ელექტრონული კომერციის ჩინური გიგანტი — Alibaba 2023 წელს განაგრძობდა წინაღობებთან ბრძოლას, რადგან ჩინეთის ეკონომიკაში იმედისმომცემი აღდგენა ვერ განხორციელდა. გარდა ამისა, კომპანია კარგავდა ბაზრის წილს PDD Holdings-სთან კონკურენციაში და ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა კომპანიის 6 დამოუკიდებელ ერთეულად დაყოფის გეგმა შეაჩერა ჩიპების ექსპორტზე აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო.
საბოლოოდ კი, გასული წლის განმავლობაში, Alibaba-ს აქციების ფასი 12%-ით შემცირდა. როგორც ქვემოთ ნაჩვენებ სქემაში ხედავთ, აქციებმა 2023 წელი ძლიერად დაიწყო, სანამ შემდგომში მდგომარეობა გაუარესდებოდა.
Alibaba კვლავ პრობლემების წინაშე დგას
გასული წლის დასაწყისში Alibaba-ს აქციების ფასი გაიზარდა. ამის მიზეზი იყო ჩინური კომპანიების აქციების გაუმჯობესება, რადგან ქვეყანამ ნულოვანი COVID პოლიტიკა გააუქმა. Goldman Sachs-მა ასევე გამოსცა შენიშვნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტს წინ უკეთესი პერიოდი ელოდა.
თუმცა კვარტალური ანგარიშის მოლოდინში, რომელსაც კომპანია გასულ თებერვალს წარადგენდა, აქციებმა, ხანმოკლე ზრდის შემდეგ, ვარდნა დაიწყო და ეს ტენდენცია გაგრძელდა, რადგან კვარტალური შემოსავალი, წინა მეოთხედთან შედარებით, 2%-ით შემცირდა. თუმცა EPS (მოგება თითო აქიაზე) 14%-ით — $2.79-მდე გაიზარდა, რადგან მენეჯმენტი ხარჯებს და ზრდის ეფექტიანობას აკონტროლებდა.
მარტის ბოლოს, აქციების ფასი აღდგა, რადგან Alibaba-ს წარმომადგენლებმა კომპანიის ექვს ბიზნესად დაყოფის გეგმის შესახებ განაცხადეს. Alibaba-ს დაყოფა იგეგმებოდა შემდეგ განყოფილებებად: 1. Cloud Intelligence Group — ქლაუდ გამოთვლების და ხელოვნური ინტელექტის ჩათვლით; 2. Taobao და Tmall — კომპანიის ელექტრონული კომერციის ბიზნესები, რომლებიც შემოსავლის უმეტეს ნაწილზეა პასუხისმგებელი; 3. ადგილობრივი მომსახურება, მათ შორის საკვების მიწოდება; 4. გლობალური ციფრული ბიზნეს ჯგუფი, რომელიც შედგება უცხოეთზე ორიენტირებული ელექტრონული კომერციის ბიზნესებისგან, როგორიცაა Lazada და AliExpress; 5. Cainiao Smart Logistics — კომპანიის ჩინეთში დაფუძნებული ლოჯისტიკური ოპერაციები; 6. The Digital Media და Entertainment Group, სტრიმინგის სერვისების ჩათვლით, როგორიცაა Youku.
მარტში დაფიქსირებული ზრდაც არამდგრადი აღმოჩნდა და მდგომარეობას ამძიმებდა აშშ-ის მიერ ჩიპების ექსპორტზე ახალი შეზღუდვების დაწესება.
ნოემბერში Alibaba-ს აქციების ფასი შემცირდა, რადგან კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Cloud Intelligence Group Alibaba-ს ბიზნესს აღარ გამოეყოფოდა. ინვესტორები მოუთმენლად ელოდნენ CIG-ის სპინოფს, ალბათ იმიტომ, რომ შემოსავლების ზრდის მხოლოდ 2%-იანი მაჩვენებლით ეს მიმართულება Alibaba-ს სხვა ბიზნესებს ჩამორჩება. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას Alibaba-ს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს აშშ-ის ექსპორტის კონტროლის ახალ წესებს და განაცხადეს: „ჩვენ გვჯერა, რომ ამ ახალმა შეზღუდვებმა შეიძლება მატერიალურად და ნეგატიურად იმოქმედოს Cloud Intelligence Group-ის უნარზე, ბაზარს შესთავაზოს პროდუქტები და სერვისები, ამასთან შეასრულოს არსებული კონტრაქტები. ეს კი უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს შედეგებსა და ფინანსურ მდგომარეობაზე“.
ბანკის — HSBC-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ უოლ სტრიტი CIG-ის სპინოფს Alibaba-ს აქციების ღირებულების გასაზრდელად აუცილებელ პირობად მიიჩნევდა.
რა ელის Alibaba-ს?
Alibaba-ს აქციების ფასმა კლება 2024 წელსაც განაგრძო და მდგომარეობის აღდგენა არც ისე ადვილი იქნება. ჩინეთის ეკონომიკა კვლავ სუსტია და კომპანია კარგავს ბაზრის წილს Pinduoduo-სა და Temu-ს მშობელ PDD Holdings-თან კონკურენციაში.
კარგი ამბავი ის არის, რომ, როგორც ჩანს, Alibaba-ს შემოსავლების ზრდის ტემპი უმჯობესდება. თუმცა რთული პერიოდის შემდეგ ინვესტორები უნდა დარწმუნდნენ, რომ კომპანიას შეუძლია, მდგრადი ზრდა გარე ფაქტორების ზემოქმედების გარეშე უზრუნველყოს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $72.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $120.85-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $150.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alibaba-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 68%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.