გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების შესახებ, როგორებიც არის Shopify, Arm Holdings, AstraZeneca, Advanced Drainage Systems და Allstate.
Shopify
გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, ელექტრონული კომერციის პლატფორმის — Shopify-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 124%-ით გაუმჯობესდა.
საინვესტიციო ბანკის — Citigroup-ის ანალიტიკოსებმა Shopify-ის აქციების სამიზნე ფასი $87-დან $96-მდე გაზარდეს, თუმცა მათ ნეიტრალური რეიტინგი შეინარჩუნეს. ოთხშაბათის დახურვის ფასთან შედარებით ეს მაჩვენებელი დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს.
ანალიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები) ხარჯების გაუმჯობესებას ეკონომიკური აღდგენის ფონზე, განსაკუთრებით ელექტრონული კომერციის სივრცეში. თუმცა საინვესტიციო ბანკის პოზიტიურ ხედვას ხელს უშლის სამუშაო ძალის შემცირების ტენდენცია ტექნოლოგიურ სექტორში.
ასევე არსებობს ეჭვი, რომ ელ.ფოსტის ავტორიზაციის სტანდარტებში ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს Shopify-ის ზოგიერთი მომხმარებელი, რომელიც კომპანიის მესამე მხარის ელ.ფოსტის პროვაიდერის სერვისებს იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ საქმე მხოლოდ დომენის სახელების ავტორიზაციასა და განახლებას ეხება, ამ პროცესს შეიძლება 24 საათი დასჭირდეს და გამოიწვიოს ელ.ფოსტის დაგვიანებით მიწოდება, თუ ის სათანადოდ არ წარიმართება.
ეკონომიკური ლანდშაფტის გაუმჯობესება და ინფლაციის კლება უთუოდ გაზრდის სამომხმარებლო ხარჯებს. ეს, თავის მხრივ, სარგებელს მოუტანს ონლაინ გაყიდვებს და თავად Shopify-ს.
კომპანია მეოთხე კვარტლისა და მთელი წლის ანგარიშს სამშაბათს, 13 თებერვალს წარადგენს და ინვესტორები ყურადღებით დააკვირდებიან, კვლავ შეძლებს თუ არა Shopify ანალიტიკოსების მოლოდინების გადაჭარბებას. მესამე მეოთხედი კომპანიისთვის იყო ზედიზედ მეოთხე კვარტალი, როდესაც მან პოზიტიური თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) დააფიქსირა. გარდა ამისა, ბოლო სამი კვარტლიდან ორში Shopify-მ მოგების გამომუშავება შეძლო.
უოლ სტრიტის ანალიტიკოსები მოელიან, რომ კომპანიის კვარტალური შემოსავალი წლიურად 20%-ით — $2.08 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) 343%-ით გაუმჯობესდება და $0.31-ს მიაღწევს.
Shopify-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $88.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $80.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $100.00-ს, ხოლო მინიმალური — $56.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Shopify-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან შემცირებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 31 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 16-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Arm Holdings
ნახევარგამტარების კომპანიის — Arm Holdings-ის აქციები საფონდო ბირჟაზე საჯაროდ გასული სექტემბრიდან არის ხელმისაწვდომი. ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, კომპანიამ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი Arm-ის აქციების ფასი თითქმის 48%-ით გაიზარდა.
2023 წლის სექტემბრიდან ნახევარგამტარების კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 88%-ით არის გაუმჯობესებული.
Arm Holdings-ის კვარტალური შემოსავალი წლიურად 14%-ით — $824 მილიონამდე გაიზარდა, რამაც საგრძნობლად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $761.6 მილიონს. კორექტირებული საოპერაციო მოგება 17%-ით — $338 მილიონამდე გაუმჯობესდა. კორექტირებულმა EPS-მა კი $0.29-ს მიაღწია (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.25).
საპატენტო შემოსავალი 11%-ით გაიზარდა და $470 მილიონს მიაღწია, რაც გამოწვეულია ნახევარგამტარული ინდუსტრიის აღდგენით და Armv9-ზე დაფუძნებული ჩიპების გაყიდვების გაზრდით, რომლებიც, ზოგადად, უფრო მაღალ საპატენტო შემოსავალს იღებს. მოლოდინებს სალიცენზიო შემოსავალმაც გადააჭარბა და 18%-ით — $354 მილიონამდე გაიზარდა, რაც ნაწილობრივ გამოწვეული იყო მოწინავე Arm-ის CPU-ებზე მოთხოვნით.
რაც შეეხება მომავალს, Arm Holdings-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე, მეოთხე კვარტალში შემოსავალი $850-$900 მილიონს მიაღწევს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი — $875 მილიონი წლიურად 38%-იან ზრდას წარმოადგენს და აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $780.3 მილიონს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ საბოლოო კორექტირებული EPS $0.28-$0.32-ს შეადგენს (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.21).
Arm Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $114.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $92.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $120.00-ს, ხოლო მინიმალური — $46.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Arm Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18.4%-იან შემცირებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
AstraZeneca
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, AstraZeneca-მ მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი მედიკამენტების მწარმოებლის აქციების ფასი 4%-ზე მეტით შემცირდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ით შემცირდა.
ანგლო-შვედური ფარმაცევტული ფირმის კვარტალური შემოსავალი წლიურად 7%-ით — $12.02 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $12.11 მილიარდს. ხოლო EPS-მა $0.31 შეადგინა, რაც უოლ სტრიტის მოლოდინს $0.97-ით ჩამოუვარდება.
მთელი წლის შემოსავალი 3%-ით გაიზარდა და $45.81 მილიარდი შეადგინა, EPS-მა კი $7.26-ს მიაღწია. AstraZeneca-ს მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ შემოსავალზე ნეგატიურად იმოქმედა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და იმუნური თერაპიის გაყიდვების შემცირებამ.
ფარმაცევტული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი — პასკალ სორიოტი ოპტიმისტურად არის განწყობილი. მან განაცხადა: „კომპანიის დამტკიცებული მედიკამენტების დიფერენცირებული და მზარდი პორტფელი, გლობალური მიღწევები და მნიშვნელოვანი R&D (კვლევა და განვითარება) გვაძლევს რწმენას, რომ ინდუსტრიისთვის წამყვანი ზრდის დაფიქსირებას განვაგრძობთ“.
AstraZeneca-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $64.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $80.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $86.00-ს, ხოლო მინიმალური — $70.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AstraZeneca-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Advanced Drainage Systems
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Advanced Drainage Systems-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი წყლის მენეჯმენტ კომპანიის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 72%-ით გაუმჯობესდა.
Advanced Drainage აწარმოებს აღჭურვილობებს წყლის მენეჯმენტისთვის. ფისკალურ მესამე კვარტალში, რომელიც 31 დეკემბერს დასრულდა, კომპანიის შემოსავალმა $662.4 მილიონს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $629 მილიონი), ხოლო EPS-მა — $1.37-ს (პროგნოზი — $1.02).
გასულ მეოთხედში Advanced Drainage-ის კორექტირებულმა EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) მარჟამ წლიურად 490 საბაზისო პუნქტით მოიმატა და 30.8%-ს მიაღწია.
გარდა ამისა, კომპანიის მენეჯმენტმა კვარტალური დივიდენდის 17%-ით — $0.14-მდე ზრდა დააანონსა.
ასეთი ბიზნესისთვის გრძელვადიანი პოზიტიური სცენარი ნათელია: მოსალოდნელია, რომ მომავალში გაიზრდება მოთხოვნა ისეთ კომპანიებზე, რომლებიც ადამიანებს ამ რესურსის უკეთ მართვაში ეხმარება. წყალთან დაკავშირებულმა უფრო ფართომასშტაბიანმა და ხშირმა კლიმატურმა მოვლენებმა წვიმის წყლის უკეთ მართვის საჭიროება უნდა შექმნას.
Advanced Drainage-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $156.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $158.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $166.00-ს, ხოლო მინიმალური — $149.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Advanced Drainage-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 6 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Allstate
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Allstate-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი სადაზღვევო კომპანიის აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3%-ით გაუმჯობესდა.
ჩრდილოეთ ამერიკაში შედარებით წყნარი ზამთარი იყო და ეს დიდი სტიმულია სახლისა და ავტომობილების მზღვეველებისთვის, როგორიც არის Allstate. მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიურად 8.7%-ით — $14.83 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $12.69 მილიარდი). EPS-მა კი $5.82 შეადგინა (პროგნოზი — $3.79).
Allstate-ის წმინდა მოგებამ კვარტალში $1.5 მილიარდს მიაღწია, რაც აღმასრულებელმა დირექტორმა — ტომ უილსონმა მიაწერა ავტომობილების დაზღვევაში გაუმჯობესებულ მომგებიანობას და მშვიდ ამინდებს.
მთელი წლის განმავლობაში კი Allstate-ის შემოსავალმა $57.1 მილიარდი შეადგინა, ხოლო ზარალმა — $316 მილიონი. შედარებისთვის, 2022 წელს კომპანიის შემოსავალი $51.4 მილიარდი იყო, ხოლო ზარალი — $1.4 მილიარდი.
Allstate-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $162.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $170.53-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $193.00-ს, ხოლო მინიმალური — $145.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Allstate-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.