გუშინ Capital One Financial ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც საკრედიტო სერვისების კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ თავისი უფრო მცირე კონკურენტის — Discover Financial Services-ის $35.3 მილიარდად შეძენას გეგმავს. ეს გარიგება საკრედიტო ბარათების ორ უმსხვილეს ემიტენტს გააერთიანებს.
ტრანზაქცია შესყიდვის თანხის სრულად აქციებით ანაზღაურებას ითვალისწინებს — Discover-ის აქციონერები კომპანიის თითოეული აქციისთვის Capital One 1,0192 აქციას მიიღებენ, რაც წარმოადგენს 26.6%-იან პრემიას Discover-ის პარასკევის დახურვის ფასთან — $110.49-თან შედარებით. ყურადღებას პარასკევს დაფიქსირებულ ფასზე იქიდან გამომდინარე ვამახვილებთ, რომ გუშინ, პრეზიდენტის დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის ფინანსური ბაზრები დახურული იყო. ეს ფედერალური დასვენების დღე თებერვლის მესამე ორშაბათს აღინიშნება.
გარიგების წარმატებით დახურვის შემთხვევაში Capital One-ის აქციონერები გაერთიანებული კომპანიის დაახლოებით 60%-ს დაეპატრონებიან, ხოლო დანარჩენ 40%-ს Discover-ის აქციონერები გაინაწილებენ. Capital One-ის მენეჯმენტი მოელის, რომ კომპანიების შერწყმა 2027 წლისთვის გამოიწვევს ხარჯებისა და ქსელურ სინერგიებს, რომლებიც, შესაბამისად, $1.5 მილიარდს და $1.2 მილიარდს შეადგენს.
შერწყმა Capital One-ის გადახდის ეკოსისტემას 200-ზე მეტ ქვეყანაში გააფართოებს. ეს კომპანიას საშუალებას მისცემს, გააძლიეროს თავისი წარმომადგენლობა საკრედიტო ბარათების მზარდ სექტორში, რომელიც დაჩქარებული პოსტ-პანდემიური ციფრული გადახდების ბუმით სარგებლობს. ეს კი ელექტრონული კომერციის ტრანზაქციების გაზრდით არის გამოწვეული.
Capital One-ის მენეჯმენტი მოელის, რომ გარიგება 2024 წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში დაიხურება. ამ ეტაპზე საჭიროა დასტური როგორც აქციონერებისგან, ასევე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოებისგან.
„საკრედიტო ბარათების კომბინირებული ბიზნესი კიდევ უფრო ძლიერ პოზიციაში იქნება ინდუსტრიისთვის წამყვანი პროდუქტებისა და გამოცდილების მისაწოდებლად“ — ნათქვამია Capital One-ის პრესრელიზში. კომპანიის წარმომადგენლებს არ აღუნიშნავთ, შეინარჩუნებენ თუ არა Discover-ის ბრენდს.
Capital One-ში ასევე განაცხადეს, რომ Discover-ის საბანკო მიმართულების დამატება გაზრდის გაერთიანებული კომპანიის პოტენციალს ქვეყნის უმსხვილეს ბანკებთან კონკურენციისთვის.
Discover ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. გასულ თვეში კომპანიამ მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა და აღმოჩნდა, რომ მოგება წლიურად 62%-ით დაეცა. გარდა ამისა, მენეჯმენტმა ხაზი გაუსვა მომხმარებლების უფრო რთულ ფინანსურ გარემოს, რამაც კომპანია აიძულა, საკრედიტო დანაკარგებისთვის უფრო მაღალი რეზერვები გამოეყო. კვარტალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ Discover-ის აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ამ ზარალის უმეტესი ნაწილი გასული თვის განმავლობაში ანაზღაურდა.
გარდა ამისა, აგვისტოში Discover-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღმასრულებელი დირექტორი — როჯერ ჰოჩშილდი თანამდებობას დატოვებდა. ეს მოჰყვა სიახლეს, რომელიც ივლისში გავრცელდა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ 2007 წლის შუა პერიოდიდან კომპანია არასწორად ახორციელებდა ზოგიერთი საკრედიტო ბარათის კლასიფიკაციას ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ბარათის მფლობელები არ დაზარალებულან, სავაჭრო ობიექტებს მოუწიათ იმაზე მეტის გადახდა, ვიდრე რეალურად იყო საჭირო.
დეკემბერში კი Discover-ის მენეჯმენტმა კომპანიის ახალი აღმასრულებელი დირექტორი — მაიკლ როდსი წარადგინა.
ანალიტიკოსების შეფასებები
Capital One Financial-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $137.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $142.82-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $159.00-ს, ხოლო მინიმალური — $124.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Capital One Financial-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 19 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Discover Financial Services-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $110.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $117.58-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $137.00-ს, ხოლო მინიმალური — $98.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Discover Financial Services-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.