ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Deckers Outdoor-მა ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. ფინანსური მაჩვენებლები რეკორდული იყო, რის შედეგადაც პარასკევს ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის კომპანიის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 68%-ით გაუმჯობესდა.
Deckers Outdoor-ის რეკორდული კვარტალი
Deckers ფლობს რამდენიმე ცნობილ ბრენდს, მათ შორის Hoka-ს და UGG-ს. კომპანიის ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალი დეკემბერში დასრულდა და ამ პერიოდში Deckers-მა რეკორდული შემოსავალი გამოიმუშავა — ეს მაჩვენებელი წლიურად 16%-ით გაიზარდა და $1.56 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.44 მილიარდი). გასულ მეოთხედში კომპანიის შესანიშნავმა წარმადობამ მენეჯმენტს უბიძგა, მთელი წლის შემოსავლის პროგნოზი $4.025 მილიარდიდან $4.15 მილიარდამდე გაეზარდა.
თანაბრად შთამბეჭდავი იყო Deckers-ის მომგებიანობის მეტრიკები. მესამე კვარტალში კომპანიის მთლიანი მოგების მარჟა წლიურად 53%-დან 59%-მდე გაიზარდა. ანალოგიურად, გაუმჯობესდა მისი საოპერაციო მარჟა, რის შედეგადაც Deckers-ის საოპერაციო მოგებამ 35%-ით — $488 მილიონამდე მოიმატა.
კომპანიის EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $15.11-ს მიაღწია, რაც საგრძნობლად აღემატებოდა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $11.4-ს.
რას უნდა მოველოდეთ მომავალში?
ამ მომენტისთვის, Deckers-ის აქციების ფასი ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 1,000%-ით არის გაუმჯობესებული. ამ შედეგით კომპანია ფართო ბაზრის წარმადობას საგრძნობლად ჯაბნის.
აღსანიშნავია, რომ პარასკევს Deckers-ის აქციების P/S (ფასი/გაყიდვები) კოეფიციენტიც ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ამ ერთი მაჩვენებლის თვალსაზრისით, Deckers-ის აქციები ასეთი ძვირი არასოდეს ყოფილა.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად კომპანიის აქციებს თან ახლავს შეფასებასთან დაკავშირებული გარკვეული რისკი. უფრო მეტიც, ცნობილია, რომ Deckers-ის აღმასრულებელი დირექტორი — დეივ პაუერსი, რომელიც კომპანიას 2012 წელს შეუერთდა, აგვისტოში პენსიაზე გავა. მის ადგილს კი მთავარი კომერციული ოფიცერი — სტეფანო კაროტი დაიკავებს. ეს ცვლილებაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.
ანალიტიკოსების შეფასებები
Deckers Outdoor-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $882.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $899.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,150.00-ს, ხოლო მინიმალური — $775.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Deckers Outdoor-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Deckers Outdoor-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.