პარასკევს Apple გაფართოებულ რეალობაში (AR) გადავიდა — კომპანიამ გამოუშვა Vision Pro ჰედსეტი, რომელიც Meta Platforms-თან პირდაპირი კონკურენციისთვის არის შექმნილი.
Apple-ის მოწყობილობა იყენებს 12 კამერას, 6 მიკროფონს და 5 სენსორს. ის მთლიანად კონტროლდება ხელების, თვალებისა და ხმის საშუალებით.
უკვე დიდი ხანია, რაც Apple-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გაფართოებული რეალობა VR-ზე (ვირტუალური რეალობა) ბევრად ღირებული ტექნოლოგიაა. Vision Pro კი ერთ პროდუქტში ორივე მათგანის იდეალურ შერწყმას წარმოადგენს. მისი მეშვეობით, სხვადასხვა სამუშაო პროგრამის გამოყენებასთან ერთად, შესაძლებელია ფილმებისა და სატელევიზიო შოუების ყურება გიგანტურ ვირტუალურ 4K HDR ეკრანზე.
Apple-ის ახალი მოწყობილობა მუშაობს ახალ visionOS ოპერაციულ სისტემაზე და თავსებადია მილიონზე მეტ აპლიკაციასთან კომპანიის App Store-დან. Vision Pro-ს ფასი $3,499-დან იწყება. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება Meta-ს პროდუქტის — Quest 3-ის საწყის ფასს, რომელიც დაახლოებით $500-ს შეადგენს.
ჰედსეტისთვის Apple-მა Developer Strap-იც წარადგინა. ეს არის Vision Pro-ს კომპიუტერთან დასაკავშირებლად შექმნილი აქსესუარი, რომლის ღირებულებაც $299-ს აღწევს. ის, USB-C პორტის მეშვეობით, Mac-ს პირდაპირ უკავშირდება, რაც დეველოპერებს ინტენსიურ აპლიკაციებში უფრო კომფორტულად მუშაობის საშუალებას აძლევს.
Apple-ის მენეჯმენტმა ასევე დააანონსა ახალი Spatial Video ფორმატი, რომლის ჩაწერაც Vision Pro-ს და iPhone 15 Pro მოდელების მეშვეობით არის შესაძლებელი. ის შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა თავიანთი საყვარელი მოგონებების გაცოცხლება შეძლონ.
ხუთშაბათს Meta Platforms-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ Quest 3 თავსებადი იქნებოდა Spatial Video-სთან.
ანალიტიკოსების შეფასებები
International Data Corp.-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ Vision Pro-ს მაღალი ფასი, სავარაუდოდ, ბიზნესზე ნეგატიურად აისახება. Deutsche Bank Research-ის ანალიტიკოსები უფრო ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი, მათ აღნიშნეს: „მიუხედავად იმისა, რომ მაღალმა ფასმა შეიძლება ბაზრის მიერ პროდუქტის ათვისების საწყისი ეტაპი შეანელოს, Vision Pro-ს გამოშვება Apple-ის ეკოსისტემას აფართოებს. ის კომპანიას, დროთა განმავლობაში, შემოსავლების ნაკადების დივერსიფიკაციის შესაძლებლობას მისცემს“.
მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის განმავლობაში VR ბაზარი შენელდა, ანალიტიკოსები Vision Pro-ს მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. Wedbush Securities-ის ექსპერტების შეფასებით, Apple-ის ახალი მოწყობილობის გაყიდვები მიმდინარე წელს 600,000 ერთეულს გადააჭარბებს, რაც შესამჩნევად უსწრებს Wedbush-ის მიერ თავდაპირველად პროგნოზირებულ 460,000-ს.
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $186.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $205.55-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $158.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 27 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.