გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის SoFi Technologies, McGrath Rentcorp, WillScot Mobile Mini, Philips და ZoomInfo.
SoFi Technologies
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, SoFi Technologies-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი საბანკო და ფინანსური ტექნოლოგიის (ფინტექ) კომპანიის აქციების ფასი 20%-ზე მეტით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 116%-ით გაუმჯობესდა.
2023 წლის მეოთხე კვარტალში SoFi-ის კორექტირებულმა შემოსავალმა წლიურად 35%-ით — $594 მილიონამდე მოიმატა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $571.83 მილიონი). კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) კი $0.04 შეადგინა (პროგნოზი — $0.0042). გარდა ამისა, SoFi-მ კვარტალში პირველად დააფიქსირა დადებითი GAAP (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) წმინდა მოგება — $48 მილიონი, ანუ EPS $0.02 იყო.
თუ კვარტალურ შედეგებს უფრო ჩავუღრმავდებით აღმოვაჩენთ, რომ SoFi-ის გასულ მეოთხედში თითქმის 585,000 ახალი წევრი დაემატა და ამ მაჩვენებელმა მთლიანობაში 7.5 მილიონს მიაღწია (წლიური ზრდა — 44%). კომპანიამ ასევე დააფიქსირა დეპოზიტების $2.9 მილიარდით ზრდა და მთლიანობაში ეს მეტრიკა 2023 წელს $18.6 მილიარდამდე გაუმჯობესდა.
„დეპოზიტების ზრდის შედეგად, ჩვენ ვისარგებლეთ სესხების დაფინანსების დაბალი ღირებულებით“ — განაცხადა SoFi-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ენტონი ნოტომ.
„კომპანიის დონეზე რეკორდული შემოსავალი განპირობებული იყო ჩვენი სამივე ბიზნეს სეგმენტის რეკორდული შედეგებით“ — დასძინა ნოტომ, „ჩვენმა არასაკრედიტო სეგმენტებმა (ტექნოლოგიური პლატფორმა და ფინანსური სერვისები) კორექტირებულ წმინდა მოგებაში რეკორდული — 40%-იანი წვლილი შეიტანა“.
რაც შეეხება მომავალს, SoFi-ის მენეჯმენტი მოელის, რომ წლის ბოლოსთვის კორექტირებული EBITDA-ს (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) მარჟა 30%-ს მიაღწევს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მთელი წლის GAAP მოგება $95-$105 მილიონს, ან თითო აქციაზე $0.07-$0.08-ს შეადგენს.
SoFi Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $9.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $9.30-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $15.00-ს, ხოლო მინიმალური — $3.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი SoFi Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
McGrath Rentcorp
გუშინ McGrath Rentcorp-ის აქციების ფასი თითქმის 11%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც B2B გაქირავების კომპანიის მენეჯმენტი WillScot Mobile Mini-ის მიერ გაკეთებულ შესყიდვის შეთავაზებას დათანხმდა. ეს უკანასკნელი არის ბიზნეს სერვისების პროვაიდერი, რომელიც სპეციალიზებულია ინოვაციურ და მოქნილ დროებით სივრცით გადაწყვეტებში. სიახლის შემდეგ მისი აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, WillScot Mobile McGrath-ის შესაძენად თითო აქციისთვის $123-ს გადაიხდის ნაღდი ფულით და აქციებით. ეს ფასი დაახლოებით 10.1%-იან პრემიას წარმოადგენს პარასკევს ბაზრის დახურვისას დაფიქსირებულ ფასთან შედარებით. მთლიანობაში შესყიდვის ღირებულება $3.8 მილიარდს აღწევს (მათ შორის არის დაახლოებით $800 მილიონის მოცულობის წმინდა დავალიანება).
„ეს კომბინაცია McGrath-ის მომხმარებლებსა და თანამშრომლებს აძლევს წვდომას პლატფორმაზე მუდმივი ზრდისა და წარმატებისთვის, ხოლო კომპანიის აქციონერებს უზრუნველყოფს უშუალო ფულადი ღირებულებით და ასევე მონაწილეობის საშუალებით გაერთიანებული კომპანიის აღმავალ პოტენციალში“ — თქვა McGrath-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯოზეფ ჰანამ.
მართლაც, McGrath-ის აქციონერები კომპანიის თითო აქციისთვის მიიღებენ $123-ს ნაღდი ფულით ან WillScot Mobile Mini-ის 2.8211 აქციას. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, McGrath-ის მოქმედი აქციების 60%-ის საფასური დაიფარება ნაღდი ფულით, ხოლო 40%-ის — აქციების საშუალებით.
გარიგებაზე თანხმობა უკვე განაცხადა ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭომ. თუ ვივარაუდებთ, რომ ის თანხმობას მარეგულირებლებისგანაც და McGrath-ის აქციონერებისგანაც მიიღებს, სავარაუდოდ, შეთანხმება 2024 წლის მეორე კვარტალში დაიხურება.
WillScot Mobile Mini-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $46.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $52.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $57.00-ს, ხოლო მინიმალური — $45.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი WillScot Mobile Mini-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Philips
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Philips-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სამედიცინო ტექნოლოგიების აქციების ფასი 5%-ზე მეტით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 64%-ით გაუმჯობესდა.
მეოთხე კვარტალში Philips-ის შემოსავალი წლიურად 3%-ით გაიზარდა და $5.47 მილიარდს მიაღწია, ხოლო EPS-მა — $0.44-ს (პროგნოზი — $0.58).
გარდა ამისა, Philips-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია შეწყვეტს ძილის აპნოეს მოწყობილობების გაყიდვას აშშ-ში მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ისინი მომხმარებლებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.
ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იუსტიციის დეპარტამენტის განკარგულების შესაბამისად, რომელიც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) წარმოადგენს.
Philips-ის მენეჯმენტმა თქვა, რომ კომპანია აშშ-ში არ გაყიდის ახალ CPAP ან BiPAP ძილის თერაპიის ან რესპირატორული მოვლის სხვა მოწყობილობებს, სანამ დადგენილების შესაბამისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ეს პროცესი 2021 წელს დაიწყო. ამ მოწყობილობებში, გარკვეული საწმენდი მასალების გამოყენებისას, პოლიესტერზე დაფუძნებული პოლიურეთანის ქაფი იშლება, რამაც მომხმარებლებში, FDA-ს წარმომადგენლების თქმით, კიბო და სხვა დაზიანებები გამოიწვია. მათი განცხადებით ამ მოწყობილობებთან დაკავშირებით არსებობს 100,000 საჩივარი და 385 გარდაცვალების შემთხვევა.
ZoomInfo
გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, ბიზნეს ინფორმაციის მიმწოდებლის — ZoomInfo-ს აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 39%-ით შემცირდა.
გუშინ დილით კლიენტებისადმი მიწერილ შენიშვნაში, Bank of America-ს ანალიტიკოსმა — კოჯი იკედამ ZoomInfo-ს აქციების სამიზნე ფასი $20-დან $25-მდე გაზარდა, რაც დაახლოებით 48%-იან პრემიას წარმოადგენს გუშინდელი მატების შემდეგაც კი.
ანალიტიკოსის აზრით, ZoomInfo არის საუკეთესო პლატფორმა გაყიდვების ზრდისთვის, რომელიც მომხმარებლებს უნიკალური ღირებულებით უზრუნველყოფს. კოჯი იკედამ ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში თითქმის 40%-ით დაცემის შემდეგ, ZoomInfo-ს აქციებს გაუმჯობესებისთვის დიდი სივრცე აქვს.
აღსანიშნავია, რომ ZoomInfo 2023 წლის მეოთხე კვარტლის და სრული წლის ანგარიშის გამოქვეყნებას 12 თებერვალს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, გეგმავს. მენეჯმენტი მოელის, რომ კვარტალური შემოსავალი სულ რაღაც 3%-ით გაიზრდება და $309-$312 მილიონს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EPS — $0.24-$0.25-ს.
ZoomInfo-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $17.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $20.69-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $25.00-ს, ხოლო მინიმალური — $14.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი ZoomInfo-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.