ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Boot Barn-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ვესტერნის სტილის ტანსაცმლის კომპანიის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 23%-ით გაუმჯობესდა.
მესამე კვარტალში Boot Barn-ის შემოსავალმა $520.4 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $521.01 მილიონი), ხოლო EPS-მა $1.81-ს მიაღწია (პროგნოზი — $1.77).
კომპანიის მთლიანი მოგების მარჟა კვარტალში 38.3%-მდე გაუმჯობესდა, გასული წლის იმავე მეოთხედის მაჩვენებელთან — 36.5%-თან შედარებით. უფრო მეტიც, მისი საოპერაციო შემოსავალი ოდნავ გაიზარდა $75.1 მილიონამდე, შესაბამისად საოპერაციო მარჟამ 14.4% შეადგინა.
თუმცა, სავარაუდოდ, Boot Barn-ის მომგებიანობა მომდევნო კვარტალში შემცირდება. მენეჯმენტი მოელის, რომ მისი გაყიდვები დაიკლებს და საოპერაციო მარჟა 10%-ზე დაბლა დაეცემა, რაც მნიშვნელოვანი ვარდნაა მესამე კვარტალთან შედარებით.
დეკემბერში დასრულებული კვარტლის განმავლობაში, Boot Barn-ის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 წლიურად 9.7%-ით შემცირდა. ფისკალური 2024 წლისთვის კი მენეჯმენტი მოელის, რომ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით დაიკლებს.
აღსანიშნავია, რომ გასული კვარტლის დასასრულის ბოლო მონაცემებით Boot Barn 382 საცალო ვაჭრობის ობიექტს ფლობდა, მენეჯმენტი კი მოელის, რომ ფისკალური 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 900-მდე გაიზრდება.
ანალიტიკოსების შეფასებები
Boot Barn-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $79.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $90.69-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $115.00-ს, ხოლო მინიმალური — $70.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Boot Barn-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 13 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Boot Barn-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.