ხუთშაბათს Reddit-მა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) შეიტანა პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) პროსპექტი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) აქციების განსათავსებლად.
შესაძლოა, სოციალური მედიის კომპანიის აქციები NYSE-ზე სულ რამდენიმე კვირაში გახდეს ხელმისაწვდომი აბრევიატურით — “RDDT”.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Reddit-ის მენეჯმენტმა ისიც დაადასტურა, რომ კომპანია IPO აქციების დაუზუსტებელ რაოდენობას არეზერვებს Reddit-ის მომხმარებლებისა და მოდერატორებისთვის, რომლებმაც პლატფორმის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს.
Reddit-ის წარმომადგენლებმა სარეგისტრაციო განცხადების პროექტი SEC-ში 2021 წლის ბოლოს კონფიდენციალურად წარადგინეს, რათა სოციალური მედიის კომპანია საჯარო გამხდარიყო სხვა IPO-ების ბუმის ფონზე. თუმცა ამის შემდეგ პირველადი საჯარო შეთავაზებების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა: 2021 წელი —1035 IPO; 2022 წელი — 181; 2023 წელი — 154.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ Reddit-ის ბანკირები კომპანიის IPO-ს მინიმუმ $5 მილიარდად აფასებენ. თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება და, შესაძლოა, მომდევნო კვირებში ეს მაჩვენებელი გაიზარდოს ან შემცირდეს.
სოციალური მედიის ჯგუფმა გასულ წელს, IPO-ს წარდგენისას, მიაღწია წლიური შემოსავლის 21%-იან ზრდას $804 მილიონამდე. თუმცა Reddit-ს ჯერჯერობით მოგება არ დაუფიქსირებია — გასულ წელს კომპანიის ზარალმა $90.8 მილიონს მიაღწია (2022 წლის იმავე კვარტალში — $158.6 მილიონი).
გარდა ამისა, 2023 წელს Reddit-ს ჰყავდა 73 მილიონი ყოველდღიური მომხმარებელი და 100,000-ზე მეტი აქტიური საზოგადოება.
Reddit-ში, რომლის შემოსავალიც რეკლამების გაყიდვებზეა დამოკიდებული, განაცხადეს, რომ ციფრული რეკლამირების საბაზრო პოტენციალი $1 ტრილიონს შეადგენს ჩინეთისა და რუსეთის გამოკლებით. გარდა ამისა, სოციალური კომპანიის წარმომადგენლები პროგნოზირებენ, რომ ამ მიმართულებით ნაერთი წლიური ზრდის ტემპი (CAGR) 8%-ს მიაღწევს და 2027 წელს საბაზრო პოტენციალი $1.4 ტრილიონს შეადგენს. ამ განცხადების გაკეთებისას Reddit-ის მენეჯმენტმა S&P Global Market Intelligence-ის მონაცემები მოიშველია.
ტექნოლოგიურმა ანტერპრენერებმა — ალექსის ოჰანიანმა და სტივ ჰაფმანმა კომპანია 2005 წელს დააარსეს.