.5-მილიარდიან გრანტს მიიღებს, რათა აშშ-ში წარმოება გააფართოოს. კომპანიას დამატებით ასევე შეუძლია მიიღოს $11 მილიარდის მოცულობის სესხი CHIPS and Science Act-ის ფარგლებში. ეს აქტი მიღებულ იქნა 2022 წელს, ჩინეთთან მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე და მიზნად ისახავს წარმოების გაზრდას აშშ-ის ისეთ ძირითად ინდუსტრიაში, როგორიც არის, მაგალითად, ჩიპების წარმოება.
მიუხედავად ამისა, ჩიპების წარმოებისთვის საჭირო სიმძლავრეების შექმნა მნიშვნელოვან კაპიტალს საჭიროებს და, როგორც ჩანს, ინვესტორებს ეს ფაქტი აეჭვებს. მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგების გამოქვეყნებისას Intel-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის საწარმოო ფინანსები მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშ არის იმის ფონზე, რომ Intel ხელმძღვანელობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მუშაობს.
ჩიპების მწარმოებლის მენეჯმენტმა Intel Foundry-ის ფინანსურ დირექტორად ლორენცო ფლორესი დაასახელა. კომპანიაში მოელიან, რომ ნახევარგამტარების წარმოების ბიზნესის ზარალი წელს პიკამდე გაიზრდება, ხოლო 2030 წლამდე კი წაუგებლობის დონეს მიაღწევს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $44.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $46.60-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $68.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 35 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 24-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Intel-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.