გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Microsoft, Super Micro Computer, United Parcel Service და General Motors.
Microsoft
გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტის — Microsoft-ის მიერ წარდგენილმა კვარტალურმა შედეგებმა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა. გასულ მეოთხედში Microsoft-ის შემოსავალმა $62 მილიარდს მიაღწია (უოლ სტრიტის პროგნოზი — $61.1 მილიარდი), ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $2.93-ს (პროგნოზი — $2.78).
კვარტალური ანგარიშის წარდგენისას კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა — სატია ნადელამ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მან თავისი შენიშვნები კომპანიის ქლაუდ სეგმენტის ხაზგასმით დაიწყო და თქვა: „გასულ კვარტალში Azure-მა კვლავ დაიკავა ბაზრის წილი ჩვენი AI უპირატესობის წყალობით“.
სატიამ განაცხადა, რომ Azure AI სთავაზობს საუკეთესო წარმადობას AI აქსელერატორების ყველაზე მრავალფეროვან პროდუქტებს, მათ შორის AMD-ის, Nvidia-ს და თავად Microsoft-ის შიდა ჩიპებს. აღმასრულებელი დირექტორის თქმით, Azure AI-ის ჰყავს 53,000 მომხმარებელი, რომელთაგან მესამედმა ამ სერვისის გამოყენება გასულ წელს დაიწყო.
ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში Azure Microsoft-ის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო — ქლაუდ შემოსავალი წლიურად 20%-ით გაიზარდა. გასულ კვარტალში, Microsoft-ის ქლაუდ სეგმენტმა ინვესტორებისგან დიდი ყურადღება დაიმსახურა.
სატია ნადელამ განაცხადა, რომ Microsoft ხელოვნური ინტელექტის შესახებ საუბრიდან მისი მასშტაბის გამოყენებაზე გადადის, AI-ის დანერგვით კომპანიის ყველა დონეზე. მან აღნიშნა, რომ ტექნოლოგია ხელს უწყობს Microsoft-ს ახალი კლიენტების მოზიდვაში, მეტი სარგებლის მიღებაში და პროდუქტიულობის გაუმჯობესებაში.
ტექნოლოგიურმა გიგანტმა ხელოვნური ინტელექტის რბოლაში ადრევე დააფიქსირა ლიდერობის სურვილი ChatGPT-ის შემქმნელ OpenAI-სთან მიმდინარე პარტნიორობით, ასევე საკუთარი AI ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების შემუშავებით.
სატიამ დაასახელა რამდენიმე დიდი კომპანია, რომელიც იყენებს Microsoft-ის AI ინსტრუმენტებს, მათ შორის არის Ally Financial, Walmart და Coca-Cola.
აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ გასულ კვარტალში Microsoft-ის ძირითადი მამოძრავებელი იყო Azure OpenAI და თავად OpenAI-ის API (აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი).
მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა — ემი ჰუდმა აღნიშნა, რომ Azure-ისა და სხვა ქლაუდ სერვისების შემოსავალში 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
Microsoft-ის მენეჯმენტს არ გაუკეთებია კომენტარი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მარეგულირებლების მიერ წამოწყებულ ანტიმონოპოლიურ გამოძიებაზე, რომელიც მისი და OpenAI-ის პარტნიორობასთან არის დაკავშირებული.
სატიას თქმით, Microsoft-ში ხელოვნური ინტელექტის ათვისების პროცესის ციკლურად გამეორებას მოელიან, რადგან მომხმარებლები, რომლებიც კომპანიის AI ტექნოლოგიას იყენებენ, სამუშაო პროცესის ცვლილებას თვალსაჩინოდ ხედავენ.
აღმასრულებელმა დირექტორმა ეს შეადარა პერსონალური კომპიუტერების ათვისებას კორპორატიული სამუშაო პროცესის ფარგლებში.
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $409.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 31 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $443.20-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $385.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8.5%-იან ზრდას გულისხმობს.
Super Micro Computer
გუშინ Super Micro Computer-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კომპანიამ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში და ძლიერი პროგნოზები წარადგინა.
Supermicro-ს უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა წინასწარი შედეგები, ამიტომ მეორე კვარტლის ფინანსური მონაცემები გასაკვირი არ იყო, მაგრამ მენეჯმენტის პროგნოზებმა ცხადყო, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმით გამოწვეული კომპანიის სწრაფი ზრდა მიმდინარე წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.
2023 წლის დასაწყისიდან Supermicro-ს აქციები ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო. გასული წლის განმავლობაში მისი ფასი 246%-ზე მეტით გაუმჯობესდა.
გასულ კვარტალში კი კომპანიის შემოსავალი წლიურად 103%-ით — $3.66 მილიარდამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა როგორც ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.06 მილიარდს, ასევე მენეჯმენტის თავდაპირველ მითითებებს — $2.7-$2.9 მილიარდს.
მთლიანი მოგების მარჟა 18.7%-დან 15.4%-მდე შემცირდა, მაგრამ კორექტირებული მოგება თითო აქციაზე $3.43-დან $5.59-მდე გაიზარდა (პროგნოზი $4.93).
Supermicro-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ჩარლზ ლიანგმა განაცხადა: „ჩვენ ახალი პარტნიორების დამატებას განვაგრძობთ, ამასთან ამჟამინდელ საბოლოო მომხმარებლებს უფრო მეტი სურთ Supermicro-სგან“.
რაც შეეხება მომავალს, Supermicro-ს მენეჯმენტი მოელის, რომ მესამე კვარტალში შემოსავალი $3.7-$4.1 მილიარდს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EPS — $5.20-$6.01-ს (გასული წლის იმავე კვარტალში — $1.63). მთელი წლის განმავლობაში კი მოსალოდნელია, რომ შემოსავალი 104%-ით გაიზრდება და $14.3-$14.7 მილიარდს შეადგენს (პროგნოზი — $10-$11 მილიარდი).
Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $513.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $551.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $700.00-ს, ხოლო მინიმალური — $160.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 6 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
UPS
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, United Parcel Service-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ამანათების კომპანიის აქციების ფასი 8%-ზე მეტით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 10%-ით დაიკლო.
გასულ კვარტალში UPS-ის შემოსავალმა $24.9 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $25.4 მილიარდი), ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $2.47 (პროგნოზი — $2.46). გარდა ამისა, კომპანიის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წლის განმავლობაში შემოსავალი $92-$94.5 მილიარდს მიაღწევს, რაც ჩამორჩება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $95.57 მილიარდს.
„2023 უნიკალური და რთული წელი იყო“ — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, კეროლ ტომემ და აღნიშნა, რომ UPS-მა თავისი ბიზნესის ყველა სეგმენტში განიცადა მოცულობის, შემოსავლის და საოპერაციო მოგების შემცირება.
UPS-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შემდეგი კვარტალური ანგარიშის წარდგენისას განიხილავენ Coyote-ის სატვირთო მანქანების საბროკერო ბიზნესის დივესტირებას. კეროლის თქმით, ეს მიმართულება უაღრესად ციკლური იყო და შემოსავლების მნიშვნელოვანი ცვალებადობით ხასიათდებოდა.
გარდა ამისა, UPS-ის მენეჯმენტმა დივიდენდები $1.63-მდე გაზარდა და ეს ამ მაჩვენებლის მატების ზედიზედ მე-15 წელი იყო.
UPS-ის წარმომადგენლებმა ასევე ხაზი გაუსვეს კომპანიის მნიშვნელობას საცალო ლანდშაფტისთვის და აღნიშნეს, რომ 2023 წელს UPS-ის ამანათების 10%-ზე მეტი Amazon-თან იყო დაკავშირებული.
UPS-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $145.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $171.82-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $202.00-ს, ხოლო მინიმალური — $150.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი UPS-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 11 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
General Motors
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, General Motors-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ამერიკული საავტომობილო კორპორაციის აქციების ფასი თითქმის 8%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით გაუმჯობესდა.
გასულ კვარტალში GM-ის შემოსავალმა $43.0 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $38.66 მილიარდი), ხოლო EPS-მა — $1.24 (პროგნოზი — $1.16). კომპანიის საავტომობილო ბიზნესის თავისუფალმა ნაკადებმა (FCF) $1.3 მილიარდს მიაღწია. 2024 წლისთვის კი მენეჯმენტი მოელის, რომ FCF $8-$10 მილიარდს შეადგენს, ხოლო EPS — $8.50-$9.50-ს.
ნოემბერში GM-ის მენეჯმენტმა $10 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის დაჩქარებული გეგმა დააანონსა, რომელიც $6.8 მილიარდის აქციების დაუყოვნებლივ გამოსყიდვას გულისხმობდა. ამან კომპანიის აქციების რაოდენობა 1.2 მილიარდამდე შეამცირა. თუმცა მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ ეს მაჩვენებელი საბოლოოდ 1 მილიარდზე ნაკლები იქნება.
General Motors-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $38.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $46.63-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $95.00-ს, ხოლო მინიმალური — $27.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი General Motors-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 19 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.