თუ ცხოვრებაში დიდი სიმდიდრის დაგროვება შეძელით, გამოდის, რომ დროისა და ფულის მართვის თვალსაზრისით რაღაცას სწორად აკეთებთ. თუ ვერ გამდიდრდით, მაშინ ალბათ გაინტერესებთ, როგორ აღწევენ ამ მიზანს სხვები.
დღეს სწორედ ამის გარკვევას შევეცდებით და მსოფლიოში უძრავი ქონების ერთ-ერთი უმდიდრესი აგენტის — გრენტ ქარდონეს მიდგომას განვიხილავთ.
თუ მის შესახებ ჯერ არ გსმენიათ გეტყვით, რომ გრენტი მონაწილეობდა შოუში — Undercover Billionaire, იგი ასევე არის New York Times-ის ბესტსელერის — If You’re Not First, You’re Last — ავტორი და, ამასთან, ატარებს სემინარებს. მისი რჩევა, რომელსაც დღეს განვიხილავთ, არა ფულის დაბანდებასთან, არამედ საკუთარი დროის სწავლაში ინვესტირებასთან არის დაკავშირებული. ზოგადად, როდესაც ინვესტირების შესახებ ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ტერმინი ჩვენი ცხოვრების მრავალ ასპექტს ეხება და მხოლოდ ფულთან არ არის დაკავშირებული.
გრენტი აღნიშნავს, რომ საუკეთესო რჩევა მან დედისგან მიიღო. დედის სიტყვები ასე ჟღერდა: „საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ თავში ჩადებული ინვესტიციაა“ — თავის სემინარში გრენტი ამას „47-ის წესს“ უწოდებს. აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის მოსაზრებას ემთხვევა.
გრენტის „47-ის წესი“ ასე აიხსნება: თუ კვირაში 40 საათს დაუთმობთ თქვენს საქმეს, მაშინ მინიმუმ 7 საათი (ან დღეში 1 საათი) საკუთარ თავში ინვესტირებისთვის უნდა გამოყოთ. დღეში ერთი საათი გრძელვადიან პერსპექტივაში უდიდეს შედეგებს მოგცემთ.
ახლა კი, მოდით, საკუთარ თავში ინვესტირების რამდენიმე გზა განვიხილოთ.
- ორიენტირდით განათლებაზე
თავის საუბრებში გრენტი აღნიშნავს, რომ წარმატებული მილიარდერები, როგორებიც არიან, მაგალითად, უორენ ბაფეტი და ბილ გეითსი, ყოველდღიურად დროს უთმობენ არამხატვრული ლიტერატურის კითხვას. შეგიძლიათ ყოველ საღამოს სამსახურის შემდეგ ან დაძინებამდე დრო დაუთმოთ თქვენთვის საინტერესო სფეროში ინფორმაციის გაცნობას.
მხოლოდ წიგნების კითხვა, ხშირ შემთხვევაში, საკმარისი არ არის, ამიტომ სხვადასხვა კურსზე დასწრება განიხილეთ. კომპანიები, როგორიცაა Pixar, თანამშრომლებს საშუალებას აძლევენ, სამსახურში კურსები ნებისმიერი სფეროს მიმართულებით გაიარონ. მაგალითად, Pixar-ის ბუღალტერს შეუძლია გაიაროს ხატვის კურსი, ან Pixar-ის მხატვარს შეუძლია შეისწავლოს ბუღალტერია. ამ კომპანიის მენეჯმენტი აცნობიერებს, რომ სხვადასხვა სფეროში ცოდნის მიღებას შეუძლია, თანამშრომლის პროდუქტიულობა და კრეატიულობა გააუმჯობესოს.
- იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე
იკვებეთ ჯანსაღად, ივარჯიშეთ, იზრუნეთ ძილის გრაფიკის მოწესრიგებაზე. ჯანსაღი დიეტა აუმჯობესებს თქვენი სხეულისა და გონების ფუნქციონირებას, ამასთან კომბინაციაში კი ვარჯიში დაგეხმარებათ, გაზარდოთ ენერგიის დონე ორგანიზმში და გახდეთ უფრო პროდუქტიული. გარდა ამისა, თქვენი ზოგადი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობა. ამ მიმართულებით საკუთარ თავზე ზრუნვის პრაქტიკა შეიძლება მრავალი სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს, როგორიც არის ახალი ჰობის აღმოჩენა, საკუთარი თავის უკეთ რეალიზება, პოზიტიურ ადამიანებთან კომუნიკაცია და ა. შ.
- ფოკუსირდით დროის მართვაზე
დაბოლოს, თქვენ კვირაში ეს შვიდი საათი უნდა გამონახოთ და ამ საკითხზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ. როდესაც მუშაობთ და ოჯახი გყავთ, შეიძლება თვითგანვითარებისთვის დროის გამოყოფა გაგიჭირდეთ. თუმცა, რაც უფრო დაკავებული ხართ, მით უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა.
დროის გამოყოფაში შეიძლება დაგეხმაროთ დილით ადრე ადგომა, ყველა ელექტრონული მოწყობილობის გამორთვა ან უბრალოდ ყოველდღიური გეგმის ხელახლა გადახედვა და მისი გაუმჯობესება, თუ ეს შესაძლებელია.
დასასრულს კი მოდით, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: „საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ თავში ჩადებული ინვესტიციაა“.