პარასკევს საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის UnitedHealth, Wells Fargo და Bank of New York Mellon.
UnitedHealth
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, UnitedHealth-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა. თუმცა, სავაჭრო დღის განმავლობაში, ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიის აქციების ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა.
2023 წლის ბოლო კვარტალში UnitedHealth-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 14%-ით — $94.4 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $91.93 მილიარდი). კორექტირებული წმინდა მოგება თითქმის იმავე ტემპით გაიზარდა და $5.8 მილიარდზე ოდნავ ნაკლები შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) $6.16 იყო (პროგნოზი — $5.99). GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილი მოგება თითო აქციაზე კი $5.83 იყო, რამაც უოლ სტრიტის პროგნოზს $0.17-ით გადააჭარბა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგები გამამხნევებელი იყო, ინვესტორები UnitedHealth-ის ხარჯებმა შეაშფოთა. როგორც შემოსავლებისა და მომგებიანობის მაჩვენებლების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ხარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ვიდრე ანალიტიკოსები მოელოდნენ, რადგან დაზღვეულთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინები და მასთან დაკავშირებული სერვისები აირჩია. ამაში ასევე წვლილი შეიტანა COVID-19 შემთხვევების ზრდამ.
კვარტალური ანგარიშის წარდგენისას UnitedHealth-ის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ კომპანია გააგრძელებს მიმდინარე სტრატეგიული კურსით სიარულს. აღმასრულებელმა დირექტორმა — ენდრიუ ვიტმა განაცხადა: „UnitedHealth Group 2024 წელს კარგად მომზადებული იწყებს, ეყრდნობა ძალისხმევას პაციენტებზე ზრუნვისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით, ამასთან, განაგრძობს ძლიერ და დაბალანსებულ ზრდას“.
UnitedHealth-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $521.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $592.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $675.00-ს, ხოლო მინიმალური — $480.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი UnitedHealth-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 18 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Wells Fargo
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, Wells Fargo-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ბანკის აქციების ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით არის დაკლებული.
კომპანიაში მოელიან, რომ წმინდა საპროცენტო შემოსავალი 7%-9%-ით დაბალი იქნება, ვიდრე 2023 წელს, რადგან, სავარაუდოდ, ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed), ინფლაციის შემსუბუქების ფონზე, საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს.
„ჩვენი ბიზნესის ეფექტიანობა რჩება მგრძნობიარე საპროცენტო განაკვეთებისა და აშშ-ის ეკონომიკის სიჯანსაღის მიმართ“ — განაცხადა Wells Fargo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ჩარლი შარფმა.
2023 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 2%-ით — $20.48 მილიარდამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $20.36 მილიარდს გადააჭარბა. შემოსავლის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო კორპორატიული, საინვესტიციო და კომერციული ბანკინგის ზრდამ. წმინდა საპროცენტო შემოსავალი 5%-ით შემცირდა დეპოზიტებისა და სესხების დაბალი ბალანსის გამო, მაგრამ ის ნაწილობრივ კომპენსირდებოდა მაღალი საპროცენტო განაკვეთების გავლენით.
Wells Fargo-ს წმინდა მოგებამ $3.45 მილიარდს მიაღწია, ანუ EPS $0.86 იყო (პროგნოზი — $0.97).
Wells Fargo-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ბოლო კვარტლის შედეგებზე ნეგატიურად იმოქმედა $1.9 მილიარდის მოცულობის გადასახადმა, რომელიც ფედერალურმა მარეგულირებელმა ბანკს დააკისრა და ასევე გათავისუფლებული თანამშრომლების კომპენსაციამ, რომელმაც $969 შეადგინა. მოგებას კი ხელი შეუწყო $621 მილიონის ოდენობით საგადასახადო შეღავათმა.
Wells Fargo-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $47.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $54.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $66.00-ს, ხოლო მინიმალური — $46.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Wells Fargo-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 18 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Bank of New York Mellon
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, Bank of New York Mellon-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ბანკის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში BNY Mellon-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 10%-ით — $4.31 მილიარდამდე გაიზარდა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $4.29 მილიარდი). განზავებულმა მოგებამ თითო აქციაზე 47%-ით — $0.33-მდე დაიკლო. კორექტირებულმა EPS-მა კი $1.28 შეადგინა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.87-ს.
ეს კორექტივები მოიცავს $752 მილიონის მოცულობის ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია Silicon Valley-სა და Signature Bank-ის გაკოტრების შემდეგ მარეგულირებლების სპეციალურ შეფასებასთან.
წმინდა საპროცენტო შემოსავალი 4%-ით გაიზარდა და $1.10 მილიარდს მიაღწია. ადმინისტრაციის მეურვეობის ქვეშ არსებული აქტივები (AUC/A) — მთლიანი აქტივების საზომი, რომლებისთვისაც ფინანსური ინსტიტუტი ახორციელებს ადმინისტრაციულ მომსახურებას და ამისთვის იღებს საფასურს — 8%-ით — $47.8 ტრილიონამდე გაიზარდა. ასევე 8%-ით მოიმატა მართვის ქვეშ არსებულმა აქტივებმა (AUM). ამ მაჩვენებელმა $2 ტრილიონს მიაღწია. ბანკის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ AUM-ზე დადებითად იმოქმედა მომხმარებლების შემოდინებამ და 2023 წელს საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებულმა ზრდამ.
BNY Mellon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $55.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $56.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $68.00-ს, ხოლო მინიმალური — $48.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი BNY Mellon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 14 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.