გუშინ Ralph Lauren-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი მოდისა და ტანსაცმლის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 17%-ით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 37%-ით გაუმჯობესდა.
შესანიშნავი სადღესასწაულო სეზონი
ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში, რომელიც 30 დეკემბერს დასრულდა, Ralph Lauren-ის შემოსავალი წლიურად 6%-ით — $1.93 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.87 მილიარდი). კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი 24%-ით მოიმატა და $275 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული მოგება თითო აქციაზე (EPS) $4.17 იყო (პროგნოზი — $3.55).
Ralph Lauren-ის აღმასრულებელი დირექტორის — პატრის ლუვეტის თქმით კომპანიას შესანიშნავი სადღესასწაულო სეზონი ჰქონდა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა და განსაკუთრებით ძლიერი წარმადობა დააფიქსირა კომპანიის პირდაპირ მომხმარებელზე ორიენტირებულმა ბიზნესმა. Ralph Lauren-ის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 9%-ით გაუმჯობესდა. გარდა ამისა, კომპანიამ მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები დააფიქსირა ყველა რეგიონში.
Ralph Lauren-მა კვარტალი დაასრულა $1.9 მილიარდის მოცულობის ნაღდი ფულით და მოკლევადიანი ინვესტიციებით, ასევე $1.1 მილიარდის ოდენობის მთლიანი ვალით. მარაგების დონე 15%-ით შემცირდა და $1.1 მილიარდი შეადგინა.
ფისკალურ მესამე კვარტალში კომპანიამ $103 მილიონის ღირებულების A კლასის აქციები გამოისყიდა.
სეგმენტები
ჩრდილოეთ ამერიკა: ფისკალურ მესამე კვარტალში ამ სეგმენტის შემოსავალი წლიურად უცვლელი იყო და $933 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $927.3 მილიონი). ჩრდილოეთ ამერიკაში საცალო არხების comps წლიურად 5%-ით გაუმჯობესდა, ფიზიკური მაღაზიების — 6%-ით, ხოლო ციფრული კომერციის — 4%-ით.
ევროპა: ამ სეგმენტის შემოსავალი 11%-ით — $522 მილიონამდე გაიზარდა (პროგნოზი — $471.6 მილიონი). ევროპაში საცალო არხების comps 11%-ით გაიზარდა, ფიზიკური მაღაზიების — 10%-ით, ხოლო ციფრული კომერციის — 12%-ით.
აზია: ამ სეგმენტის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა და $446 მილიონს მიაღწია (პროგნოზი — $426.8 მილიონი). Comps აზიაში 14%-ით გაუმჯობესდა, რასაც მხარს უჭერდა 13%-იანი მატება ფიზიკურ მაღაზიებში, ხოლო 25%-იანი ზრდა ციფრულ ბიზნესში.
რას უნდა მოველოდეთ მომავალში?
რაც შეეხება მომავალს, Ralph Lauren-ის მენეჯმენტი მოელის, რომ სრული ფისკალური 2024 წლის განმავლობაში შემოსავალი დაბალი ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გაიზრდება. კომპანიაში ასევე პროგნოზირებენ, რომ საოპერაციო მარჟა 30-50 საბაზისო პუნქტით — 12.3%-12.5%-მდე გაუმჯობესდება.
ანალიტიკოსების შეფასებები
Ralph Lauren-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $172.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $153.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $190.00-ს, ხოლო მინიმალური — $131.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ralph Lauren-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11%-იან შემცირებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Ralph Lauren-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.