გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Alibaba, AMD, Carrols Restaurant Group და Restaurant Brands International.
Alibaba
გუშინ ელექტრონული კომერციის ჩინური გიგანტის — Alibaba Group-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა, რადგან ჩინეთის ეკონომიკაში სისუსტის შემდგომი ნიშნები გამოჩნდა.
ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის შესახებ ოპტიმიზმის განახლების მიზნით, მთავრობამ 2023 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის შესახებ მოსალოდნელზე ადრე განაცხადა. ჩინეთის პრემიერმა — ლი ციანმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თქვა, რომ ეკონომიკა დაახლოებით 5.2%-ით გაიზარდა.
ცნობილია, რომ ჩინეთის მთავრობა ხშირად მანიპულირებს პოზიტიური ეკონომიკური მონაცემების ადრე გამოქვეყნებით და მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის მოსალოდნელზე ადრე გამოცხადება შეიძლება საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მცდელობა იყოს.
უფრო შემაშფოთებელი ჩანდა ის, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლება ინსტიტუციონალურ ინვესტორებს მოუწოდებდა, აქციები არ გაეყიდათ. თუმცა, როგორც ჩანს, ამ მოწოდებას საპირისპირო გავლენა აქვს.
გუშინ კონკრეტულად Alibaba-სთან დაკავშირებული რაიმე სპეციფიკური სიახლე არ გავრცელებულა, მაგრამ კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიის აქციები ჩინეთის ეკონომიკის მიმართ ძალიან მგრძნობიარე გახდა. Alibaba პეკინის მიერ ტექნოლოგიური სექტორის „დარბევის“ ცენტრში მოექცა, რაც, როგორც ჩანს, ნაწილობრივ გამოწვეული იყო Alibaba-ს დამფუძნებლის — ჯეკ მას უპატივცემულო კომენტარებით ჩინეთის ფინანსთა მინისტრების მიმართ.
მას შემდეგ Alibaba-ს ჩინეთის ეკონომიკის უფრო ფართო სისუსტესთან და რეგულაციების გავლენასთან უწევდა გამკლავება. მაგალითად, აშშ-ის მიერ ჩიპების ექსპორტზე დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო, Alibaba-ს მენეჯმენტმა გააუქმა კომპანიის ქლაუდ გამოთვლითი ერთეულის გამოყოფის გეგმა. გარდა ამისა, კომპანიამ დაკარგა ბაზრის წილი Pinduoduo-ს მშობელ — PDD Holdings-სთან კონკურენციაში.
Alibaba კვლავ მომგებიანი ბიზნესია და მისი შემოსავალი იზრდება. ტრადიციული შეფასების საფუძველზე, აქციები იაფად გამოიყურება — P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი დაახლოებით 10-ს შეადგენს. თუმცა ჩინეთის ოფიციალური პირების მხრიდან აქციების გაყიდვის წინააღმდეგ ზეწოლა სექტორზე გავლენას იქონიებს.
Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $69.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $120.85-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $150.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 74%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
AMD
გუშინ, ანალიტიკოსების პოზიტიური შეფასებების შემდეგ, ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიის — Advanced Micro Devices-ის აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ით არის გაუმჯობესებული.
გუშინ დილით AMD-ის აქციების სამიზნე ფასები სამმა ანალიტიკოსმა გაზარდა და ამ გადაწყვეტილებების მიზეზებად დასახელდა კარგი წარმადობა გრაფიკული დამუშავების ერთეულების (GPU) მიმართულებით და ბიზნესის დიდი სტიმული, რადგან ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმი ახალ ეტაპზე გადადის.
ყველაზე თავდაჯერებული ნაბიჯი გადადგეს ბრიტანული ბანკის Barclays-ის ანალიტიკოსებმა, რომლებმაც AMD-ის აქციების სამიზნე ფასი თითქმის გააორმაგეს — $120-დან $200-მდე გაზარდეს. Barclays-ში ამის მიზეზად დაასახელეს ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინტერესის კიდევ უფრო ზრდა, რისგანაც AMD-მ დიდი სარგებელი უნდა მიიღოს.
KeyBank-ის ანალიტიკოსები ჩამორჩებოდნენ Barclays-ის წარმომადგენლებს AI-ის მიმართ — მათ ჩიპების მწარმოებელი კომპანიის აქციებს $195-ის ტოლი სამიზნე ფასი მიანიჭეს და იწინასწარმეტყველეს, რომ წელს ვიხილავთ მოთხოვნის მნიშვნელოვან ცვლილებას. და იმის ფონზე, რომ AMD-ის MI300 ჩიპების გაყიდვები იზრდება, KeyBank-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს GPU-ს გაყიდვები $8 მილიარდს მიაღწევს.
Susquehanna Research კი იტყობინება, რომ GPU-ები იყიდება დაახლოებით MSRP-ით (მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული საცალო ფასით), რაც მიუთითებს მინიმუმ კარგ მოთხოვნაზე GPU-ებზე, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების გასამარტივებლად გამოიყენება.
AMD-ისთან დაკავშირებით ყველა სიახლე კარგი არ ყოფილა. Susquehanna Research-ის ანალიტიკოსებმა თავიანთ მოხსენებაში ხაზი გაუსვეს ნახევარგამტარების სექტორის სუსტ სეგმენტებს. საავტომობილო და სამრეწველო ნახევარგამტარული ჩიპების მყიდველები, როგორც ჩანს, კვლავ მარაგების მაღალი დონით ხასიათდება. ეს არ იქნება კარგი ფასისთვის. კომპიუტერის ჩიპებზე მოთხოვნა კი კვლავ დაბალ ნიშნულზეა. მობილური ტელეფონების ჩიპების მოთხოვნა მეტ-ნაკლებად დაბალია, სისუსტე აშკარაა ჩინეთში, რაც პირველ რიგში Apple-ის მიმწოდებლებზე ზემოქმედებს.
მიუხედავად ამისა, გუშინ ინვესტორებში რეზონანსი AI-სთან დაკავშირებულმა ამბებმა გამოიწვია. თუ, როგორც KeyBank-ში პროგნოზირებენ, AMD წელს $8 მილიარდის ღირებულების GPU-ებს გაყიდის, ეს იქნება უზარმაზარი სტიმული კომპანიის ბიზნესისთვის.
AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $159.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $146.97-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $105.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7.4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 33 ანალიტიკოსიდან 26-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Carrols Restaurant Group & Restaurant Brands International
გუშინ Carrols Restaurant Group-ის აქციების ფასი 12%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიას $1 მილიარდად შეიძენს Restaurant Brands International, პოპულარული სწრაფი კვების ქსელების — Burger King, Popees, Tim Hortons და Firehouse Subs — მფლობელი. თავის მხრივ, Carrols არის Burger King-ის ყველაზე დიდი ფრენჩაიზი, 1000-ზე მეტი ლოკაციით. ის ასევე ფლობს Popees-ის 60 რესტორანს.
2022 წლის ბოლოს, Restaurant Brands International-მა დაიწყო გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღება თავისი ბიზნესისა და ბრენდის აღორძინების მიზნით. კომპანიაში აღმასრულებლად დაინიშნა ჯ. პატრიკ დოილი, რამდენიმე წლის წინ Domino’s-ის ბიზნესში გარდატეხის შეტანაში მიღწეული წარმატების საფუძველზე. მან შეიმუშავა გეგმა, რომელიც რესტორნის ფუნქციონირების მოდერნიზებას და, სხვა საკითხებთან ერთად, სარეკლამო ხარჯების გაზრდას გულისხმობდა.
Carrols-ის შეძენის შემდეგ, RBI-ის მმართველი გუნდი აპირებს 600-მდე რესტორნის გადაკეთებას, რომლებიც მის „თანამედროვე იმიჯს“ არ შეესაბამება. ამას დრო და ფული დასჭირდება, მაგრამ კომპანიის მენეჯმენტი ხედავს მას, როგორც შესაძლებლობას, თავისი სტრატეგიული გეგმები წინ წაიწიოს. გაითვალისწინეთ, რომ აშშ-ში Burger King-ის დაახლოებით ყოველი შვიდი ლოკაციიდან ერთი Carrols-ს ეკუთვნის.
Restaurant Brands International-ის მიერ Carrols Restaurant Group-ის შეძენის ფასი თითო აქციაზე $9.55-ს შეადგენს, ამ მომენტისთვის კი კომპანიის აქციის ფასი $9.47-ია. ორმა ფირმამ შეთანხმებას უკვე მიაღწია. ახლა კი საჭიროა დასტური აქციონერებისგან და მარეგულირებლებისგან.
ამჟამად, Restaurant Brands International-ის ლოკაციების თითქმის 100% ფლობს და მართავს ფრენჩაიზები და მენეჯმენტი აპირებს, ამ ბიზნეს მოდელს დროულად დაუბრუნდეს. Carrols-ის პორტფელის ყველა ლოკაციის განახლებას შეიძლება ხუთი წელი დასჭირდეს, მაგრამ ამის შემდეგ, RBI-ის მენეჯმენტი მათი უმეტესი ნაწილის ფრენჩაიზებზე გადაყიდვას გეგმავს.
როგორც ასეთი, ეს შენაძენი არ წარმოადგენს RBI-ისთვის გრძელვადიან სტრატეგიულ ცვლილებას. მაგრამ ეს შეცვლის კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას გარკვეული დროით, რადგან რესტორნისა და ფრენჩაიზის გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავლებს მკვეთრად განსხვავებული მოგების მარჟები აქვს.
Carrols Restaurant Group-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $9.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 3 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $9.78-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $10.00-ს, ხოლო მინიმალური — $9.55-ს. საშუალო სამიზნე ფასი Carrols Restaurant Group-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 3 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Restaurant Brands International-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $76.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 22 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $82.05-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $90.00-ს, ხოლო მინიმალური — $65.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Restaurant Brands International-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 22 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.