გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Stellantis-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ჯიპების მწარმოებლის აქციების ფასი თითქმის 6%-ით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 64%-ით გაუმჯობესდა.
Stellantis-ის კვარტალურმა შემოსავალმა $46.04 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $45.56 მილიარდი), ხოლო მოგებამ თითო აქციაზე (EPS) — $1.34 (პროგნოზი — $1.68).
სრული 2023 წლის განმავლობაში კი Stellantis-ის შემოსავალი 6%-ით გაუმჯობესდა და რეკორდულ ნიშნულს — $204.12 მილიარდს მიაღწია. Chrysler-ის მშობელი კომპანიის მოგება კი 11%-ით გაიზარდა ასევე ისტორიულ მაჩვენებლამდე — $20.02 მილიარდამდე.
კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი $26.19 მილიარდამდე გაუმჯობესდა, მაგრამ ავტომწარმოებლის მოგების მარჟამ 12.8% შეადგინა. შედარებისთვის, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 13%-ს აღწევდა. მარჟის შემცირება გამოწვეული იყო United Auto Workers-ის (UAW) გაფიცვასთან დაკავშირებული ხარჯებით.
Stellantis-მა, UAW-ის გაფიცვის შედეგად, დაახლოებით $3 მილიარდის მოცულობის შემოსავალი $800 მილიონის ოდენობით მოგება დაკარგა, თუმცა, Cox Automotive-ის თანახმად, მისი ზარალი ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე სხვა დიდი ავტომწარმოებლების — Ford-ისა და General Motors-ის.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ Stellantis-ის წარმომადგენლებმა $3.2 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის გეგმა დააანონსეს.
Stellantis-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ 2023 წელს ბატარეების გლობალური გაყიდვები 21%-ით გაიზარდა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა — კარლოს ტავარესმა თქვა, რომ Stellantis-ის ელექტრომობილებს (EV) მოგება მოაქვს და კომპანია არ შეანელებს EV-ზე გადასვლის გეგმებს სხვა ტრადიციული ავტომწარმოებლებისგან (Ford და General Motors) განსხვავებით.
Stellantis-მა ასევე ისარგებლა აშშ-ში მაღალი მოთხოვნით ჰიბრიდებზე და არა მხოლოდ ბატარეაზე მომუშავე ავტომობილებზე. მენეჯმენტმა კი აღნიშნა, რომ კომპანიის ჰიბრიდებმა აშშ-ში პირველი ადგილი დაიკავა.
CFRA-ს (ფინანსური კვლევისა და ანალიზის ცენტრი) ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ, მათი აზრით, Stellantis-ის ჰიბრიდული სისტემის ავტომობილები ერთ-ერთი საუკეთესოა სეგმენტში და კომპანიის აქციების ნეიტრალური რეკომენდაცია ყიდვის რეიტინგით შეცვალეს.
Stellantis-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $26.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $26.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $34.46-ს, ხოლო მინიმალური — $19.38-ს. საშუალო სამიზნე ფასი Stellantis-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Stellantis-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.