გუშინ Apple-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია ევროკავშირში (EU) მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, iOS აპლიკაციები პირდაპირ დეველოპერების ვებგვერდებიდან ჩამოტვირთონ, App Store-ის გვერდის ავლით და მასთან დაკავშირებული გადასახადების გარეშე.
„ამ გაზაფხულზე პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაში ხელმისაწვდომი იქნება Web Distribution. ის უფლებამოსილ დეველოპერებს საშუალებას მისცემს, თავიანთი iOS აპლიკაციები ევროკავშირის მომხმარებლებზე გაავრცელონ პირდაპირ იმ ვებგვერდებიდან, რომლებსაც ისინი ფლობენ და ოპერირებენ“ — განაცხადეს Apple-ში.
ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა თქვა, რომ დეველოპერებს მოუწევთ, დააკმაყოფილონ „დამოწმების მოთხოვნები პლატფორმის მთლიანობის დასაცავად, რათა აპლიკაციები დაინსტალირდეს მხოლოდ ვებგვერდის იმ დომენიდან, რომელიც დეველოპერმა App Store Connect-ში დაარეგისტრირა“.
Apple-მა ცოტა ხნის წინ დანერგა ცვლილებები App Store-სა და Apple Pay-ში, სხვა სისტემებთან ერთად, ევროკავშირის ციფრული ბაზრების აქტთან (DMA) შესაბამისობისთვის. Apple-სა და სხვა კომპანიებს (Apple, Google, Amazon, Meta, Microsoft და TikTok მფლობელი ByteDance) მოეთხოვათ ევროკომისიის მიერ დადგენილი ცვლილებების შეტანა 7 მარტამდე.
ციფრული ბაზრების აქტი მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს ავალდებულებს, ხელი შეუწყონ კონკურენციას, მომხმარებელთა არჩევანს და ინოვაციას.
DMA-ს დადგენილი ცვლილებების შეტანის თარიღის დადგომამდე ევროკავშირმა Apple დაახლოებით $2 მილიარდით დააჯარიმა. მიზეზი იყო App Store-ში არსებული წესები, რომლებიც მუსიკის სტრიმინგის პროვაიდერებს აზარალებს. Apple-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აპირებს, გაასაჩივროს ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც, მისი თქმით, გააძლიერებს Spotify-ის უკვე დომინანტურ პოზიციას.
ჯარიმაზე საპასუხოდ Apple-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს: „მიუხედავად ამ წარმატებისა და ამ შესაძლებლობის შექმნაში App Store-ის როლისა, Spotify არაფერს უხდის Apple-ს“, რადგან მუსიკის ნაკადის პლატფორმა გამოწერის სერვისს ყიდის თავის ვებგვერდზე და არა iOS აპზე, ასე რომ „Apple ამ შესყიდვებიდან საკომისიოებს არ გამოიმუშავებს“.
Web Distribution განახლებამ შეიძლება გაუადვილოს სხვა დეველოპერებს, წაახალისონ მომხმარებლები, განახორციელონ შესყიდვები უშუალოდ მათი ვებგვერდების საშუალებით და თავიდან აიცილონ Apple-ის საკომისიოები.
ანალიტიკოსების შეფასებები
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $173.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $204.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $158.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 26 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.