გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, ტექნოლოგიურმა გიგანტმა — Alphabet-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. საკონფერენციო ზარზე კი კომპანიის აღმასრულებლებმა ყურადღება გაამახვილეს გენერაციულ AI-ზე, გამოწერების სერვისებზე, ქლაუდზე და Alphabet-ის მიერ ზრდისთვის განხორციელებულ ინვესტიციებზე.
Alphabet-ის კვარტალურმა შემოსავალმა $86.31 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $85.23 მილიარდი), ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $1.64-ს (პროგნოზი — $1.59).
Google-ის წარმომადგენლების თქმით, რეკლამის განმთავსებლებზე AI დადებითად იმოქმედებს
მეოთხე კვარტალში კომპანიის სარეკლამო შემოსავალი წლიურად 11%-ით გაიზარდა, მაგრამ ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების მოლოდინს ჩამორჩა. გუშინ Alphabet-ის აღმასრულებლებმა ხაზი გაუსვეს AI-ს როლს რეკლამის განმთავსებლების დახმარების საკითხში, მათ განსაკუთრებით გამოყვეს კომპანიის ახალი AI მოდელი — Gemini, რომელიც 2023 წლის დეკემბერში გამოვიდა. ეს ინსტრუმენტი, რომელიც Alphabet-ის წარმომადგენლების თქმით, Microsoft-ის ChatGPT-ზე უკეთესია, უკვე ინტეგრირებულია Google-ის ყველა პროდუქტთან, როგორიცაა Bard საძიებო ინსტრუმენტი და კომპანიის სარეკლამო მიმართულებები. აღმასრულებელმა დირექტორმა — სუნდარ პიჩაიმ თქვა, რომ Gemini ძიების შეფერხებას უკვე 40%-ით ამცირებს და Gemini Ultra ვერსიის მალე გამოსვლაც დააანონსა.
ბიზნესის მთავარმა ოფიცერმა — ფილიპ შინდლერმა განაცხადა, რომ რეკლამის განმთავსებლები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან კომპანიის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით გაძლიერებული მარკეტინგული კამპანიებისთვის, რადგან მეოთხე კვარტალში მომხმარებლები ფასების თვალსაზრისით უფრო ინფორმირებულები გახდნენ. AI-ზე ორიენტირებულ კამპანიებს შეუძლია, კლიენტებს წვდომა მისცეს 3 მილიარდ მომხმარებელზე.
Google Cloud-ის შემოსავალი $9 მილიარდს აღწევს
Google Cloud-ის სწრაფად მზარდმა სეგმენტმა $9.1 მილიარდის მოცულობის შემოსავალი მოიტანა, რაც გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელს 26%-ით აღემატება. ამან შეიძლება შეამსუბუქოს ინვესტორების შიში, რომელიც მესამე კვარტლის შენელების შემდეგ გაჩნდა.
კომპანიის Duet AI და Vertex AI სერვისები Google-ს დაეხმარა, მოეზიდა უამრავი კორპორატიული კლიენტი, მათ შორის McDonald’s, Verizon, Moody’s და Victoria’s Secret.
ხელოვნური ინტელექტი იაფი არ არის
უახლესი კვარტალური ანგარიშის ერთ-ერთი დიდი ნათელი წერტილი იყო კომპანიის შემოსავლის ღირებულების (წარმოების და მომხმარებლისთვის პროდუქტის ან მომსახურების მიწოდების მთლიანი ღირებულება) ზრდა — ამ მაჩვენებელმა წლიურად 6%-ით მოიმატა. Alphabet-ის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა — რუთ პორატმა განაცხადა, რომ ეს გამოწვეულია კომპანიის სააბონენტო შეთავაზებებისთვის კონტენტის შეძენით.
მან დასძინა, რომ იმავე პერიოდში მთლიანი ხარჯები 11%-ით გაიზარდა. Alphabet გეგმავს AI-ის მიმართულებით კიდევ უფრო გაფართოებას და ამისთვის საჭირო იქნება მსხვილი ინვესტიციები უძრავ ქონებასა და მონაცემთა ცენტრებში. გასულ კვარტალში კაპიტალურმა ხარჯებმა $11 მილიარდამდე მოიმატა, მაგრამ რუთ მორატას თქმით, 2024 წელს ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზრდება.
ახალი პლატფორმებითა და პროდუქტებით გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სათავეში ყოფნისკენ სწრაფვა ასევე ზრდის კვლევისა და განვითარების (R&D) ხარჯებს. 2023 წელს R&D დანახარჯებმა $45.4 მილიარდს მიაღწია, რაც 2022 წლის იმავე მაჩვენებელს $6 მილიარდით აღემატება.
აღმასრულებელმა დირექტორმა — სუნდარ პიჩაიმ თქვა, რომ Alphabet ზრდის საინვესტიციო გეგმების მიმართულებით დისციპლინაზეა ორიენტირებული. თუმცა ზოგიერთ ანალიტიკოსს შეიძლება აშფოთებდეს 2024 წლის მოგების მოკლევადიანი შეფერხება იმის ფონზე, რომ ხელოვნური ინტელექტზე არსებული მოთხოვნა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.
გამოწერების ზრდა ძირითადი პრიორიტეტია
Alphabet-ის გამოწერებიდან გამომუშავებულმა წლიურმა შემოსავალმა $15 მილიარდს გადააჭარბა და კომპანიის მენეჯმენტი ხედავს ძლიერ წარმატებებს ისეთ მიმართულებებში, როგორიც არის YoutubeTV. სუნდარ პიჩაის თქმით, Gemini Ultra-თი მხარდაჭერილი პრემიუმ გამოწერის სერვისიც მუშავდება. გარდა ამისა, Google One-ის გამომწერების რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა. ეს სერვისი გვთავაზობს ქლაუდ მეხსიერებას და სარეზერვო ასლს სმარტფონისთვის.
ბიზნესის მთავარმა ოფიცერმა — ფილიპ შინდლერმა კი თქვა, რომ კომპანია ორიენტირებულია გამოწერების, პლატფორმების და მოწყობილობების სეგმენტზე, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც Google Other. მან აღნიშნა, რომ კომპანიის Google Shorts-ის (TikTok-ის კონკურენტი) ყოველდღიური ნახვების რაოდენობა 70 მილიარდს აღწევს. კომპანია ასევე ცდილობს კონკურენცია გაუწიოს Apple-ს თავისი Pixel ტელეფონებით და შინდლერმა აღნიშნა, რომ ის დიდ როლს ითამაშებს სეგმენტში.
გარდა ამისა, ერთ წელზე მეტი ხნის წინ Alphabet-ის შვილობილმა — YouTube-მა გააფორმა წელიწადში $2 მილიარდის ღირებულების შვიდწლიანი კონტრაქტი NFL-თან YouTube TV-ზე ტრანსლაციის ექსკლუზიურ უფლებებით. YouTube TV-ზე ხელმისაწვდომი იქნება NFL Sunday Ticket —პრემიუმ სპორტული პაკეტი, რომელიც მომხმარებლებს კვირაობით ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) რეგულარული სეზონის თამაშებს სთავაზობს. რაც ასევე კარგი ამბავია.
ანალიტიკოსების შეფასებები
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $151.50-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 24 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $162.77-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $180.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 24 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.