გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიის — Intel-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 90%-ით გაუმჯობესდა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Intel-ის მმართველი გუნდი ირლანდიაში ახალი ჩიპების მწარმოებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ნახევარგამტარების სპეციალისტი გარე ინვესტორებისგან $2 მილიარდიანი დაფინანსების ძიებაშია მანამ, სანამ პროექტს შემდეგ ეტაპზე გადაიყვანს.
Intel ჩიპების წარმოებაზე ფსონების გაკეთებას განაგრძობს
Intel-ს უკვე აქვს საწარმოო ქარხანა და კვლევითი დაწესებულება ირლანდიაში, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ კომპანია ქვეყანაში ახალი ფაბრიკის აშენებას აპირებს. ნახევარგამტარული კომპანია დგამს ნაბიჯებს საწარმოო შესაძლებლობების გასაძლიერებლად და უკვე გეგმავს ახალი საწარმოო ჰაბების აშენებას აშშ-ში, გერმანიასა და ისრაელში. გარდა ამისა, ირლანდიაში ოპერირება Intel-ს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით უზრუნველყოფს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩიპების დამპროექტებლების უმეტესობა თავისი ჩიპების დამზადებას მესამე მხარეს ანდობს, როგორიცაა Taiwan Semiconductor Manufacturing (TSMC), Intel ამ საქმეს თავს თავად ართმევს. იმის ფონზე, რომ მოწინავე ჩიპებზე მოთხოვნა იზრდება, გეოპოლიტიკური დინამიკა კი დამატებით სტიმულებს ქმნის, აშშ-ში დაფუძნებული ჩიპების მწარმოებელი გიგანტი ცდილობს, ბაზარზე საწარმოო სერვისების მიმწოდებლად პოზიციონირდეს.
მოსალოდნელი დიდი ცვლილებები
Taiwan Semiconductor Manufacturing არის მაღალეფექტიანი ნახევარგამტარების წამყვანი საკონტრაქტო მწარმოებელი მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ კომპანია ამჟამად აწარმოებს მაღალეფექტიანი ნახევარგამტარების დაახლოებით 90%-ს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისა და სხვა მოწინავე გამოთვლითი აპლიკაციებისთვის გამოიყენება. მაგრამ ბევრი ანალიტიკოსი და გეოპოლიტიკური სტრატეგი ვარაუდობს, რომ ჩინეთი საბოლოოდ ტაივანზე ბევრად უფრო დიდ კონტროლს მოიპოვებს. მოვლენების ასე განვითარებამ კი შეიძლება შეზღუდოს მსოფლიოს წვდომა TSMC-ის საწარმოო სერვისებზე და ჩიპებზე, რომლებსაც ის აწარმოებს.
Intel დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ ბაზარზე TSMC-ის ალტერნატივად პოზიციონირდეს. წარმატება ამ ფრონტზე ერთ ღამეში არ მოვა, ეს მოითხოვს დიდ ინვესტიციებს და ადამიანურ კაპიტალს, მაგრამ, აღსანიშნავია, რომ კომპანია უკვე იღებს მნიშვნელოვან სახელმწიფო მხარდაჭერას. იმის გათვალისწინებით, რომ Intel-ს, ჩიპების კონსტრუირების სფეროში, რთულ კონკურენციულ გარემოში უწევს ოპერირება, მმართველი გუნდის მხრიდან ჭკვიანურია ნახევარგამტარების წარმოებაში პოტენციურად მასიური ცვლილებებით სარგებლის მიღებაზე ფოკუსირება.
ანალიტიკოსები შეფასებები
Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $44.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $46.42-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $68.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 35 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 24-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Intel-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.