გუშინ Google-ის მშობელი კომპანიის — Alphabet-ის აქციების ფასი დაახლოებით 1%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც უოლ სტრიტის ანალიტიკოსებმა, კომპანიის ფისკალური მეოთხე კვარტლის ანგარიშის წარდგენამდე, ნეგატიური კომენტარი გამოაქვეყნეს. გასული წლის განმავლობაში ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი დაახლოებით 59%-ით გაუმჯობესდა.
არის თუ არა Wall Street-ის მარჟის შეფასებები Alphabet-ისთვის „ზედმეტად აგრესიული?“
გუშინ დილით კლიენტებისთვის მიწერილ შენიშვნაში Evercore ISI-ის ანალიტიკოსებმა Alphabet-ის აქციებს გაყიდვის რეკომენდაცია მიანიჭეს. ისინი ამტკიცებენ, რომ უოლ სტრიტის შეფასებები კომპანიის მეოთხე კვარტლის საოპერაციო მარჟასთან და საოპერაციო შემოსავალთან დაკავშირებით „ზედმეტად აგრესიულია, ნორმალური სეზონური წინაღობების და Sunday Ticket-ის ხარჯების კვარტალური გავლენის გათვალისწინებით“. NFL Sunday Ticket არის პრემიუმ სპორტული პაკეტი, რომელიც მომხმარებლებს კვირაობით ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) რეგულარული სეზონის თამაშებს სთავაზობს.
მართლაც, ერთ წელზე მეტი ხნის წინ Alphabet-ის შვილობილმა YouTube-მა გააფორმა წელიწადში $2 მილიარდის ღირებულების შვიდწლიანი კონტრაქტი NFL-თან Google-ის YouTube TV-ზე ტრანსლაციის ექსკლუზიურ უფლებებით.
ამავდროულად, ახალი ამბები სულაც არ არის ახალი. გასული კვარტლის ფინანსური ანგარიშის წარდგენისას Alphabet-ის უფროსმა ფინანსურმა ოფიცერმა — რუთ პორატმა კონკრეტულად აღნიშნა, რომ მეოთხე კვარტლის შედეგებში NFL Sunday Ticket-ის შემოსავლების და კონტენტის შეძენის ხარჯები იქნება ასახული.
რას უნდა მოელოდნენ Alphabet-ის აქციონერები?
Alphabet-ის მენეჯმენტმა მეოთხე კვარტლის შემოსავლის, მარჟებისა და მოგების შესახებ კონკრეტული პროგნოზები არ წარმოუდგენია. ამის ნაცვლად, რუთ პორატმა აღნიშნა, რომ კონსოლიდირებული კომპანია განაგრძობს აგრესიულ ინვესტირებას იმ მნიშვნელოვანი პოტენციალის გათვალისწინებით, რომელსაც მენეჯმენტი ხედავს და, ამავდროულად, Alphabet განაგრძობს მომგებიანობის ზრდაზე ფოკუსირებას.
უოლ სტრიტის ანალიტიკოსთა უმეტესობა კი მოელის, რომ მეოთხე კვარტალში Alphabet-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 12%-ით — $85.26 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო EPS (მოგება თითო აქციაზე) 51%-ით მოიმატებს და $1.59-ს მიაღწევს.
არის თუ არა ეს პროგნოზები აგრესიული, გასარკვევია. ყველაფერს კი ცხადი მოეფინება 30 იანვარს, როდესაც Alphabet 2023 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსურ შედეგებს წარადგენს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $141.50-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $155.91-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $180.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 28-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.