გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Shake Shack-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები და მომავლის პროგნოზები წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ბურგერების რესტორნების ქსელის აქციების ფასი მკვეთრად — 26%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 78%-ით გაუმჯობესდა.
2023 წლის მეოთხე კვარტალში Shake Shack-ის შემოსავალი წლიურად 20%-ით — $286.2 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $280.2 მილიონი). აქედან $275.8 მილიონი რესტორნების გაყიდვებზე მოდის, ხოლო $10.5 მილიონი სალიცენზიო ხელშეკრულებებზე. ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 წლიურად 2.8%-ით გაუმჯობესდა.
საოპერაციო მოგების მარჟა რესტორნის დონეზე 19.8%-ს შეადგენდა, Shake Shack-ის მენეჯმენტმა კი აქციონერებისთვის განკუთვნილ წერილში განაცხადა: „ჩვენთვის 2023 წლის სტრატეგიული პრიორიტეტების ძირითადი საყრდენი ლოკაციებზე მომგებიანობის გაუმჯობესება იყო“. კომპანიაში მოელიან, რომ მიმდინარე წლისთვის ეს მაჩვენებელი 20%-21%-ს მიაღწევს. გარდა ამისა, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ წლიური შემოსავალი 11%-15%-ით გაიზრდება.
გასული წლის ბოლო მეოთხედში Shake Shack-მა შიდა ბაზარზე კომპანიის საკუთრებაში არსებული 15, ხოლო ლიცენზირებული 9 ლოკაცია გახსნა, მათ შორის ტაილანდსა და მექსიკაში. მენეჯმენტი აცხადებს, რომ 2024 წლისთვის დამატებით 80 ობიექტის გახსნა იგეგმება.
Shake Shack-ის ფინანსურმა დირექტორმა (CFO) — კეტი ფოგერტეიმ დასძინა, რომ კომპანიის გეგმები ამ წლისთვის არის „ვიზიტორების გამოცდილების გაუმჯობესება, გაყიდვების ზრდა, მომსახურების მთლიანი ღირებულების შემცირება, შრომის ოპტიმიზება, ლოკაციების აშენებისა და გახსნის პროცესების დახვეწა, ასევე ჩვენს გუნდებში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება“.
ანალიტიკოსების შეფასებები
Shake Shack-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $98.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $78.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $91.00-ს, ხოლო მინიმალური — $65.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Shake Shack-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 9-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Shake Shack-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.