გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Mastercard-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი საგადახდო ტექნოლოგიური კორპორაციის აქციების ფასი თითქმის 1%-ით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 23%-ით გაუმჯობესდა.
გლობალური გადახდების ინდუსტრიაში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის კვარტალური შემოსავალი წლიურად 13%-ით — $6.5 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $6.48 მილიარდი). თითო აქციაზე მოგებამ (EPS) კი $3.18-ს მიაღწია (პროგნოზი — $3.08).
კვარტალურ შედეგებზე პოზიტიურად იმოქმედა სტაბილურმა სამომხმარებლო ხარჯებმა და შესყიდვების სოლიდურმა ტრანსსასაზღვრო მოცულობებმა. მაჩვენებლების ზრდაში ასევე წვლილი შეიტანა გადახდის ქსელის გაფართოებამ, დამატებული ღირებულების სერვისებმა და გადაწყვეტებმა. თუმცა აღმავლობა ნაწილობრივ კომპენსირებული იყო საოპერაციო ხარჯების ზრდით.
დოლარების მთლიანი მოცულობა (Mastercard-ის ბრენდის ბარათებიდან განხორციელებული შესყიდვები და ფულადი სახსრების გაცემა) მეოთხე კვარტალში წლიურად, ადგილობრივი ვალუტის საფუძველზე, 10%-ით — $2.4 ტრილიონამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.3 ტრილიონს.
გადახდების ტრანსსასაზღვრო მოცულობები (ძირითადი საზომი, რომელიც აკონტროლებს ბარათების დანახარჯებს გამცემი ქვეყნის ფარგლებს გარეთ), ადგილობრივი ვალუტის საფუძველზე, წლიურად 18%-ით გაუმჯობესდა.
გადახდის ქსელის ფასდაკლებებმა და წახალისებებმა მეოთხე კვარტალში წლიურად 19%-ით მოიმატა ახალი და განახლებული გარიგებების გავლენის შედეგად.
Mastercard-ის კლიენტების მიერ 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გამოშვებულ იქნა 3.3 მილიარდი Mastercard და Maestro-ს ბრენდის ბარათები.
კომპანიის საოპერაციო ხარჯები წლიურად 21%-ით — $3.2 მილიარდამდე გაიზარდა პერსონალის დანახარჯების მაღალი დონის გამო.
Mastercard-ის საოპერაციო შემოსავალმა 6%-ით — $3.4 მილიარდამდე მოიმატა, ხოლო საოპერაციო მარჟა 320 საბაზისო პუნქტით გაუმჯობესდა და 51.5%-ს მიაღწია.
მეოთხე კვარტალში საგადახდო ტექნოლოგიური კორპორაციის ფულადი სახსრები და მისი ეკვივალენტები წლიურად 22.5%-ით — $8.6 მილიარდამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ბევრად აღემატება კომპანიის გრძელვადიანი ვალის მიმდინარე ნაწილს — $1.3 მილიარდს.
Mastercard-ის მთლიანი აქტივები 9.6%-ით — $42.4 მილიარდამდე გაიზარდა. გრძელვადიანმა ვალმა $14.3 მილიარდი შეადგინა, რაც 4.3%-ით აღემატება 2022 წლის 31 დეკემბრის მაჩვენებელს. მთლიანი კაპიტალი კი წლიურად 9.7%-ით — $7 მილიარდამდე გაუმჯობესდა.
2023 წელს Mastercard-მა ოპერაციებიდან $12 მილიარდის მოცულობის ფულადი ნაკადები გამოიმუშავა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 7%-ით აჭარბებს.
გარდა ამისა, კომპანიამ გასულ მეოთხედში $1.8 მილიარდის ღირებულების 4.5 მილიონი აქცია გამოისყიდა. 2024 წლის 26 იანვრის მდგომარეობით კი მას დამატებით $13.6 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის შესაძლებლობა აქვს. ამასთან, მეოთხე კვარტალში Mastercard-მა აქციონერებზე გასცა დივიდენდები, რომელთა საერთო მოცულობამაც $534 მილიონს მიაღწია.
ანალიტიკოსების შეფასებები
Mastercard-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $449.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $492.38-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $530.00-ს, ხოლო მინიმალური — $424.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Mastercard-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 18 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Mastercard-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.