გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Expedia-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა და ინვესტორები ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნითაც გააკვირვა. სავაჭრო საათების შემდეგ ტურისტული გიგანტის აქციების ფასი 13%-ით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 73%-ით გაუმჯობესდა.
მეოთხე კვარტალში ონლაინ ტურისტული კომპანიის შემოსავალი წლიურად 10%-ით — $2.89 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.88 მილიარდი). კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი $242 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული მოგება თითო აქციაზე (EPS) $1.72 იყო (პროგნოზი — $1.68). თუმცა ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა $0.92 შეადგინა და ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს $0.21-ით ჩამორჩა.
მთლიანი ჯავშნები კვარტალში 6%-ით — $21.67 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ოდნავ ჩამოუვარდებოდა უოლ სტრიტის მოლოდინს — $22 მილიარდს.
გუშინ საღამოს გამოქვეყნებულ ცალკე განცხადებაში კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ Expedia-ს აღმასრულებელი დირექტორი — პიტერ კერნი თანამდებობიდან გადადგა და მის ადგილს კომპანიის ინსაიდერი — არიანე გორინი დაიკავებს. იგი Expedia-ს 13 მაისიდან გაუძღვება. არიანე, რომელიც კომპანიაში ათ წელზე მეტია მუშაობს, ბოლო დროს, Expedia-ს B2B ჯგუფის პრეზიდენტი იყო. იგი ადგილს დირექტორთა საბჭოშიც დაიკავებს.
„ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ ახალი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა კომპანიაში უკვე მომუშავე ადამიანს დაეკავებინა. დიდი ძიების შედეგად კი საბჭომ დაადგინა, რომ არიანე გორინი საუკეთესო კანდიდატი იყო თავისი სამაგალითო ლიდერული თვისებების გათვალისწინებით“ — თქვა Expedia-ს თავმჯდომარემ — ბარი დილერმა. კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ პიტერ კერნი Expedia-ს ვიცე-თავმჯდომარე და დირექტორთა საბჭოს წევრი იქნება. იგი მჭიდროდ ითანამშრომლებს გორინთან, რათა ხელი შეუწყოს, თანამდებობის შეუფერხებლად გადაბარების პროცესს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Expedia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $159.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $168.95-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $135.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Expedia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან შემცირებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Expedia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.