მონაცემთა საერთაშორისო კორპორაციის (IDC) წინასწარი მონაცემების მიხედვით 2023 წელს, ისტორიაში პირველად, Apple ჩინეთში სმარტფონების წამყვანი გამყიდველი გახდა.
IDC-ის განცხადებით, Apple-მა გასულ წელს ჩინეთის სმარტფონების ბაზრის 17.3% დაიკავა. iPhone-ის მწარმოებელს შედეგებით მოჰყვება Honor — ბაზრის 17.1%-იანი წილით, OPPO — 16.7%-ით, Vivo — 16.5%-ით და Xiaomi — 13.2%-ით. სმარტფონების სხვა ბრენდებმა კი ერთობლივად ჩინეთი ბაზრის დაახლოებით 19.1% დაიკავა.
„2023 წელს ჩინეთის სმარტფონების ბაზარზე Apple-ის ლიდერობა, განსაკუთრებით Huawei-ისგან განახლებული კონკურენციისა და სამომხმარებლო ხარჯების შემცირების ფონზე, iPhone-ის მწარმოებლის უზარმაზარ წარმატებას ნიშნავს“ — განაცხადა არტურ გუომ, IDC China-სთვის Client System Research-ის უფროსმა ანალიტიკოსმა.
გუომ დასძინა, რომ Apple-მა ამას მიაღწია თავისი მესამე მხარის არხებში საფასო აქციების დროულად განხორციელების წყალობით, რამაც მოთხოვნის სტიმულირება გამოიწვია.
გასული წელი რთული იყო ჩინეთის სმარტფონების ბაზრისთვის — ნელი ეკონომიკური აღდგენისა და მომხმარებელთა სუსტი განწყობის ფონზე, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბაზარზე გაყიდვების ყველაზე დაბალი მოცულობა დაფიქსირდა. 2023 წელს სმარტფონების მთლიანი მიწოდება ქვეყანაში წლიურად 5%-ით — 271.3 მილიონ ერთეულამდე შემცირდა.
თუმცა მონაცემთა საერთაშორისო კორპორაციის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს აღდგენის პოტენციურ ნიშნებს — მეოთხე კვარტალში მიწოდება წლიურად 1.2%-ით გაიზარდა და 73.6 მილიონი ერთეული შეადგინა.
ბაზარზე მდგომარეობის გაუმჯობესებამ და Apple-ის მიერ ჩინეთის ბაზარზე პირველი ადგილის დაკავებამ შეიძლება გააქარწყლოს ინვესტორების ეჭვები ამ ქვეყანაში iPhone-ის გაყიდვებთან და სხვა სმარტფონების მწარმოებლებისგან კონკურენციის გაძლიერების შესახებ.
გუშინ Apple-ის აქციების ფასი უმნიშვნელოდ — 0.17%-ით შემცირდა, თუმცა გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 48%-ით გაუმჯობესდა.
ანალიტიკოსების შეფასებები
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $194.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 32 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $203.52-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $150.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 32 ანალიტიკოსიდან 23-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.